სარკის დახმარებით შეგვიძლია საკუთარი გამოსახულება დავინახოთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი ობიექტური იმიჯი, სარკეში დანახული თავი არასოდესაა იმის იდენტური თუ როგორ გვხედავს სხვა. გამოდის წარმოდგენა საკუთარ თავზე არასოდესაა ობიექტური რეალობის აღმწერი და თუ არ არსებობს ობიექტური ხედვა, შეიძლება რომ ობიექტურობის ცნება არსებობდეს? თუ ყველაფერი სიმულაციაა? ჟან ბოდრიარი თავის ნაშრომში „სიმულაკრა და სიმულაცია“, რომელიც ფილმის გამოსვლიდან 8 წლის შემდეგ შეიქმნა, აყენებს თეზისს, რომ რეალობა აღარაა რეალობა. დისნეილენდი არსეობს იმისთვის, რათა დაგვაჯეროს, რომ ამერიკა არ არის დისნეილენდი და ნამდვილი ქვეყანაა. ციხეების არსბეობა მალავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ მის გარეთაც ტყვეობაში ვიმყოფებით. ჭარბი რეალობის შექმნით, იდეოლოგიური აპარატები ცდილობენ ადამიანები დააჯერონ, რომ არსებობს რაღაც ხელოვნურად შექმნილი და რაღაც ავთენტური, მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი სიმულაციური ბუნებისაა.

დღევანდელ რეალობაში ეს მოცემულობა კიდევ უფრო მძაფრ რეზონანსს იძენს, როდესაც ვირტუალური სამყარო არა კინემატოგრაფული თუ თეორიული, არამედ ყოველდღიურობის ნაწილია. ჩვენ ვქმნით საკუთარ ციფრულ ავატარებს, რომელიც ვიცით, რომ ავთენტური არაა, მხოლოდ ინტერპრეტაციაა, რითაც გვიმყარდება რწმენა, რომ თავად ნამდვილები ვართ. ვეცნობით ინფორმაციას, რომლის შინაარსიც ჩვენ განრისხებას, გაღიზიანებას ან თუნდაც აღფრთოვანებას იწვევს, შემდეგ კი ვიგებთ, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო, ფეიქ ნიუსი, თუმცა შემდეგ ვხედავთ, რომ სხვებმა ეს მარტივად დაიჯერეს. ანუჩვენი და მათი რეალობა შეიცვალა.

 

 

 

1 2 3