„ელექტროშოკი ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც ქრონიკული დეპრესია აქვს, თუმცა, შიზოფრენიის შემთხვევაში, ნაკლებად ეფექტურია არასასურველი გვერდითი მოვლენების გამო. მათ შორის ყველაზე მძიმე, მეხსიერების დაკარგვაა, რაც, ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია, დარწმუნებული ვარ, ინფორმაციას მოიძიებდით. მოწინააღმდეგეები ამ მეთოდს იმიტომ ჰყავს, რომ მათ ეს გზა გაიარეს და ამისთვის მათ ვერავინ დაანაშაულებს, რადგან საკუთარი გამოცდილება მიიღეს. მაგრამ არსებობს  შიზოფრენიის რამდენიმე შემთხვევა, რომლის დროსაც ელექტროშოკი საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა, და თქვენი შემთხვევაც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ეს მეთოდი მაჩვენებია იმ პაციენტისთვის, ვინც შიზოფრენიითაა დაავადებული და თან ჰალუცინაციებიც აღენიშნება – როგორც თქვენ – სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები. რადგან თქვენი მკურნალობის დროს ატიპიურმა ანტიფსიქოტიკებმა არ გაამართლა, არც კლოზარილმა, და არც უფრო ადრეული თაობის ანტიფსიქოტიკებმა,  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელექტროშოკი თქვენი ტვინისთვის სტიმული იქნება, ვენდი, და იმედია, ყველა პროცესს მოაწესრიგებს.“

ვცდილობ, ექიმს სახეში არ შევხედო და მხოლოდ იმ სიტყვებზე ვიყო კონცენტრირებული, პირიდან რომ ამოსდის. ელექტროშოკისთვის მშვენიერი კანდიდატურა ვარ. ჩემი დაზღვევა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს. საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირა დავწვები და ელექტროშოკს ყოველ დილით გამიკეთებენ. ასე მუდმივად ექიმის დაკვირვების ქვეშ ვიქნები და შესაძლოა, სამსახურში მაშინვე დავბრუნდე.

„ბედის ბორბალი ცხოვრების წარმავალობის მანიშნებელია.“  ამბობს ის ნეიტრალური ხმით.

„ჯერ ჩემს მეუღლეს უნდა დაველაპარაკო.“ ვპასუხობ.

„სიტყვა „უმანკო“-ს ძირი ნიშნავს რომ თავისუფალი ხარ ტრავმებისა და ტკივილებისგან.“

„დაელაპარაკეთ.“ დოქტორი რიჩარდსი კომპიუტერს უბრუნდება.

პოლკ ველიმდე ავტობუსს ერთი საათი სჭირდება და მერე გზა საშუალო სკოლის პერიმეტრზე განთავსებულ საარჩევნო უბნამდე უსასრულოდ იწელება. სკოლა სლიმ ჯიმის მაღაზიის წინაა, სადაც სიგარეტს არასრულწლოვანებზეც ყიდიან. რიგში ოცდარაღაცა წლის კაცსა და უფრო ასაკოვან ქალს შორის ვდგავარ. თეთრკანიანი კაცი ტელეფონში იქექება, ქალს კი ცხვირზე გადაქექილი წითელი ქაუბოის ჩექმა აცვია. არ ვეკითხები, ვის აძლევენ ხმას. კარგად ვიცი, რომ კალიფორნია გალურჯებამდე მიდის.

„მე ვერ წავალ არჩევნებზე“, ამბობს ბეკი,  „მე უკვე მოვკვდი“.

დენისს ვწერ: „ექიმი ამბობს, რომ გაკეთება მაინც მომიწევს. შეიძლება, დაზღვევამ დამიფინანსოს.“

ორ წუთში მისი მესიჯი მომდის: „მოდი, სახლში ვილაპარაკოთ.“

სწრაფად ვათვალიერებ ტვიტერს და ვხედავ, რომ კაცი, რომლის გაპრეზიდენტებისაც მეშინია, თავის მომხრეებს მიანიშნებს, რომ საარჩევნო უბნებზე ხალხი კარგად გააკონტროლონ, განსაკუთრებით ფერადკანიანი ხალხი. რა თქმა უნდა, მას არასოდეს დასცდება სიტყვა „ფერადკანიანი“, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რასაც გულისხმობს. ტვიტერს ვათვალიერებ, ქალმა, რომელმაც ეს სტატია გააზიარა, გრამატიკული შეცდომებით სავსე თხუთმეტი გაცოფებული პასუხი მიიღო ისეთი ხალხისგან, რომლებიც ასეთი სახელებით დარეგისტრირებულან –  WhitelsRight19887, ან  ((Aryan Queen)).

„მუსლიმ ობამას სძულს ამერიკა, სამაგიეროდ გიჟდება ტერორისტიტებისთვის“

Aryan Queen-ს ავატარად ტეილორ სვიფტის ფოტო აქვს დაყენებული. ინდურ რესტორანში, სამზარეულოს დალაგებისას ჩემი ერთი თანამშრომელი, წითლად ღუოდა, როცა ამას მღეროდა:  “Don’t you see the starlight, starlight? Don’t you dream impossible things?”

