ბეკი გუო, არ გინდა მეთამაშო?

არ შემიძლია, ამბობს ბეკი, ხეზე ვკიდივარ.

ბეკი გუო, ბეკი გუო, მოდი, თმას ჩაგიწნი.

არ შემიძლია, ამბობს ბეკი, მე უკვე მოვკვდი.

ბეკი გუო, ბეკი გუო, სად ხარ დღეს?

აქ ვარ, ამბობს ბეკი, და აქ დავრჩები, ვიდრე შურს არ იძიებ.

 

ფეხის თითები მეყინება, როცა ველბრუკის ფსიქიატრიული საავადმყოფოში შევდივარ. შეხედვა არც მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ ფეხსაცმელსა და წინდებში გამომწყვდეული ფეხები ისე გამილურჯდა, თითქოს სისხლი აღარ მიეწოდებოდეს. ეს შენობა ისეთი ძველი არ არის, რომ მოჯადოებული იყოს: ფორთოხლისფერი დალაქავებული ხალიჩა, არაჟნისფერი ჭერი. წამით თავში გაქცევის გეგმას განვიხილავ, ვიცი, ვერავინ შემაჩერებს, რადგან მაჯაზე არცერთი სავადმყოფოს სამაჯური არ მიკეთია. მაგრამ რადგან აქ მოსვლის პირობა დავდე, ახლა უნდა ვეცადო, არ შევდრკე. თუნუქის ძეწკვს ვაწვალებ და რეგისრატურასთან მივდივარ.  ქალი თავს წევს.

„რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ მეკითხება.

„ვენდი ჩანგი მქვია. 2 საათზე დოქტორ რიჩარდსთან კონსულტაცია მაქვს დანიშნული.“

„გასაგებია,“ ქალი კომპიუტერში რაღაცას ბეჭდავს. „გამომყევით,“  მეუბნება, რიგებად ჩარიგებულ კომპიუტერებთან მივყავარ და ერთ-ერთის წინ მსვამს.

„აი, ეს კითხვარი შეავსეთ, ძალიან მარტივი შესავსებია, მაგრამ თუ შეკითხვა გაგიჩნდებათ, აუცილებლად მკითხეთ.“ და მერე ამატებს: „იცით, ძალიან მომწონს თქვენი თმა.“

ხელს თავზე ვიდებ, თითქოს თმის მდებარეობას ვამოწმებ.

„მომწონს, რომ ასეთი შავი და გრძელი გაქვთ.“ აზუსტებს ის. „მშვენიერია. აზიელ ქალებს შეღებილი თმა არ უხდებათ.“

ის თავის ადგილს უბრუნდება, მე კი სკამზე ვჯდები და ჩემს წინ ეკრანის შუაგულს ვაკვირდები:

„გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს ბოლო ორი კვირის შესახებ“:

ხელს დაბრუნების ღილაკს ვაჭერ. ეკრანზე ოთხი სავარაუდო პასუხი ჩნდება.

  1. „თავს სევდიანად არ ვგრძნობ.“
  2. „თავს სევდიანად ვგრძნობ.“
  3. „მუდმივად სევდიანი ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.“
  4. „თავს ისე სევდიანად და უბედურად ვგრძნობ, რომ ვეღარ ვუძლებ.“

თვალს რეგისტრატურისკენ ვაპარებ, თითქოს იმ ქალს ჩემი დახმარება შეეძლოს, მაგრამ ის ტელეფონს ჩასჩერებია, ალბათ არჩევნების შედეგებს ამოწმებს. ეს კითხვარი რომ არ მქონდეს შესავსები, მეც ასე ვიქნებოდი. ქალის სახეს ვაკვირდები. ნეტავ, არჩევნებზე თუ იყო? ხმა ვის მისცა?

„გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს ბოლო ორი კვირის შესახებ. (დაბრუნების ღილაკით გადადით შემდეგ გვერდზე.)“

პირველივე შეკითხვა საგონებელში მაგდებს, რადგან აქ დეპრესიის გამო არ მოვსულვარ, ეს შეკითხვები კი აშკარად ჩემი მდგომარეობის შესაფასებლად  სჭირდებათ.  ადამიანმა, რომელიც დეპრესიაში არ არის, მაინც შეიძლება პასუხად „დიახ, თავს სევდიანად ვგრძნობ“ აირჩიოს და ამისთვის მილიონ მიზეზს დაასახელებს. ეს კითხვარი არჩევნებს რომ ეხებოდეს, ვუპასუხებდი „მუდმივად სევდიანი ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.“ ან „თავს ისე სევდიანად და უბედურად ვგრძნობ, რომ ვეღარ ვუძლებ.“ ორივე პასუხი გამოდგება იმისთვის, რომ ჩემი შინაგანი განწყობა გამოვხატო. ვინ ადგენს, რას ვუძლებთ და რას არა? ჩემი აზრით, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, გამოდის, რომ გავუძელი, ხოლო ჩემი ფსიქიატრი კი შეცდა და ეს კონსულტაცია და ელექროშოკური თერაპია ზედმეტია ჩემთვის. მეორეს მხრივ კი, ალბათ, თერაპიაზე თანხმობა იმიტომ განვაცხადე, რომ ხმებს და ხედვებს ვეღარ ვუძლებ.

რაც შეეხება დეპრესიას, სევდა ჩემი სიმპტომი არ არის და ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, პასუხად ავირჩიო „თავს სევდიანად არ ვგრძნობ.“  დიახ! მწამს, რომ ვიდრე ვსუნთქავ, ჩემთვის ეს სწორი პასუხი ვერასოდეს იქნება.

„ვენდი“ მესმის ხმა და ადილზე ისე ვხტები, რომ ლამის სკამიდან ვვარდები. ექიმია. ის თეთრკანიანია, რეგისტრატორივით, ჯონ ლენონის სათვალე უკეთია და მშვიდად იღიმება. სიმპათიურია, ოღონდ სექსუალური მნიშვნელობით არა, სატელვიზიო შოუში რაინდებს რომ თამაშობენ, იმათ წააგავს. თვალის კუთხით ჰაერში ჩამოკიდებულ შავ ბზინვარე ფეხსაცმელს ვხედავ, უნებურად იქით ვბრუნდები და შევყურებ არაფერს.

„უკაცრავად.“ ვეუბნები, ვცდილობ საკუთარ თავს დავემსგავსო.

დოქტორი რიჩარდსონი ჰქვია. ერთმანეთს ხელს ვართმევთ.

„ჩემთან წამოდით.“ მეუბნება.

დოქტორი რიჩარდსონს თავის არეულ კაბინეტში შევყავარ. სავარძელი, სადაც ვჯდები, უცხო სხეულებისა და შიშის სუნს უშვებს – ვცდილობ წარმოვიდგინო ისინი, ვინც აქ ჩემამდე იჯდა. ნეტავ, რამდენმა დაასრულა თავისი ვიზიტი თავის ქალის ელექტროშოკით.

„აბა, აქ რამ მოგიყვანათ?“ მეკითხება დოქტორი რიჩარდსონი.

„ბეკი გუო, ბეკი გუო, არ გინდა მეთამაშო?“

ამ შეკითხვისთვის მზად ვარ. ავტობუსში საკუთარ თავს თვალი გავუსწორე და ვუთხარი, რომ ჩემთვის  ჩემი მდგომარეობის შესახებ გულწრფელობა აუცილებელია მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შემზარავად შეიძლება ეს ჩანდეს ან რამდენი ამბავი მაქვს წაკითხული იმ ადამიანების შესახებ, ვინც ახალი მახსოვრობის შექმნის უნარი ვერ შეიმუშავეს.

– ოქროს თევზებივით. – ვუთხარი მაშინ დენისს, ჩემს ქმარს, რომელიც საავადმყოფოში სამსახურის გამო ვერ წამომყვა და ძალიან წუხს, რომ აქ ახლა  ერთად ხელიხელჩაკიდებული არ ვსხედვართ.

მე უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ დოქტორ რიჩარდს ჩემი სამედიცინო ისტორია ვუამბო და იმ პირველი ხმების შესახებ ვილაპარაკო, რომელიც პირველად ოცი წლის ასაკში გავიგონე. არჩევნები უფრო და უფრო მიღრმავებს სტრესს და მიმწვავებს ფსიქოზურ სიმპტომებს, რომელიც მედიკამენტოზების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა.

 

1 2 3 4