ზამთარი. ხუთშაბათი. მენდელსონის საქორწინო მარში.

(ნაწყვეტი რომანიდან)

ერთოთახიანი ბინა შუშაბანდით იტალიური ეზოს პირველ სართულზე. შედარებით ნათელ შუშაბანდს სამზარეულოდ და სასადილო ოთახად იყენებდა ანთისა. დეას უყვარდა შუშაბანდში ჩამოჯდომა, როცა გამზრდელი ტრიალებდა გაზქურასთან, მისგან მომზადებული კერძებიც ეგემრიელებოდა და ანთისას მოგონილი სიტყვებიც, – იმ სიტყვებსაც დაჰკრავდა მძაფრი, მადისაღმძვრელი არომატი. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა „შებჟვნა“ იყო, რასაც მხოლოდ კერძთან მიმართებაში არა – ადამიანური ურთიერთობების გადმოსაცემად იყენებდა ეს მთასავით ქალი. – ტკბილად შევებჟვენით მე და ჩემი ცხონებული ქმარიო, – გაიხსენებდა ბესას და იქვე შეიძლება ეკითხა დეასთვის: – მითხარი, აბა, არ დამიმალო, ხარჩო კარგადაა შებჟვნილიო? – და დეაც ანთისას სიტყვებით მიუგებდა ანთისას: – იმისთანა შებჟვნილია, შებჟვნილის უნახავს გაგხდისო, – ჰოდა, იცინოდნენ მერე, უხაროდათ, საერთო ენა რომ მოიხელთეს, საერთო სიტყვებით რომ თამაშობენ, რადგან ეს მათი სიტყვებია, მათთვის გასაგები ენაა და ძალიან სახალისოა, როცა არსებობს ადამიანი, ვისთანაც საერთო ენა გაკავშირებს, – თქვენი სამყაროს ანი და ჰოე.

საფერშლოზე სასწავლებლად წამოვიდა ანთისა, ქალაქად წამოექანა და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში წამოიყოლა თავისი სოფლის წესი, ადათი, საქციელი, სიტყვა-პასუხი და კიდევ რაღაც, რასაც საგაზაფხულო ხვნაში გადატრიალებული მიწიდან ნაგრძნობი მომლაშო სურნელი დაჰკრავდა.

როცა ჩაეკვრებოდა ხოლმე გამზრდელს, მსუყე ღაბაბსა და თეთრ ყელს შორის გაჩენილი შეწითლებული ნაკეციდან გრძნობდა დეა მარილის სუნს, რაც მსუბუქ, სასიამოვნო თავბრუსხვევას გვრიდა და ძალაუნებურად, თავისთავად ახუჭინებდა თვალებს, რადგან იქიდან რეტისმომგვრელი სითბოც მოდიოდა, –  სურვილს რომ გიჩენს, შეენივთო, შეეყუჟო, შეეფუთფუთო, თუნდაც „შეებჟვნა“, ხელით იგრძნო ანთისას გაბუშტული ცხვირი, ანთისას კეფაზე სარჭებით დახვეული თმის ბუჩქში შეაცურო მეორე ხელი, ცხვირი კი იქ გქონდეს ჩარგული, იმ ნაკეცში, საიდანაც ასე ახლოს, ასე დაგულებულად გრძნობ ანთისას და რა-მერე, თუკი გიწყრება ამ დროს ანთისა: – რას შვრები, ბეჩა, ამსიგრძე თმას რა დამალაგებინებსო, – მერედა-რა, არც არაფერი, ეს გაწყრომა არაფერს ნიშნავს, ახალი თამაში დაიწყება მალე, სულ მალე, ანთისა იქვე მოილბობს გულს, შენ კი ანთისას გრძელი, ჭაღარაშერთული თმის ვარცხნას შეუდგები და ესეც ძალიან სახალისოა, – ანთისა თეთრი სავარცხლის მოტანას დაგავალებს, თმას ჩამოიშლის, სარჭებს გააწყობს მაგიდაზე და: – როგორც ამბურძგნე, ისე გამალამაზე ახლავე, შე მამაკოსო, სასწრაფოდ დამამსგავსე ქალსო, – გეტყვის, თავს ოდნავ გადახრის და ქალიშვილობისდროინდელ ამბებს მოიგონებს.

სკამზე გორადწამოკოსებული ქალის ზურგსუკან მდგარ დეას ასეთ წუთებში ეჩვენებოდა, რომ ის და თავისი გამზრდელი თანატოლები არიან, ცხოვრობენ რომელიღაც შორეულ სოფელში და ის თავის მეგობარს ვარცხნის თმას, რადგან „ქალი-თმიანიაო, მწვადი-ცვრიანიაო“ და ქალს ქალობა შვენის, ქალობა კი ვარცხნილობითაც ამოიცნობა თურმე და, აბა, ჭინკასავით თმაგაჩეჩილი ხომ არ ივლის, სოფლის ვაჟების დასაცინად ხომ არ გაიხდის თავს ანთისა.

კეფის დაზელვასაც სთხოვდა ანთისა დეას: – კეფაზე მომეთათუნე, ბებო! შენი ლამაზი ხელებით დამზილე ერთი გემრიელად, მომკლა მარილებმაო, – შესჩივლებდა ბავშვს, დეა კი ანთისას სიტყვებს უბრუნებდა ანთისას: – არ შემიძლია, სად შემიძლია, ამსიმსუქნე კეფის დაზელვაო, – და იცინოდნენ მერე გულიანად, ხოლო სურვილს რომაუსრულებდა ანთისას, ხშირ-ხშირად ესმოდა ქალისგან ამოთქმული შორისდებულები – უჰუჰუ! უჰ! აჰ, ბეჩა, აჰ! – რასაც დალოცვაც მოჰყვებოდა უსათუოდ: – შენ აგაშენა და დაგამშვენა ღმერთმაო! – მერე კი ანთისას ოცნებასაც გააჟღერებდა ხოლმე ანთისა: – იმდენი ფული მომცა, კეფის მზელავი დამაქირავებინა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო.

