წინათქმასავით:

ავანგარდიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის განსხვავება კარგად ჩანს წარსულისადმი მათ დამოკიდებულებაში – წარსულის ავანგარდისტული სიძულვილი წარსულით პოსტმოდერნისტულმა დაინტერესებამ ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, წარსული ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში ბინადრობს ძირითადად. ამიტომაც სავსებით გასაგებია ავანგარდისტთა ზიზღი ბიბლიოთეკა-მუზეუმებისადმი: „ჩვენ გვსურს გავანადგუროთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები“, „წაუკიდეთ ცეცხლი ბიბლიოთეკის თაროებს!.. შეცვალეთ არხების დინება მუზეუმების დასატბორად!..“, – ქადაგებდა ფუტურიზმის მამამთავარი მარინეტი (ნოდარ ლადარიას თარგმანი).

პოსტმოდერნიზმი კი – წარსულის გამაცოცხლებელი და ინტერპრეტატორი – ამის საპირისპიროდ მძაფრ ინტერესს იჩენს ბიბლიოთეკა-მუზეუმებისადმი, უფრო სწორად – ბიბლიოთეკა-მუზეუმებში დავანებული იდუმალებისადმი – გავიხსენოთ უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ (1980), აკა მორჩილაძის „Maid in Tiflis“ (2007), შვეიცარიელი მწერლის გეროლდ შპეტის რომანი „Commedia“ (1980), რომლის მეორე ნაწილის სათაურია „მუზეუმი“, და, ცხადია, ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ (2008), რომელზეც ცოტა ვრცლად შევჩერდები.

ფამუქის ამ რომანის კითხვა რომ დავამთავრე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც ამისი მსგავსი ადრეც წამეკითხოს, მაგრამ ვერ გავიხსენე რას მაგონებდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის სახელოვანი მწერლის ეს თხზულება და ამაზე ფიქრს, მახსოვს, მალევე შევეშვი.

*

ერთხელ, ჩვენი საოჯახო რელიკვიების თვალიერებისას, ასეთი გარითმული ორტაეპედი მომივიდა თავში:

 

მე ისტორია ჩვენი ოჯახის

„გადამარჩინე!“ – მიხმობს, მომძახის.

 

ამას მალევე მოჰყვა ეს მრჩობლედიც:

 

ვათვალიერებ საოცარ საგნებს

(თან მათთვის რითმებს ვეძებ და… ვაგნებ!).

 

გაჩნდა ლექსის იდეა: უნდა ჩამომეთვალა საგნები, რომლებიც ჩვენი ოჯახის ისტორიასთან იყვნენ დაკავშირებული, და მომეძებნა მათთვის შეძლებისდაგვარად ორიგინალური და სახალისო რითმები. ფინალი როგორი უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე წარმოდგენა არ მქონდა. მთავარი ის იყო, რომ საგნების მეშვეობით მოგონებებსა და, შესაბამისად, ოჯახის ისტორიის ეპიზოდებს გავაცოცხლებდი აწ გარდასული ეპოქის თავისებურებებთან ერთად.

და აქ გამახსენდა ერთი ფრაზა ნაირა გელაშვილის მოთხრობიდან „ჩვენება“ (1984), რომელსაც სათაურის ქვეშ ფრჩხილებში ჩასმული „ანაბეჭდები“ უზის. იგი ადრეც მქონდა ციტირებული ერთ ესეში, რომელსაც „დაობლებული საგნები“ დავარქვი:

„საგნებზე ჩვენი ანაბეჭდებია, უნდა გავაცოცხლოთ“, – ვკითხულობთ „ჩვენებაში“.

ჰოდა, გავაცოცხლოთ!..

და აქ უეცრად მივხვდი რას მაგონებდა ფამუქის ზემოთ ნახსენები რომანი: ნაირა გელაშვილის „ჩვენებას“ მაგონებდა!

ორივე მათგანის მთავარი პერსონაჟი ავტოკატასტროფაში იღუპება და ორივენი (ქართველ მწერალთან – ვაჟი, თურქ მწერალთან – ქალი) თვითონ უზის იმ დროს საჭეს; ნაირა გელაშვილის პერსონაჟი იმას ემსხვერპლა, რომ დიდი სიჩქარით მიმავალმა მოულოდნელად გამომხტარ ბავშვს აარიდა მანქანა და თვითონ ხრამში გადაიჩეხა, ორჰან ფამუქის პერსონაჟმა კი ძაღლი დაინდო – ცხოველისათვის გვერდის ავლის პროცესში ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა; ორივე ამ პერსონაჟთან დაკავშირებულ საგნებს (ნივთებს) ნონსელექციის პრინციპით აგროვებს (ანუ – განურჩევლად აგროვებს ყველაფერს, მნიშვნელოვანსაც და უმნიშვნელოსაც) მთხრობელი პერსონაჟი, იგივე ავტორი, იმ მიზნით, რომ მაქსიმალური სიზუსტით შეძლოს კატასტროფის მსხვერპლის მიერ გავლილი ცხოვრების რესტავრირება, რათა იქნებ ამ გზით გამოიცნოს კანონზომიერი იყო ლეტალური ფინალი თუ შემთხვევითი. რაც მთავარია, ორივე მთხრობელი დამნაშავედ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ვერაფერი იღონეს ფატალური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად…

…გამოიკვეთა მიმავალი ლექსის კომპოზიციის სხვა დეტალებიც: ეპიგრაფად გამოვიყენებდი ზემოხსენებულ ციტატას ნაირას მოთხრობიდან, ხოლო ფინალში რაიმე საბაბით ვახსენებდი ორჰან ფამუქს, რათა მკაფიოდ მიმენიშნებინა, რომ სათაური (ჰო, მართლა: ამასობაში სათაურიც მოვიფიქრე – „საოჯახო მუზეუმი“) თურქი ნობელიატის რომანის სახელწოდების – „უმანკოების მუზეუმის“ – პერიფრაზია.

მოზრდილი ლექსი გამოვიდა – 92-სტრიქონიანი.

მას აქვე შემოგთავაზებთ, ოღონდ მანამდე გეტყვით, რომ ლექსი 2015 წელს გამომცემლობა „კალმოსანის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავაგზავნე და, მართალია, იგი უპრიზოდ დარჩა, მაგრამ კონკურსის მასალების კრებულში დაიბეჭდა იმავე წელს.

ლექსის ძირითად ტექსტს ახლავს რამდენიმე სქოლიო, სადაც სახალისო ფორმით განმარტებულია ზოგიერთი სიტყვა, და ეს სქოლიოებიც გარითმულია, რაც, ვფიქრობ, სავსებით შეესატყვისება იმ მანერას, რა მანერითაც ეს ლექსი არის შეთხზული – წერის პოტმოდერნისტულ მანერას.

 

1 2 3