„ექიმმა რაო?“  მეკითხება დენისი.

ექიმი სულ გადამავიწყდა. „ისეთი არაფერი.“

გავჩუმდით. ორმოც შტატში საარჩევნო უბნები დახურეს, ხმის მიცემა დასრულდა.

„დათანხმდები?“

„არა მგონია.“

„გეშინია?“ მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო: დენისი რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად ასრულებს და მისი გაფაციცებული სათვალიანი სახე ტელეფონში ირეკლება. ვიდრე მე ფსიქოზის შეტევა მაქვს, ის სატელეფონო ბანქინგზე მუშაობს. წინასაარჩევნოდ კარდაკარაც კი დადიოდა სააგიტაციოდ, რაც ჩემთვის თავზარდამცემად ჟღერს, მაგრამ დენისი თეთრი სიმპათიური მამაკაცია, ოღონდ არაფერია მასში საშიში, ან, როგორც ამბობენ, მუქარის შემცველი – მე არასოდეს ვიყენებ სიტყვას „განიარაღება.“ მაგრამ მას სწორედ ეს გამოთქმა მოუხდებოდა – დენისს ყველას განიარაღება შეუძლია.

„ელექტროშოკის შესახებ წიგნი წავიკითხე. თერაპიის შემდეგ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები დამავიწყდება. სავარაუდოდ, შეიძლება მახსოვრობის აღდგენის პრობლემაც გამიჩნდეს. როგორც გავიგე, არავინ არ იცის  წესიერად, რა ეფექტი აქვს ელექტროშოკს. ვიღაცამ სახელად უგო ჩერლეტიმ გადაწყვიტა, ელექტრობა ტვინზე გამოეყენებინა, რადგან ითვლებოდა, რომ ეპილეფსია და შიზოფრენია რაღაც ანტაგონისტური მოვლენა იყო. თერაპიის დაწყების წინ, კრუნჩხვების შესამცირებლად ქაფურს იყენებდნენ, მაგრამ ქაფურმა იმხელა პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც ელექტროშოკმა.“

„ალბათობა დიდია, რომ მახსოვრობას დაკარგავ?“

„ზუსტად არ ვიცი, ასე თქვეს, შეიძლება დაკარგოო. შეიძლება არც დავკარგო. იქნებ მოვახერხო და ამ აზრს როგორმე უნდა შევეგუო.“

„პასუხი როდის უნდა უთხრა?“

„მგონი, მალე. “ უცებ გავაცნობიერე, რომ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ფრჩხილით თეძოზე  წითელ  X – ს განუწყვეტლივ ვიხატავდი. „დარწმუნებული ვარ, დოქტორი ჰოჩი მელოდება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავწყვიტო.“

დენისი მეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთან ერთად იქნება. მისი სიტყვები ხნეობით მავსებს, ზუსტად ის თქვა, რისი გაგონებაც ახლა მჭირდება.

ისევ ტვიტერს ჩავყურებ.  პირზე ყველას არჩევნები და აპოკალიფსი აკერია, და კიდევ, კანადაში გადაბარგება. ერთი კანადელი მწერალი ამბობს: „სადაც ჩვენ არ ვართ, იქ ყოველთვის უკეთესია.“ სამხრეთის სიღატაკის დაძლევის სამართლებრივი ცენტრი წინასაარჩევნოდ სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულების შესახებ იუწყება.  ერთ ჩემს მეგობარს ლაივი აქვს  ჩართული, ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ უყურებს„კასაბლანკას“ პირველად.  „კიდევ ვინ ფიქრობს, რომ ჰამფრი ბოკარტი ჯერომ სელინჯერს ჰგავს?“ კითხულობს ის. მე ვკითხულობ სტატიას, რომელშიც ლაპარაკობენ ამ კანდიდატის მხარდამჭერთა წინასაარჩევნო შეკრების შესახებ, სადაც ხალხი ერთხმად ყვიროდა „გამოკეტე ის ქალი ციხეში“.* ვკითხულობ  მუსლიმი მასწავლებლის შესახებ, რომელსაც უცნობმა დღისით-მზისით ქუჩაში ჰიჯაბი შემოახია. (სიცრუეა! იყო ერთ-ერთი კომენტარი.) ვკითხულობ ესეს, რომელშიც ლაპარაკია, თუ როგორ იცვლება ცხოვრება, როცა გაიგებ, რომ შენს უმცროს ძმას ტვინის სიმსივნე აქვს და მოთქმით ვტირი, მერე რა, რომ და-ძმა საერთოდ არ მყავს და ჩემს გარშემო  სასიკვდილოდ დაავადებული არავინაა.

„ღმერთო, ფლორიდა,“ ყვირის დენისი. „ფლორიდაში გავიდა.“

ტელევიზორს ცრემლიანი თვალებით ბუნდოვნად ვხედავ. ეკრანზე მისი  გაღაჟღაჟებული მასიური სახე ჩნდება წარწერით „ფლორიდა, 29 ხმა“ . ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ აშკარაა, რომ გაიმარჯვა.

„აქ ვარ,“ ამბობს ბეკი.

„ყველაფერი დამთავრდა.“ ვამბობ მე.

„მეც ასე მგონია.“ ამბობს დენისი.

„წავალ, დავიძინებ.“ ვეუბნები და დასაძინებლად მივდივარ. რაღაცას მპასუხობს.

აბაზანაში შევდივარ და სარკეში ჩემ სახეს თვალს ვარიდებ, რაც ჩემი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ონკანს ვხსნი და ცივ წყალს ხელს ვუშვერ. დიდხანს ვდგავარ, მანამდე, ვიდრე არ მავიწყდება, რას ვაკეთებ. არ ვიცი, ამის მერე რა უნდა გავაკეთო.

უცებ, ძალიან ხმამაღლა, გოგონა ჩემს სახელს ყვირის.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

 

 

1 2 3 4