რვა თებერვალს ამერიკული კინოს ლეგენდის და პოპ კულტურის სახეხატის, ჯეიმს დინის, დაბადების დღე გახლდათ. ამის გამო, გადავწივიტე მისი ხანმოკლე ფილმოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენლის შესახებ დამეწერა, რომელმაც ჯეიმს დინს საკულტო სტატუსი სიცოცხლეშივე მიანიჭა.

ეიზენჰაუერის ამერიკა, გიგანტური გაფართოების სინემასკოპის გამოსახულება, სპორტული მანქანების მბზინავი ზედაპირები, მკვეთრი, თბილი ფერები, საშუალო კლასის ოჯახები, მშობლებისგან გაუცხოებული შვილები. ის, რაც აქამდე ფემინურ სენტიმენტებად მიიჩნეოდა, მასკულინურ ფორმებს იძენს, 50-იანების ამერიკულ კინოში მთავარ მელოდიად მელოდრამა იჭრება. ფსიქოანალიზი, არაცნობიერი სურვილების კვლევა და იმ დროისთვის ჯერ კიდევ პერვერსიული სურვილების ღიად გამოხატვა მეინსტრიმში გადმოდის, მოქმედებების ასეთ განვითარებას კი ორი დიადი რეჟისორი დირიჟორობს, დაგლას სირკი და ნიკოლას რეი. ჩვენ ამ უკანასკნელზე უნდა შევჩერდეთ, რადგან ჯეიმს დინი, როგორც მსოფლიო თინეიჯერული ნერვოზების და მღელვარების არქეტიპი, სწორედ ნიკოლას რეიმ შეუქმნა კინოსამყაროს.

რომ ჩამოვთვალოთ კინემატოგრაფული სახეები, რომლებმაც პოპ კულტურის შენებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს, იერარქიის სათავეებში აუცილებლად მოექცევა თეთრ მაისურსა და ხასხასა წითელ ქურთუკში გამოწყობილი ჯეიმს დინი. სწორედ ის წარმოადგენს მთელი ეპოქის და თაობის სახეს. მისი გამოჩენის შემდეგ ამერიკა აღარ იყო მხოლოდ ფრენკ სინატრა და დისნეი, ამერიკული ეკრანული სახეები გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ამეტყველდა, რადგან დინმა შექმნა პერსონაჟი, რომელიც ერთბაშად იყო რომანტიკული გმირი, ღირსეული მეტოქე ქუჩურ დაპირისპირებებში და ოჯახური ტრავმისგან ემოციურად მოწყვლადი მოზარდი. მთავარი ჰეროიკული პერსონაჟი კი, რომელიც ღიად ემოციების გამომჟღავნებას საკუთარ პრობლემებზე საუბარს და ცრემლებს არ ერიდებოდა, სენსაცია იყო ამერიკული კინოსთვის.

ფილმის დასაწყისში, ერთ ლოს ანჯელესურ ღამეს პოლიციის განყოფილებაში ჯეიმს დინის, ნატალი ვუდის და სალ მინეოს პერსონაჟბი ჯიმი, ჯუდი და პლატონი მოხვდებიან. სამივე თინეიჯერია. პირველი არასრულწლოვან ასაკში ალკოჰოლური თრობის გამო აიყვანეს, მეორე ღამით ქუჩაში მარტო შენიშნეს და გამომწვევი მაკიაჟის გამო სექს მუშაკი ეგონათ, მესამე კი ლეკვებისთვის თოფის სროლის ფაქტზე დააკავეს. თუმცა, ეს მათი ავთენტური ფსიქოპორტრეტები არ გახლავთ. ახალგაზრდები საკუთარი კულტურული იდენტობის და საკომუნიკაციო ენის ძიებაში არიან, ცდილობენ ახლად წამოჭრილ სოციალურ რიტუალებში გარკვევას და მათთან ადაპტირებას, ამისთვის კი მენტორული ფიგურა ჭირდებათ, რომელიც გზას გაუკვალავს მოულოდნელად შეჯახებულ სამყაროს კომპლექსურობაში. მათი საქციელი არა უზნეო ქცევა, არამედ საზოგადოების კონფორმულობის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

 

1 2 3