ლონდონი, 1965 წელი, არსად ჩანს ბრიტანული გლამური და არისტოკრატია, არც კულტურული ჩაის სმა და არც მერი პოპინსი, ირგვლივ ყველაფერი მეამბოხე სულისკვეთების ახალგაზრდებს აქვთ ოკუპირებული, რომლებიც ქინქსს, მარვინ გეის, ჯეიმს ბრაუნს და ზი ჰუს უსმენენ, მშობლების და საზოგადოების მიმართ გაუცხოებულნი არიან და ცდილობენ, თვითდამკიდრების ახალი ფორმები გამონახონ. დღეს გავიხსენებთ  ინგლისური კინემატოგრაფის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფრანკ როდამის ფილმს – სახელწოდებით „კვადროფენია“.

ფილმი მუსიკალური ჯგუფის, ზი ჰუს ამავე სახელწოდების ალბომის კინოადაპტაცია გახლავთ და ალბათ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც როკენროლი კინოფირზე ავთენტურად და ამაღელვებლად გადაითარგმნა. თუმცა, არ გეგონოთ, რომ მიუზიკლზე მიდის საუბარი, კვადროფენია ჟანრულად ყველაზე ახლოს სოციალურ რეალიზმთან დგას, სადაც გაბრაზებული ახალგაზრდები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ნარკოტიკებსა და მუსიკას. როდამი ეგრეთწოდებულ სამზარეულოს ნიჟარის დრამატურგიას იყენებს იმისათვის, რომ ეპიკური როკ-ოპერა საინტერესო, სანახაობრივი და, რაც მთავარია, რელევანტური გახადოს.

და რაც შეეხება რელევანტურობას, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სამოცდაათიანი წლების მიწურულსაა გადაღბული, ხოლო მასში მოქმედება შუაგულ 60-ანებში  მიმდინარეობს,  პარალელებს დღევანდელობასთან თავზესაყრელად გაავლებთ. აგერ ბრიტანეთში სულ ცოტა ხნის წინ მარტოობის სამინისტრო შეიქმნა, იმენად მაღალია ახალგაზრდებში გაუცხოების და ნიჰილიზმის მაჩვენებლები. ან რაღა შორს წავიდეთ, ფილმში აღწერილი ახალგაზრდული გართობის ვნებები თბილისისთვისაც საკმაოდ ნაცნობი და ახლობელია.

 

 

 

1 2 3