დედა არ შერხეულა, ფანჯრისთვის არ მოუშორებია თვალი, როდის – როდის ჩაილაპარაკა:

– დღეს ნუ ვიჩხუბებთ…

საბაბი მიეცა, თითქოსდა ამას ელოდაო:

– რატომ-ვითომ? მორწმუნე ხარ და ეს დღე რამეს ნიშნავს შენთვის?

პასუხი ამჯერადაც დაუგვიანა დედამ, ბოლოს თქვა:

– სამწუხაროდ – არა… არ არის აუცილებელი, მე დამემსგავსო…

– არც ვაპირებ! – კი არ თქვა, განაცხადა დეამ.

დედამ პირი აარიდა ფანჯარას, გამოხედა, სუსხმა გაუფხაჭნა ხმა:

– გაიზრდები, მერე შეგაწუხებს შენი სიტყვები! – ერთხანს იყუჩა და ისევ თქვა: – დეა… ძალიან გთხოვ, დღეს – არა!

„რამდენს ითმენს? რამდენს ითმენს?!“ – გული მოუვიდა დედამისზე და თავისთვისაც მოულოდნელად დაიწყო იმის მტკიცება, რომ მისთვის გაუგებარი და მიუღებელია, როცა არ სწამს და მაინც ინათლება, რომ გაუგებარი და მიუღებელია, როცა ვიღაცისგან დაწესებულსა თუ დაკანონებულს მისდევენ ბრმად, მხოლოდ იმისათვის, საყოველთაოდ ასე რომაა მიღებული და…

ანთისამ შემოაღო კარი, თეთრ მიტკალთან ერთად მოიყოლა გაფანტული, მკრთალი ღიმილი და იკითხა თავისებურად ანთისამ:

– ჩხუბობთ, ბეჩა?.. დღეს არ შეიძლება…

– და ესმის?! – თქვა დედამ და სამზარეულოში გააბიჯა.

– რა გჭირს, ბებო – მიუბრუნდა ანთისა დეას, – ის თუ გცდის!..

– ვინ მცდის? – დაიბნა დეა.

– არ მახსენებინო მისი დასაწვავი სახელი, ასე იცის იმ ვერაგმა… მოდი, ჩაგიბჟვნა გულში, დაწყნარდები, – ანთისამ ხელები გაიწვდინა დეასკენ.

დეა აერიდა ძიძას:

– არავინ მცდის და არც ვჩხუბობ; რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, სხვა – არაფერი! – ფანჯრისკენ დაიძრა დეა, იქვე გაყუჩდა.

ანთისა მიუახლოვდა:

– მომისმინე, ბებო, მომხედე აქეთ!

სანამ გახედავდა, იქამდე წარმოიდგინა ანთისას დაკვირვებული, შეშფოთებული გამომეტყველება, არ გამეცინოსო, – შეუძახა თავს, მერე გახედა:

– რა გინდა, ანთისა, არ ვჩხუბობ – მეთქი!

– აბა, რას აკეთებ, გაფიცებ ჩემს თავს?! – თქვა ანთისამ.

დეას გაეღიმა და ანთისას მოზღვავებული ყურადღება რომ აერიდებინა, როგორმე რომ შეეცვალა საუბრის თემა, მხოლოდ ამიტომ თქვა:

– მუცელი მტკივა ცოტა, სხვა – არაფერი, არ შეიძლება მუცელი მტკიოდეს?

– მუცელი მტკივაო?

– მაინც რანაირად გტკივა მუცელიო?

– ბებო, ბებო, დამადებინე ხელი მკერდზე? ძუძუკა არ გტკივაო?!

– არაფერი მტკივა! მოგატყუე, ანთისა! ოჰ, ღმერთო, რა დავაშავე!!! – გამწარებული, ნერვული სიცილი უკრავდა კრიჭას, ლამობდა სიტყვების ამოთქმას, მაგრამ ანთისას შეშფოთებული გამომეტყველება სიცილის ახალ, მძლავრ ნაკადად ეხლებოდა მის ნორჩ ბაგეებს, თვალები მოუწყლიანდა, გორავდა ლოგინზე, მუცელზე იჭერდა ხელებს, ყველაზე მეტად ის ამხიარულებდა და აცინებდა, ანთისას ყურადღების გასაფანტად რომ მოიტყუა და ამის შემდეგ რომ გაიგიჟა თავი ძიძამ:

– მუცელი მტკივაო?!

– რას ქვია, მუცელი მტკივაო? არიქა, საფენი ამოვდოთ ბაღანას, ეკლესიაში არ ვჭამოთ სირცხვილიო! – ფოფინებდა ანთისა, წუხდა დედაც და მერე დაითანხმეს.

ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, ანთისასა და დედამისს შორის ჩამდგარ დეას, პირველად ამოდებული საფენი ეხამუშებოდა და სიამოვნებდა კიდეც, – გაზრდილად, დაქალიშვილებულად გრძნობდა თავს, – ეს ართობდა, აამაყებდა, სურვილს უჩენდა, ესაუბრა რაღაც ისეთზე, ქალებს რომ სჩვევიათ ლაპარაკი, მაგრამ სახელდახელოდ ვერაფერი მოიფიქრა, მერე გაახსენდა ანთისასგან მოთხრობილი მითი და თქვა:

– წელს უქარო ნასესხებია, ფოთოლი არ იძვრის.

– აურევს, – დაბეჯითებით თქვა ანთისამ, – აუცილებლად აურევს; ნახავ, თუ არა!..

– დავნაძლევდეთ! – მიუგო დეამ და ხელი გაიწვდინა ძიძისაკენ.

– წააგებ, ბებო! – ხელს ხელი დაახვედრა ანთისამ.

 

1 2 3