დოქტორი რიჩარდსის სახე, რომელიც მოულოდნელად იბრიცება და იჭყლიტება და თაბაშირში ჩამოსხმულს ემსგავსება, იწოვს ყველა იმ სიტყვას, რომელსაც ფაქიზად იქამდე    ვარჩევ და ვამწკრივებ, ვიდრე სულ არ ვიცლები. ჩემი სიმპათიების, ანტიპათიებისა და იმედების მთლიანად გადაშლა და განგაშის გრძნობა, რომელიც ბოლოს მრჩება, ისაა, რაც ფსიქოზის დროს ყველაზე მეტად მზარავს და მაფრთხობს. არ შემიძლია! კატატონიის კიდევ ერთ შეტევას ნამდვილად ვეღარ გადავიტან.

„ჰალუცინაციები მაქვს.“  ვამბობ.

„რას ხედავ?“

რა მნიშვნელობა აქვს მაგას თქო,  მინდა ვკითხო, მაგრამ პირიდან სიტყვებს ვერ ვუშვებ.

„მეშინია. ხმა მიეცით? ყველანი დავიხოცებით. მიპასუხეთ. ასე წმენდენ მდინარეს“. მინდა ვუთხრა.

„გასაგებია,“ მეუბნება.

ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როდესაც რებეკა მეი-ჰუა გუო პოლკ ველიში, სადაც მე ვცხოვრობ, ევკალიპტის ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ზომებს თუ გავითვალისწინებთ, იმ ხეზე თავის ჩამოხრჩობა პატარა გოგონასგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ის ორმა მონადირემ იპოვა, რომლებიც ხის ქვეშ ისვენებდნენ. ვიდრე ზემოთ აიხედავდნენ, ორი ცალი ბზინვარე ფეხსაცმელი მათ  ზემოთ კარგა ხანს ეკიდა, ისე მაღლა, რომ თვითონ ვერ მიწვდნენ, რომ ბეკი მარყუჟიდან გამოეხსნათ, ან თოკი მაინც გადაეჭრათ.  ვიდრე პოლიციას და სახანძროს მოიყვანდნენ, გოგონა თოკზე თოთხმეტი საათი ეკიდა – ასე თქვა სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც მისი სხეული დაათვალიერა.

კარგად ვიცი, რომ ნებისმიერი ტიპის თხრობა, რომელიც მკვდარ გოგოს ეხება, მკვდარს ვერ გააცოცხლებს, ის მკვდრად რჩება –  ამ შემთხვევაში, მოჩვენებად, დროებით მაინც.   მოჩვენებების ნამდვილად მჯერა. მჯერა, რომ ცოცხალი ადამიანები გარკვეულ ენერგიას დაატარებენ, რომელიც ატომებისგან, მოლეკულებისგან, უჯრედებისა და ორგანოებისგან შედგება, და იმ ენერგიის ნაწილი  ჰაერში მაშინაც რჩება, როცა ვკვდებით. ზოგჯერ ეს ენერგია იშლება და სხვა სახის ენერგიას ქმნის, როგორც ამას ბუდისტური რწმენა ქადაგებს და რეინკარნაციას უწოდებს, და ზოგჯერ კი არ იცვლება და ისეთივე რჩება, როგორიც სიკვდილამდე იყო.

როგორც ტაროს არაპროფესიონალმა მკითხავმა, ბეკის სახელზე კარტი ამოვიღე იმ დღეს, როცა ის იპოვეს. ის კარტი არც სამყარო იყო, არც ბედის ბორბალი –  ცხრა მახვილი ამოვიდა: სასოწარკვეთა და კოშმარი. წლების განმავლობაში ვხედავდი სიზმარს,  სადაც მე ვიყავი ხეზე ჩამოხრჩობილი და ხალხი  ქვემოდან შემომცქეროდა, ბავშვები კი მიმღეროდნენ. ეგზოტიკური შავბუსუსებიანი ჭიაყელასავით ვეკიდე ხეზე და ვიკლაკნებოდი, ხოლო როცა ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობდი,  ყველა დამცინოდა.  მათ შორის თავისუფლად შეიძლებოდა ბეკის მკვლელიც ყოფილიყო.

რადგან მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფლად დასეირნობდა, საიდან მეცოდინებოდა, ვინ იყო ის, ვინც ბეკი ჯერ მოკლა და მერე ხეზე ჩამოკიდა. არ ვიცოდი, რატომ ან როგორ მოკლა ბეკი, ან როგორ შეიძლებოდა, პატარა გოგონას მკვლელობას რაიმე მიზეზი ჰქონოდა!  ამიტომ, ვარჩიე, მუდამ თავდახრილს მევლო, რომ ცუდად არავის შევჩეხებოდი. თუ მკვლელობის მიზეზი მისი რასა არ იყო, მაშინ, როგორ იტყვიან, შემეძლო თავისუფლად მესუნთქა, მაგრამ ამაში დარწმუნებული როგორ უნდა ვყოფილიყავი?

„ჩვენ, გუოს ოჯახი, მოვითხოვთ იმ ხის მოჭრას, რომელზეც ჩვენი ქალიშვილი რებეკა ჩამოახრჩვეს.  გაუსაძლის ტკივილს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ ის ევკალიპტი ისევ იქ დგას და მის სიკვდილს გვახსენებს.“ – ბეკის მშობლებმა პოლკ ველის  მერის სახელზე წერილის დაწერა მე მთხოვეს, რადგან უნდოდათ, წერილი გამართული ინგლისურით ყოფილიყო დაწერილი, ხოლო თავად კი ამას ვერ მოახერხებდნენ.  ცოცხალი რომ ყოფილიყო, ბეკი წერილს თვითონ დაწერდა. რადგან წერილი მე თვითონ დავწერე, დანამდვილებით ვიცი, რომ მშობლები ბეკის სიკვდილის ადგილას მემორიალური დაფის დადგმას არ ითხოვდნენ. ისედაც იცოდნენ, რომ მერია მათ ამაზე უარს ეტყოდა, მეც ვიცოდი და მათ უსიტყვოდ დავეთანხმე.

