მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციუმის ყოველდღიურობა სულ უფრო შორდება რეალურ სამყაროს, რეალურ ინტერაქციებს, რეალურ ემოციებს და სულ უფრო მეტად ხდება მისი გაციფრულება, ტექნოლოგიაში ინტეგრირება. გაჯეტები და სოც ქსელები, არის ის „სასუნთქი აპარატი“, რომელიც ახალ ცხოვრებას აწყებინებს მომხმარებლად გადაქცეულ ადამიანებს. შესაბამისად, ურთიერთობები უფრო ხშირი და მჭიდრო ფიქსირდება სოც ქსელებში და მის ჩატებში, სოციალური სტატუსიც განისაზღვრება ფეისბუქ თუ ინსტაგრამ პროფილით და ძალაუნებურად იქმნება ახალი იდენტობა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტში და ხდება ავთენტური სუბიექტის ასლი. დღეისათვის ამ საკითხის ირგვლივ მრავალმხრივი მსჯელობა და გაანალიზების მცდელობები გვხვდება, როგორც აკადემიურ სივრცეებში, ისე ესეისტიკაში თუ კინოში. თუმცა, ყველაზე წარმატებული რეფლექსია, ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც არც სოციალური ქსელები არსებობდა, არც სმარტფონები და არც ინტერნეტი (იმ ფორმით, როგორითაც დღეს ვიცნობთ).ფილმი, რომელზე საუბარსაც ვაპირებ, არის გელით გრანდიოზული თავგადასავალი, რომლის მარშრუტიც გამოგზაურებთ პლატონის გამოქვაბულში, ფილიპ დიკის დისტოპიურ წესრიგში (თუ უწესრიგობაში) და ჟან ბოდრიარის თეზისებში. საუბარია გერმანული ახალი ტალღის ვუნდერკინდის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ეპიკურ ნაწარმოებზე, სახელწოდებით „სადენს მიერთებული სამყარო“.

ფილმი 1973 წელს ორ სერიან სატელევიზიო ნამუშევრად იქნა ნაჩვენები და მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე დავიწყებას მიეცა. ფასბინდერი პესიმისტური განწყობებით გვიხატავს ტექნოლოგიურ პროგრესში ჩაძირულ მომავალს, სადაც სუპერ კომპიუტერი სახელწოდებით სიმულაკრონი იქმნება, რომელიც ყალბ რეალობას აწარმოებს, მოდელირებულ სამყაროს, სადაც მცხოვრებმა ადამიანებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ მხოლოდ ექსპერიმენტის ნაწილს წარმოადგენენ, პროგრამული კოდის ერთობლიობას, რომელსაც მსხვილი კორპორაციის ბოსები და სახელმწიფო ჩინოვნიკები უკვეთავენ მეცნიერ ინჟინრებს.

რეჟისორი ტრილერის და დეტექტივის ჟანრული ელემენტების სინთეზით ფილმის ნარატივს პარანოიდალურ მრძნობელობას აძლევს, როდესაც ვირტუალურის და რეალობის სადემარკაციო ხაზს სულ უფრო ბუნდოვანს ხდის. სურათის დეკორაციები რეტროს და ფუტურისტული სტილის საოცრად მომხიბვლელი ნაზავია, რომელიც საგრძნობლად სესხულობს ვიზუალურ დეტალებს „ალფავილის“ და „2001 კოსმოსური ოდისეისგან“, მაგრამ საკუთარ ავტონომიურ ესთეტიკას ქმნის. კადრის სტრუქტურა თითქმის არასოდეს აღწერს ცარიელ მოქმედებას, კამერის ობიექტივი ეკრანულ გმირებს მუდამ სამომხმარებლო საგნების პარალელურად აღბეჭდავს, რითაც გამოსახეულებას მეტატექსტის სარჩულს მატებს. მთავარი პერსონაჟების ინტერაქციებს რეჟისორი მუდმივად სარკეების ფონზე აწყობს, რითაც იდენტობის პოლიტიკის და ობიექტური რეალობის არ არსბეობის შესახებ კომენტირებს.

 

 

 

1 2 3