ზი ჰუს კრეატიული ბირთვი, პიტ თაუნსენდი, რომლის დაწერილიცაა ალბომ კვადროფენიას კომპოზიციები, თავის მთავარ პერსონაჟს, ჯიმი კუპერს მემარცხენე იდეოლოგიის მატარებლად სახავს. ამავე პოლიტიკური ნარატივით ანვრცობს მის ოდისეას მშობლებთან, ფსიქიატრებთან, მეგობრებთან და მთლიანად საზოგადოებასთან. ფილმში ეს დეტალი ამოღებულია, რაც უკეთ მუშაობს იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად უშინაარსოა ყველა ის პროტესტი და ამბოხება, რომელიც პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული არაა. და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ნებისმიერ კულტურულ და გეოგრაფიულ ერთეულში, დემოგრაფიულ ჯგუფსა თუ კლასობრივ ურთიერთობებში.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, ფილმის ცენტრალური ფიგურა – ჯიმი არქეტიპული პერსონაჟია, ავატარია ნებისმიერი ქვეყნის უთვისტომო ახალგაზრდობისა, რომლის ცხოვრების მთავარი დრაივიც რეალობის შეცვლაა, მაგრამ არა პოლიტიკური ინსტრუმენტებით, არამედ სინამდვილისაგან გაქცევით, თრობით და მცირე კომუნის შექმნით, სადაც მიკუთვნებულობის ეფემერული შეგრძნება,  მსგავს, მაგრამ სხვა ინტერესების მქონე ჯგუფებზე აღმატებულობის  მცდარ წარმოდგენებს უქმნით, ილუზიას, რომ თითქოს პროგრესის ავანგარდში დგანან,  რაც, ადრე თუ გვიან, რასაკვირველია, ამ თვითშეფასებამდე დაიყვანება –  თურმე სინამდვილეში არაფერ ღირებულს არ განეკუთვნები. შედეგად გაჩენილი მრისხანება კი უმისამართო და სხვების მიერ ადვილად მართვადი ხდება. შესაბამისად, ჯიმი რამდენადაც თავისი დროის და სუბკულტურის შვილია, იმდენად შეიძლება მისი საყოველთაო განზოგადება და სხვადასხვა, მათ შორის ქართულ კონტექსტზე მორგებაც.

ფილმის საუნდტრეკები ცალკეულ დითირამბებს იმსახურებს, რადგან ლეგენდარული ზი ჰუს ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის კომპოზიციებს შეიცავს, კოსტუმების დიზაინერი სურვლის გაგიჩენთ რომ თქვენი გარდერობი პერსონაჟებზე ნანახ ტანსაცმელში გადაცვალოთ, მსახიობები კი თანაბრად გაგახსენებენ ჩვენი დროის როკვარსკვლავებს და ამასთან პოპკულტურულ იდენტობაში აღწერილ ლუზერებს. ერთი სიტყვით წინ ძალიან ამაღელვებელი სანსახაობა გელით, სავსე რეალიზმით, როკენროლით, მრისხანებით და ეგზისტენციალური მოგზაურობით, რომლის დასასრულიც აუცილებლად მიგიყვანთ საინტერესო ინტერპრეტაციებთან.

 

 

 

1 2 3