ბოლოთქმასავით:

 

ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ ერთი შეხედვით შეიძლება ბულვარული რომანის მსგავსი საკითხავი გვეგონოს (ქართულად იგი ეკატერინე ახვლედიანმა თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა 2012 წელს), იმდენად დიდი ადგილი ეთმობა მასში ობივატელური ყოფის ამსახველ სურათებსა და სექსს, მაგრამ ასე არ არის: მას ერთობ საგულისხმო მხატვრული იდეა უდევს საფუძვლად. რომანის მთვარი პერსონაჟი ქალის ცხოვრება დაღდასმულია რიგით ადამიანად დარჩენის სევდით (კინოვარსკვლავობის მწვავე სურვილს შეეპყრო, მაგრამ ვერ „გაქაჩა“). „რიგით ადამიანად დარჩენის სევდა“ – ეს არის თემა, რომელიც ხელოვნებაში იმ ეპოქამ მოიტანა, მოდერნის შემდგომ ხანად, ანუ პოსტმოდერნად რომ იწოდება. პერსონაჟის ზემოთ ნახსენებ შემოქმედებით წარუმატებლობასა და მის ტრაგიკულ აღსასრულს შორის პირდაპირი კავშირი არ ჩანს: ვერ ვიტყვით, რომ იგი ბრმა შემთხვევითობის მსხვერპლი არ არის (მით უფრო, რომ, მისივე მტკიცებით, უკვე შეგუებულია კიდეც ხელოვნების სარბიელზე იმედგაცრუებას), მაგრამ, მეორე მხრივ, არ გვტოვებს განცდა, რომ ეს აღსასრული კანონზომიერია. ამგვარი განცდა ეუფლება მთხრობელსაც. აქ საქმე გვაქვს ე. წ. პოსტმოდერნისტულ მგრძნობელობასთან, რომელსაც რაციონალური დისკურსი ვერ ჩაენაცვლება, რადგან ის, რასაც კატასტროფის ნამდვილ მიზეზად შევიგრძნობთ, არ გვევლინება მის ფორმალურ მიზეზად. ერთი მოვლენა (რიგით ადამიანად დარჩენის სევდა) აქ მხოლოდ „პოეტური აზროვნებით“ შეიძლება დაუკავშირდეს მეორეს (ავტოკატასტროფას ლეტალური შედეგით).

ეს ფრაზები, რომლებიც ახლა თურქი მწერლის რომანის მხატრული იდეის დასახასიათებლად მოვიმარჯვე, ერთხელ უკვე მაქვს გამოყენებული ნაირა გელაშვილის ზემოხსენებულ მოთხრობაზე საუბრისას ნაშრომში „ქართული პოსტმოდერნიზმი“ (პირველი პუბლიკაცია: გაზ. „არილი“, 18-24.06.1998, # 19 [111]).

იმის დასტურად, რომ ფამუქის რომანი მარტო სიუჟეტურად კი არ ჰგავს მასზე 24 წლით ადრე გამოქვეყნებულ „ჩვენებას“, არამედ მხატვრული იდეაც საერთო აქვს მასთან, ორიოდე ფრაგმენტს მოვიხმობ ქართველი მწერლის მოთხრობიდან და ამით დავამთავრებ. ამ სიტყვებს მამა წარმოთქვამს, ავტოკატასტროფაში დაღუპული შვილის ცხედართან მარტო დარჩენილი:

„ეგებ არც ისე შემთხვევით მომიკვდი, როგორც გარედან ჩანს. […] რაღაც სხვა გინდოდა, ვერ ისვენებდი, სხვანაირად მინდა ყველაფერი, მამიო, ეგრე იცოდი ხოლმე მთვრალმა, სხვანაირადო. რა იყო მაინც ეს სხვანაირი, რომ არ მესმოდა […], სხვანაირად უნდა ვცხოვრობდე, სხვანაირადო. […] ერთხელ მითხარი მთვრალმა, მამაჩემო, კაცი ისე უნდა ცხოვრობდეს, ვარსკვლავივით კაშკაშებდესო […]. ჩვეულებრივ გეოლოგად დარჩი“.

 

 

 

 

1 2 3