ბატონი და ქალბატონი გუო ჩემთან ნაშუადღევს მოვიდნენ, როდესაც სახლში მარტო ვიყავი და დახმარება მთხოვეს. მანამდე არასოდეს მინახავს ბეკის მშობლები ასე დაუდევრად ჩაცმული. მე არც მანამდე მქონია ტკბილი ცხოვრება, მაგრამ მაშინ პირველად ვნახე სევდისგან ასე დამძიმებული  ადამიანები.

როდესაც მოსვლის მიზეზი მითხრეს, თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან, წესით, წერილი კომპიუტერში უნდა დაწერილიყო, რომელიც, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა, მაგრამ ბეკის მშობლები ისე იყვნენ მწუხარებისგან გატეხილი, რომ სასწრაფოდ დავთანხმდი და შინ შემოვიპატიჟე, თან გონებაში ჩვენს ბინაში უწესრიგობა გადავათვალიერე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩემში ბეკი არ დაენახათ, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდნენ. მე ბეკის არაფერი მიგავდა – ის მრგვალსახიანი იყო და  შესაშური სქელი ქუთუთოებიც ჰქონდა, და მაინც, შედარება რატომღაც გარდაუვალი იყო და ისინი თავისდაუნებურად, თვალს ვერ მაშორებდნენ. მე ჩაი შევთავაზე, მაგრამ ბეკის მშობლები სიცარიელეს მიშტერებოდნენ.  მერე შეთავაზება მანდარინის ენაზე გავიმეორე და ქალბატონმა გუომ თავი ნელა აწია.

„მანდარინზე ლაპარაკობ?“ მკითხა.

„Hai hao,“ ვთქვი მე, „ცოტას ვახერხებ, მაგრამ კარგად არ ვიცი.“

„მინდოდა, ბეკისთვის მესწავლებინა, მაგრამ ის მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა.“ მითხრა ქალბატონმა გუომ ინგლისურად.

მე სამზარეულოში გავედი ჩაის მოსაძებნად, მაგრამ გამახსენდა, რომ ზუსტად წინა დღეს დაგვიმთავრდა, მე კი დედასთვის ახლის საყიდლად ფული არ გამომირთმევია. დიდი ბოდიში მოვუხადე ბატონ და ქალბატონ გუოს, ავუხსენი, რომ ჩაი დაგვიმთავრდა და წყალი შევთავაზე.  მეგონა, გული გამიჩერდებოდა, არ ვიცი, რისი მეშინოდა, ალბათ იმისი, რომ ისინი მწუხარებას ისე დაატარებდნენ, როგორც ინფექციურ დაავადებას.

ბატონ გუოს უნდოდა, ჩემთვის წერილის დაწერის საფასური გადაეხადა და მიუხედავად იმისა, რომ მე ფული არ მქონდა და ჩემი მშობლებიც მუდმივად იმაზე წუწუნებდნენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ და მაინც ღატაკები ვიყავით, უარი ვუთხარი ოცდოლარიანის აღებაზე. მათი წასვლის შემდეგ რამდენიმე საათი სახლში სიკვდილის სუნს ვგრძნობდი. სიკვდილი იყო უფერო და ცარელა, მკვდარი ფოთლებივით ხმელი. ყველა ფანჯარა გამოვაღე, და თხუთმეტი წუთით ყველა ვენტილატორი ჩავრთე. ზაფხული იდგა და გარედან ხალხის ხმა შემოდიოდა. საძინებელში შევედი და მათემატიკის დავალების წერა დავიწყე. ბეკის მშობლები სახლში წავიდნენ და დარწმუნებული ვარ, დიდი გულმოდგინებით გადაწერეს წერილი კომპიუტერში, ვიდრე მერს გაუგზავნიდნენ. დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, ის ფული უნდა ამეღო თუ არა, თუმცა, მერე თავი დავირწმუნე, რომ სწორად მოვიქეცი.

როდესაც პოლიციამ დანაშაულის ადგილს ლენტი მოაცილა, ევკალიპტთან მივდიოდი, ხელს ვადებდი, მერქნის ქვეშ სითბოს ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ის ცოცხალი იყო და სუნთქავდა.  ყოველ მისვლაზე ველოდი, რომ მის ნაცვლად მხოლოდ კუნძი დამხვდებოდა, მაგრამ არა, ის კვლავინდებურად აშრიალებდა ფართოდ გაშლილ ტოტებს  და მახსენებდა ყველა გვამს, რომელიც მასზე შეიძლებოდა ჩამოეკიდათ.  ხესთან ყოველთვის ეწყო თაიგულები –  ორი ან სამი, წითელი ვარდები და შროშანები. როცა გამახსენდებოდა, ყვავილები მეც მიმქონდა ხოლმე. ახლა ალბათ, ყვავილები აღარ მიაქვთ, აღარც მე მივდივარ ხესთან და ბატონ და ქალბატონ  გუოსთან შეხვედრასაც გავურბივარ. იქნებ გულქვა ვარ, მაგრამ თუ მინდა, ვიცოცხლო და დედას მივხედო, თავი ბეკისგან რაც შეიძლება შორს უნდა დავიჭირო, რადგან დღემდე უცნობია, ვინ მოკლა ის, და თუ მასთან ახლოს დავრჩები, შიში შემჭამს.

 

1 2 3 4