როგორც იქნა, ჩემი რიგი აღწევს და დარბაზში შევდივარ, მოულოდნელად, სარეგისტრაციო მაგიდასთან, ქალბატონ გუოს ვხედავ და გაოცებისგან პირს ვაღებ. არასოდეს მიფიქრია, რომ ის სადმე მოხალისედ იმუშავებდა, მაგრამ იქნებ, მე მოხალისეობაზე ასეთი წარმოდგენა დედაჩემის გამო მაქვს, რომელიც დარწმუნებულია, რომ პოლქ ველიში მოხალისეობა ძალიან ამერიკული ჟესტია. რამდენიმე წელია, რაც მისის გუოსთან არ მილაპარაკია, ახლა თავის არიდება მინდა, მაგრამ მას სახეზე პომადიანი ღიმილი ეფურჩქნება და თავისკენ მიხმობს.

„ვენდი, სალამი.“ მესალმება. თავზე მოკლედ შეჭრილი აფუებული თმა ღრუბელივით  ადევს.

„გამარჯობათ.“

„თუ შეიძლება, თქვენი პირადობის მოწმობა მაჩვენეთ.“

„რა თქმა უნდა.“ მოწმობას ჩანთიდან ვიღებ, ის მართმევს და სიაში ჩემს გვარს ეძებს. „ხმას აძლევთ, როგორ მიხარია.“ მეუბნება. „თქვენ ისევ ისეთი ლამაზი ხართ.“

„დიდი მადლობა.“

„ხომ არ გათხოვილხართ?“

„დიახ,“ ვპასუხობ.“ დიახ, გავთხოვდი.“ და თვალწინ დენისი მიდგება. „შარშან.“

„რა კარგია.“ ამბობს ქალბატონი გუო. ფანქრით რაღაცა მონიშნა. „ჩვენ სან-ფრანცისკოში გადავდივართ. ერთ თვეში აქედან წავალთ.“

არ ვიცი, რა ვთქვა.

„არასოდეს დავივიწყებთ…მე და ბატონი გუო ყოველთვის მადლობელი ვიქნებით, რომ წერილის დაწერაში დაგვეხმარეთ.“

„რას ბრძანებთ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.“

Mei you guanxi.” ის თავისუფალ საარჩევნო ჯიხურზე მიმითითებს. „თავს გაუფრთხილდით, ვენდი.“

მას შემდეგ, რაც ცხედარი გამოიკვლიეს და აშკარა გახდა, რომ თვითმკვლელობა გამორიცხული იყო, ჩვენს ირგვლივ მაინც მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბეკიმ თავი მოიკლა.  რა გასაკვირია, რომ ხეზე ჩამოკიდებით დაასრულა სიცოცხლე შავ-ბნელი აზრებით იყო შეპყრობილმა უცნაურმა გოგონამ. ბეკი ტრადიციული გადმოსახედიდან, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო – JanSport-ის ფირმის ჩანთაზე Sex Pistols ემბლემა ჰქონდა დამაგრებული, თმაში კი მარწყვის ფერი ზოლი დასდევდა. ამას ჩვენს დასახლებაში მხოლოდ ჯადოქრობით ან სატანიზმით ხსნიდნენ, რაც, ბეკის მითიურ ელფერს სძენდა. მე ამის გაგონებაზე, თმა ყალყზე მიდგებოდა. სიკვდილის შემდეგ, ბოროტ ხალხს შეეძლო ბეკისთვის ნებისმიერი საზიზღრობა დაებრალებინა, ჩემთვის კი მთავარი იყო,  ცხოვრება გამეგრძელებინა.

როცა ცოცხალი იყო, მე ყოველთვის გავურბოდით ბეკისთან ერთად ოთახში ყოფნას. ერთ ოთახში ორი ჩინელი გოგო მეტისმეტი იყო, ასე მეგონა და ალბათ ბეკიც იმავე აზრზე იდგა, რადგან, თუ სადმე თვალს მომკრავდა, მაშინვე გარბოდა. როგორც წესი, ეს წვეულებებზე ხდებოდა ხოლმე, ზოგჯერ რესტორნებშიც, ერთხელ მუზეუმშიც მახსოვს, გალერეაში, სადაც ნახატები ჭრილობებს ჰგავდა.  რაც გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, ამის საფრთხე აღარ არსებობდა. სამაგიეროდ, ახლა დაუოკებელი სურვილი მაქვს, ველაპარაკო. მინდა მხოლოდ ერთი რამ ვკითხო – „შენც გეშინია?“ იმის გაცნობიერება, რომ მარტო არ ვარ, გულზე მალამოდ დამედებოდა.

მე და დენისს სახლში ტელევიზორი გვაქვს, სულ ცოტა ხნის წინ კი  უფასო საკაბელო ტელევიზია შემოვიყვანეთ და ან ფილმებს ვუყურებთ, ან დენისი ვიდეო თამაშებს თამაშობს. მე წინასაარჩევნო გადაცემები თავბრუს მახვევს და ვცდილობ, არ ვუყურო, მაგრამ ახლა, როცა სახლში შევდივარ, ახალი ამბები გადის. დენისი სავარძელში ზის და ტელეფონს ჩასჩერებია. სახეზე ტელევიზორის შუქი ეფინება. ჩანთას იატაკზე ვდებ, დენისს ვკოცნი და ტახტზე ვწვები. ჭერს ავყურებ. შეუძლებელია, სიმართლე იყოს, რასაც  ამ წამს წამყვანი აცხადებს.  სულ ახლახანს ამტკიცებდნენ, რომ  ამ კანდიდატს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი არ ჰქონდა, ახლა კი, 129 ხმით იგებს.

 

1 2 3 4