საკუთარი სექსუალობის აღმოჩენისას გაჩენილი დაბნეულობა, სოციალური ნევროზები, გაურკვევლობა საკუთარ თავსა და ირგვლივ არსებულ სოციალურ ნორმებს შორის ის საკითხებია, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან ზრდასრულობაში გარდამავალ, თვითგამორკვევის ეტაპზე. იქიდან გამომდინარე, რომ სამივე მთავარი გმირი დისფუნქციური ოჯახიდანაა, სადაც არ არსებობს ავტორიტეტული ფიგურა, ვინც მისაბაძ მაგალითს მიცემს, ვისი თანადგომის იმედიც ექნებათ და ვინც საჭირო დროს მათზე იზრუნებს, რიკის, ჯუდის და პლატონის ფრუსტრაცია სიბრაზედ ფორმირდება. აქ არც მშობლები ზრუნავენ შვილებზე, არც სახელმწიფო იჩენს განსაკუთრებულ მზრუნველობას საკუთარ მოქალაქეებზე. აღმზრდელობითი სამუშოები არცერთ ფლანგზე არ მიმდინარეობს, შედეგად კი ახალგაზრდები მიტოვებული რჩებიან თავის ინსტინქტებთან, ემოციებთან და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაცნობიერებულ სურვილებთან.

მშობლები ან ავტორიტარული კონტროლის ფორმებს იჩენენ და მაქსიმალურად ცდილობენ შვილების გაკონტროლებას, ან იმდენად უფუნქციონი არიან, რომ ვერანაირ დასაყრდენს ვერ აძლევენ მათ. მამის ფიგურა სურათში მთლიანად მოშლილია, რადგან რიკთან ეს უხერხემლო, ყოველგვარი ავტორიტეტისგან დაცლილი ფიგურაა, ჯუდისთან შვილის სექსუალური გამოღვიძების შიშით შეპყრობილი მშობელი, პლატონი კი საერთოდ მიტოვებული შვილია, რომელსაც საკუთარი მეეზოვე ზრდის. ამიტომ, სამივე მათგანი, როგორც 50-იანების ამერიკული კინო, ისე ფეთქდება და ცვლილებებს ითხოვს. მათ ამბოხებას რასაკვირველია გააჩნია სოციალური მიზეზებიც, მაგრამ უფრო მეტად ის პერსონალური და ეგზისტენციალური ხასითისაა.

ნიკოლას რეის ფილმში, როგორც ამ პერიოდის თითქმის ყველა ჟანრში, ფროიდიანული თემები მკაფიოდ იჭრება. სექსის და ძალაუფლების, მშობლების და შვილების ინტერაქციების, რასული შეპირისპირებების, მენეჯმენტის და მუშების ურთიერთობების დიქოტომიები ფართო მასებისთვის იძენს აქტუალობას, რადგან  აუდიტორიისთვის ეკრანზე მოძრავი მისაბაძი პერსონაჟები ამ ყველაფრის ეპიცენტრში ექცევიან. საბოლოოდ ვხედავთ, რომ ყველა ოჯახი ერთმანეთს გავს, იდილია არასოდესაა მუდმივი, ხოლო საპირისპიროდ, შეცდომები მუდამ განმეორებადია და ამასთან, ერთსა და იმავე შცდომებს იმეორებენ ჯერ მშობლები, შემდეგ კი უკვე შვილებიც. “მეამბოხე მიზეზის გარეშე” ამერიკის პოპ კულტურის ერთ-ერთი გიგანტური წარმომადგენელია, რომელიც სავსეა გამბედაობით, ძლიერი სენტიმენტებით და მგზნებარე სურვილით, დაგვანახოს გზა და გაგვიჩინოს პოზიტიური ცვლილებებისკენ სწრაფვის დრაივი.

 

 

1 2 3