ქალიშვილობისთვისაც თავისებურად შეამზადა ანთისამ, იქაც თამაშის ფორმა მიაწოდა გოგონას, – კიბის მერამდენე საფეხურიდანაც გადმოხტები, იმდენდღიანი თვიური გექნებაო და ამასაც ჰქონდა თავისი ხიბლი, ხტებოდნენ დეა და მისი თანაკლასელი გოგნები კიბიდან, ამ დროს თვალი გაურბოდათ კლასელი ვაჟებისკენ და ალქაჯებივით ტკარცალებდნენ, რადგან ეს მათი საიდუმლო ენა იყო, ანთისასგან ნასწავლი ქალიშვილობისწინა გასართობი.

„არა“, – იფიქრა დეამ, – „ქოთანში მიწა არ იქნება, ქოთანი ცარიელი უნდა იყოს, ჩემსავით“.

მიწა.

ბაბუა-ბებიის ორადგილიან საფლავზე კირიანი მიწა – წვიმაში კაკაოსფრად ასორსლილი, გვალვისას – გაქვავებული, მონაცრისფრო, პირდაღარული, სარეველაც რომ ვერ იკიდებდა ფესვს, დედა კი სულ ჩიოდა: „შავი მიწა უნდა დავაყრევინო, შავი მიწა უნდა დავაყრევინო“. დააყრევინა შავი მიწა და მაინც ჩიოდა: ყავისფერი მიწა უნდა დამეყარა, შევცდი, შევცდი, შავ მიწას მალე ფანტავს ქარი“. დააყრევინა ყავისფერი მიწა, ახლა ისიც იქაა, ბაბუას კუბოს თავზე დაასვენეს. ბებიას კუბოზე, დედამისის გვერდით დეას მიუჩენენ ადგილს და არავინ ივიშვიშებს, თუ როგორი მიწა დააყარონ საფლავს. „ერთხელ წამომყვა ვატუკუნა, ალბათ მიაგნებს“, – იფიქრა დეამ, „მიაგნებს?“ – დაეჭვდა შემდეგ. „ვატუკუნა რა შუაშია,“ – იფიქრა იქვე, – „დედაჩემის დაკრძალვაზე პატიკო ტრიალებდა, ერთად ვიყავით უკვე, დასის წევრებიც იყვნენ საფლავზე, პირგაპარსული კარაბას ბარაბასიც, ვინმე მიაგნებს“, – თავი დაიმშვიდა ქალმა და ისევ გაახსენდა, როგორ წუხდა, მის გასაგონად როგორ ვიშვიშებდა შემკრთალი დედა: „შავი მიწა უნდა დავაყრევინო, შავი მიწა უნდა დავაყრევინო, – და იქ აღმოაჩინა, იქ გაიაზრა თავისი ოჯახის დასასრული – კირიანი მიწასავით უსახური და უნაყოფო, სამარადჟამოდ შემწყდარი, უშეღავათოდ ჩამწყვდეული მრუმე წყვდიადში, მოთარეშე ქარები რომ აცხრებიან ზემოდან, რათა შავი მიწის უკანასკნელი ნაშთები მიმოფანტონ, აართვან, გამოსტაცონ და დატოვონ ყრუ, შემზარავ სიმარტოვეში.

ქარი.

„აპრილის ქარები რომ გადაინასესხებს, ნამდვილი გაზაფხული მაშინ დადგება, მაგრამ მე იქ აღარ ვიქნები. უცნაურია, რომ ოდესღაც აღარ ვიქნები; ოდესღაც – არა, სულ მალე“, – თავს შეუძახა დეამ და მოეჩვენა, რომ მივიწყებული ტექსტი აღიდგინა გონებაში და ისევ მოაგონდა ანთისა, თავისი ნათლობის დღე გაუცოცხლა მეხსიერებამ – ნასესხების შუაწელი – 15 აპრილი.

ანთისასგან მოესმინა მითი გაამპარტავნებულ მწყემსსა და შეურაცხყოფილ, განრისხებულ მარტზე, თაობიდან თაობას რომ გადასცემდა ხალხი. ამიტომაც ელოდა ხოლმე გაფაციცებული აპრილის სამ ქარიან დღეს.

წინა დღით წამოწვიმა, ქარი არ ყოფილა, 15 აპრილიც არ მოასწავებდა რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ მაინც გრძნობდა ფორიაქს, მოუსვენრობას, გაანჩხლებას და, როგორც იმხანად სჩვეოდა, დედამისი დაიგულა სამიზნედ.

დედა ფანჯრიდან იცქირებოდა, კედლის საათისკენ გაექცა მზერა, ფანჯრისკენ იბრუნა პირი, ერთხანს ასე იყო და ისევ გახედა კედლის საათს.

– მოვა ანთისა, ნუ გეშინია, არ დავაგვიანებთ, – იმ ინტონაციით მიმართა დედამისს, რითიც არ ამშვიდებენ, რომელიღაც ზეაღმატებულობიდან გამიზნულად იბასრავენ პირს, მიანიშნებენ, რომ ფუჭი და სასაცილოა ასეთი შფოთვა, ფანჯარასთან დგომა და წამდაუწუმ ცქერა საათისკენ…

 

1 2 3