– ვნახოთ, ვინ წააგებს, – თქვა დეამ ჯიბრიანად, ბავშვური ჟინით შეპყრობილმა და საცვლის ქვეშ ამოჩრილმა საფენმა შეაწუხა.
შორი გზა არ ჰქონდათ ტაძრამდე; შემდეგ, ძირითადად, დუმდნენ. აპრილის შეჟინჟლული დღე იყო. მზის ნელთბილი ათინათები ისხდნენ ასფალტზე.
ეკლესიის შესასვლელთან, ხის სკამზე, ტირიფის ნედლი სიმწვანის ჩრდილქვეშ შავანაფორიანი, შავგვრემანი კაცი იჯდა, მკერდზე ვერცხლის მასიური ჯვარი ეკიდა, ცალ ხელში ტირიფის ნედლი ტოტი მოექცია, რასაც მუხლზე იტყაპუნებდა დროდადრო, გეგონება, სხვისთვის გაუგებარი მელოდიის რიტმს აყოლებსო წკეპლას და ეკლესიიდან გამომავალ, თუ ეკლესიაში შემავალ ერთსახედ უღიმღამო, ნაცრისფერსამოსიან, ნაცრისფერი თავსაბურით სახედაჩრდულილ ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა; ისინიც უფრთხოდნენ თავის ფიქრში წასული მამაოს შეწუხებას, ქალების მზერასა და ლამის ფეხისწვერებზე შემდგარ, გასუსულ მოძრაობებში, მათ სიარულში იგრძნობოდა რიდი, კრძალვა, შიში და იქნებ ძრწოლვაც, იგრძნობოდა იერარქია, იგრძნობოდა ეპიცენტრი, რომელიც ამჟამად ტირიფის ჩრდილქვეშ ჩამომჯდარიყო ხის სკამზე და რომელიღაც, სხვისთვის ვერგასაგები იდუმალი ხმებით გარემოცული, მათ შინაგან მელოდიას აყოლებდა ხელს, რომელშიც ტირიფის ნედლი წკეპლა ეჭირა.
– ე, მამა მამია, გარეთ გამობრძანებულა, – აღნიშნა ანთისამ.
დეამ იგრძნო დედამისის შენელებული ნაბიჯი, იგრძნო შეკრთომა, რაღაც იგრძნო, რამაც დედისკენ აქცევინა პირი. პირი იბრუნა ანთისამაც:
– რა მოხდა, ბეჩა? – იკითხა ანთისამ.
– არ მეგონა, ეს თუ იყო… ერობაში დათო ერქვა, ერთად გვითამაშია თეატრში, – თქვა დედამ.
„რაღაც იყო მათ შორის, იქნებ სულაც ესაა ტრულაილა?“ – იფიქრა დეამ და კიდევ და კიდევ, მეტი დაბეჯითებით იფიქრა: „რაღაც იყო მათ შორის, რაღაც იყო, დედა ქვედა ტუჩს იკვნეტს, დედა შეკრთა, ჰოდა, იყო რაღაც, ჰო, იყო“.
მამა მამიამ ეკლესიის ეზოში შემომავალნი შენიშნა, წამოდგა, გაიღიმა და ფართო, კარგად მოვლილ თეთრ კბილებს შორის მოქცეული ვერცხლისფერი კბილი გამოუბზინდა.
გადასალტული შავი წარბები, ოდნავ შეთრთვილული შავი წვერი, გრძელი თმა, რომელიც კეფასთან გაენასკვა მამაოს, მუქი ძოწისფერი ბაგეები, რაღაც გაუგებარ ნეტარებას რომ ასახავდნენ მის შავგვრემან სახეზე, არცთუ მაღალი, მაგრამ ანაფორაშიც საგრძნობი კოხტა ტანი, მართლაც მოგაგონებდათ სცენას, მსახიობს, ვისაც უყვარს პათეტიკური გმირის განსახიერება, ვინც, შეიძლება ითქვას, სწორედ ასეთი როლებისთვის მივიდა თეატრში.
მამა მამიამ გაშლილი ხელისგული თავზე დააბჯინა დეას, შავი თვალები დედამისს გაუთაფლა და იკითხა:
– აბა, ამას ვნათლავთ?
– დიახ, მამაო! – მზადყოფნით მიუგო ანთისამ.
– შენ სად დაიკარგე? – მიმართა დეას დედას მამაომ.
– რა ვიცი, აბა… არ ველოდი, თუ აქ…
„რაღაც იყო მათ შორის, რაღაც იყო მათ შორის“, – ისევ იფიქრა დეამ და მამა მამიას ხელისგულმა ჩაუცხელა თმის ძირები.
