საოჯახო მუზეუმი

 

ეგებ ფიქრები ჰაერში რჩება? ეგებ ნივთებზეც ილექებიან? (…)

საგნებზე ჩვენი ანაბეჭდებია, უნდა გავაცოცხლოთ.

ნაირა გელაშვილი, ჩვენება (ანაბეჭდები).

 

მე ისტორია ჩვენი ოჯახის

„გადამარჩინე!“ – მიხმობს, მომძახის.

ვათვალიერებ საოცარ საგნებს

(თან მათთვის რითმებს ვეძებ და… ვაგნებ!).

შეხედე ამ ძველ ფოტოაპარატს!

ხომ უნდა მოვლა? უნდა, აბა რა!

გაფერვა უნდა პაპის ნაქონ ხმალს,

დედის საათიც ელის დაქოქვას.

ბებოს სათითურს და ბებოს სადგისს

ერთად მივუჩენ აქ სადმე ადგილს.

ისევე ვუვლი პაპის პორტსიგარს,1

როგორც შვილების ნაქონ ორ ციგას.

ეს ნიკოლოზის ვერცხლის მონეტა?

(ასეთი ბევრი მომცა, ო, ნეტა!).

ბარე ორი და სამი ზეიმი

ახსოვს ვერცხლის თასს, სამუზეუმოს.

ეს ბზის ლარნაკი წარწერით – „Сочи“

ძალიან მიყვარს, ძალიან, очень!

ნუ გადავაგდებთ კონვერტს მარკიანს,

ნუ ვიტყვით: „აგი რაში მარგია!“ –

ინტერნეტი და მობილურები

შეიწირავენ ამას სრულებით.

აქ დავდებ მამის „გატავალნიას“,2

მტვერს მოვაშორებ, გავატან ნიავს.

კომპასები და ბარომეტრები…

(დიდ მოგზაურებს როდი ვედრები, –

გეოლოგ მამის დანატოვარი

გახლავთ ესენი, ამიტომ არი

ჩემთვის ძვირფასი ყველა მათგანი,

და ადრეცა მაქვს ბევრჯერ ნათქვამი:

ამ ხელსაწყოებს ვერ შეველევი –

მათ ეხებოდა მამის ხელები!).

რა სათევზაო ბადე გვქონია!

აუ, რა კარგი პატეფონია!

მამის წიგნები, მინერალები,

შეგროვებული დიდი წვალებით,

მამის ნაქონი შავი ნაბადი,

ჯაჭვი, რომლითაც ჯეკას ვაბამდი.

აქეთ მოიწი, მუყაოს ყუთო!

ვნახოთ რას მალავ! – ნახშირის უთოს!

მოდი, დავკიდებ ამ ძველ სურათებს

თაროსთან, რომლის გვერდით სურა დევს.

ადგილი უნდა კეთილ ტრანზისტორს!

(გახსოვთ რა ფასი ედო მას „იმ“ დროს?

თავისუფლებას გვაზიარებდა,

რომელიც უკვე იდგა კარებთან).

აი ხალიჩის ერთი ნაგლეჯი

(ძველ სილამაზეს ხანი აგრე სჯის!).

ავიღოთ ა’ ეს ძველი თუნგი და

ყანწების გვერდით დავდგათ, თუ გინდა.

ჩვენი როდინი და ქვასანაყი,

ანკესი, ბევრჯერ სიზმრად ნანახი.

ჩემი ნაყიდი ღია ბარათი,

საშვიდნოემბრო ზედ ჩანს პარადი.

დედის მედალი, მამის მედალი,

და თოვლის პაპა (კვლავაც მხნედ არი!).

კომკავშირელის, აი, „ზნაჩოკი“…

ხედავ ამ ხელჯოხს, დანით გაჩორკნილს? –

დედა ხმარობდა ამას ბოლო დროს,

თან ღიღინებდა: „Ушла молодость“.

„ხვანჭკარის“ ამ ბოთლს, ეტიკეტიანს,

ყანწებთან დავდებ, თუ დაეტია.

გობი და სუთი,3 ღომის ჩოგანი

(ამათ ვეღარ ცნობს ბევრი ჩვენგანი).

ვერ გადავაგდებ ვერც ამ ჩაიდანს

(გავკიცხავ, ამას სხვა თუ ჩაიდენს!).

გავრეცხავ კარგად ამ დიდ ჩემოდანს

(ზრუნავს ნივთებზე ვინმე ჩემოდენს?),

მერე ჩავაწყოთ მასში რუკები, –

ძველიც, ახალიც – ყველა უკლებლივ;

ბარემ ჭადრაკიც ჩავდოთ ამაში, –

ამით მასწავლა მამამ თამაში;

იქვე – ქვითრები და ბლოკნოტები

დავაბინაო, ვიდრე მოვკვდები;

გავუადვილოთ საქმე მკვლევარებს

და დავუტოვოთ CV-ც – მე ვარ ეს!

აქეთ კუთხეში დავდგამ სამოვარს

და, ნავთის ლამპავ, შენკენ წამოვალ…

რაჭული კოდი4 და ნაოთხალი5

სადღა წავიღო, ერთი მითხარი!..

ნეტა ისეთი მე მომცა ბინა,

ესენი კოხტად დამაწყობინა.

ნურავინ იტყვის – ფერებს ვამუქებ,

ძალიან გვიჭირს ქართველ ფამუქებს.

 

 


 

1  სიგარეტების ჩასაწყობია,

– განვმარტოთ მაინც, ასე ჯობია.

2 ტუშის კალმების ნაკრები გახლავთ,

აღარ იყენებს არავინ ახლა.

3 ღომის საზელი ჯოხი ერთგვარი, –

ვინც არ იცოდეს, სუთი ეგ არი.

4, 5 ესენი გახლავთ საწყაოები,

იხსენიებენ სხვა წყაროებიც.

 

 

1 2 3