სურათში მრავალი კონფლიქტის კერა დაგხვდებათ, როგორც ხილული, ისე უხილავი, თუმცა მთავარი სიუჟეტური კოლიზია როკერების და მოდების სუბკულტურების დაპირისპირებაა. მოდები, ანუ მოდერნისტები, თანამედროვე მოდის სტილურ ტრენდებს სესხულობდნენ, ფერად კოსტუმებს და ვიწრო შარვლებს იცვამდნენ, სკუტერებით გადაადგილდებოდნენ და სოულს, არ ენ ბის და ბრიტანულ როკენროლს უსმენდნენ, როკერები ტყავის ქურთუკებით, ჯინსებით, მოტოციკლებით და კლასიკური როკენროლით იყვნენ გატაცებულები. აქ იწყებოდა და მთავრდებოდა მათ შორის განმასხვავებელი ფაქტორები და სწორედ ამ აბსურდულ ბინარობაში იკრეფდა ძალას კონფლიქტი.

არც კლასობრივი განსხვავება, არც პოლიტიკური შეუთავსებლობა, არც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური დაპირისპირებები, არა –  მუსიკა და ჩაცმის სტილი, სწორედ ამ მახასიათებლების გამო ბრიტანეთში არაერთი ჯგუფური შეტაკება წარიმართა და სოციოლოგების კვლევის საგანი გახდა, რასაც მორალური პანიკა უწოდეს და რაც მედიამ ისე შეფუთა, როგორც გიგანტური მასშტაბების ტრაგედია. არადა, რეალურად უკომპასო ახალგაზრდობა ცდილობდა საკუთარი ადგილი გამოენახა საზოგადოებაში, მუშათა კლასის ცხოვრებაში რაიმე ტიპის მღელვარება შეეტანა და საკუთარი ყოველდღიურობა საინტერესო გაეხადა. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ გააჩნდათ იდეოლოგია, რომელიც ფასეულებათა სისტემაზე იქნებოდა აღმოცენებული და ვერც პოლიტიკურად იაზრებდნენ,  რამ გამოიწვია მათი გაუცხოება და გაბრაზება, მთელი სასიცოცხლო ენერგია და ფიზიკური თუ გონებრივი რესურსი ეხარჯებოდათ იმაზე,  რომელი ნარკოტიკით გამოთიშვოდნენ რეალობას, როგორი ტანსაცმელი აერჩიათ და  რომელ კლუბში წასულიყვნენ გასართობად.

 

 

1 2 3