მამაომ ხელი აშორა დეას, ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ხაზგასმული მოძრაობით, იმავე ხელით გადაისახა პირჯვარი და თქვა:
– დიდება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს! ყველაფერი უფლის ხელშია! წავიდეთ, აღვასრულოთ კეთილი საქმე, მაგრამ შენთვის არ შეიძლება, ეზოში დამელოდე! – მიუბრუნდა დეას დედას და მანაც მორჩილად, მზადყოფნით, რიდით დაუქნია თავი მამაოს.
„დედა ახლა იმ უღიმღამო, ნაცრისფერ ქალებს დაემსგავსა, აქ რომ ტრიალებენ“, – იფიქრა დეამ, მკლავზე ანთისას ხელი იგრძნო, მსუბუქი ჩქმეტა და ანთისასთან ერთად მიჰყვა მამა მამიას.
ეკლესიის ეზოში თავსაბურიანი ქალები მიდი – მოდიოდნენ, როცა ტაძრისკენ მიმავალი მღვდელი შენიშნეს, ყველა გაქვავდა, თვალი გაადევნა მამაოს.
როცა ტაძრისკენ მიდიოდნენ, მაშინ გაუკრთა ნაწლავებში რაღაც ავი, წვეტიანი, უცაბედი, მჭახე, რაც სწრაფადვე გაეცალა, მაგრამ შიგანი განუგმირა და სწრაფადვე დაიწყო ჩირქიან ფეთქვად შეშუპება მის მუცელში და იქ იფიქრა: „ღმერთო, მიშველე! ღმერთო, მიშველე!“ – და მოუნდა, ანთისასთვის შეეჩივლა, მაგრამ მიხვდა, ამის დრო და ადგილი რომ არ იყო და ისევ იფიქრა: „გავუძლებ, უნდა გავუძლო! ღმერთო, მიშველე!“
ნათლობისას შორიდან ესმოდა მამა მამიას ხმა, გრძნობდა სანთლისა და საკმევლის სუნის მშვიდ რონინს ეკლესიის მყუდრო წიაღში, ხედავდა ჯვარცმას, ღვთისმშობლის ხატს, კედლის ფრესკაზე აღბეჭდილ თეთრწვერა კაცებს, ხედავდა თავის ხელში მოქცეულ სანთელსა და ანთისას, რომელიც მღელვარე სასოებით იჭერდა მამაოს მდორე ბუტბუტს, ხოლო როცა მღვდელი ხმას უწევდა და პირჯვარს ისახავდა, მალიმალ ისახავდა პირჯვარს ანთისაც და თვითონაც ისახავდა პირჯვარს და ებერებოდა მუცელი, სადაც ახლა წითელი ბუშტი ჩაუსახლდა, ბუშტის შიგნით ქვა იყო – გლუვი, სიპი, ბოროტი, მძიმე, და: „როდემდე შეიძლება გაიბეროს, როდემდე, ღმერთო, როდემდე უნდა გაიბეროს“, -ფიქრობდა დეა და აი, განეშორა იგი სატანას, და აი, მიიღო მისმა სულმა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და აი, ნაკურთხი წყლით განიბანა, ხოლო წითელი ბუშტი იბერება მის მუცელში, ბოქვენისკენ მძიმდება ბოროტი ქვა და მერე, უეცრად, ერთბაშად, – შუბის წვერი წითელ ბუშტზე და რაღაც დაიძრა მის შიგნით, ჩაწყდა, ჩაინთქა, სისველედ ჩაენარცხა სადღაც ქვემოთ და ფიქრობს: „საცვლის ქვეშ საფენია, საცვლის ქვეშ საფენია; გმადლობ, ანთისა, საცვლის ქვეშ საფენია და აი, ახლა ქარი იქნება, აუცილებლად იქნება ქარი, მაგრამ საცვლის ქვეშ საფენია; გმადლობ, ანთისა“.
ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, ნედლი ტირიფი მძლავრად ირწეოდა, სადღაც მიექანებოდა ქართან ერთად, მაგრამ ფესვები არ უშვებდნენ და იყო ტირიფი გაწამაწიაში, – ცალკერძ მიწის, ცალკერძ – ქარისა, და ირწეოდნენ სხვა ხეებიც, უეცრად მომსკდარი ქუფრი ჩრდილავდა ეკლესიის ეზოს და მიწაზე გაფენილი ქუფრიდან იგრძნობოდა ღრუბელი ცაში.
იქნებ ამ დღის გამო იყო, რომ ყოველთვის შფოთვით ხვდებოდა ნასესხებს.
თეთრ რაფაზე თიხის ქოთანი, ფანჯრებს მიღმა – ზამთრის მოღრუბლული დილა.
ღრუბელი.
„ის ღრუბელი ჩიბის ჰგავს“, – იფიქრა პაციენტმა. თვალი მიადევნა ღრუბელს, მეტად მიამსგავსა ნევროპათოლოგის ძაღლს და წუხანდელი კოშმარი გაიხსენა.
