გერმანულენოვანი დიდი პოეტი პაულ ცელანი სლავისტი იყო და რუს პოეტებს თარგმნიდა. მან თარგმნა ალექსანდ ბლოკის, მარინა ცვეტაევას, სერგეი ესენინის, ოსიპ მანდელშტამის  ლექსები. მისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ოსიპ მანდელშტამის სამყარო. ბორის პასტერნაკი ევროპამ გაიცნო მისი რომანით „დოქტორ ჟივაგო“ და ამავე რომანში ჩართული ლექსებით. ოსიპ მანდელშტამი კი მთელი თავისი სისრულით (რამდენადაც შეიძლება თარგმანში ეს სისრულე ჩანდეს) პაულ ცელანის თარგმანების მეშვეობით წარმოჩნდა. რამ მიიზიდა პაულ ცელანი ძნელი სათქმელია. მანდელშტამის პოეზიაში სიძველე და თანამედროვეობა საოცრად არის გაზავებული ერთმანეთთან. თავის წერილში „აკმეიზმის დილა“ ის ამბობს, რომ ლოგოსი, აზრის შემცველი სიტყვა პოეზიაში არ უნდა დაიკარგოს. ეს თეზისი სიმბოლიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. სიმბოლიზმი სიტყვას, როგორც სემანტიკურ ერთეულს, არ შემოსაზღვრავს, რადგან სიტყვის უფრო ევფონიური მხარე აინტერესებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აკმეიზმის მკაცრი პრინციპების თანმიმდევრულად გამტარებელი არც თვითონ მანდელშტამი ყოფილა. ისიც, სიმბოლისტების მსგავსად, ალექსანდრ კუშნერის აზრით, ეპითეტის მეშვეობით აბუნდოვანებს ფრაზას. ცხადია, ე.წ. გაბუნდოვანება, ზოგადად, მოდერნისტული პოეზიის დამახასიათებელი ნიშანი იყო, ამიტომაც, მანდელშტამის ანტიკური დეკადანსით გატაცებისა და თანამედროვეობაში აკმეისტობის მიუხედავად, ამ ბუნდოვანებამ პოეტის ლექსებში დროთა მანძილზე უფრო და უფრო აშკარად იჩინა თავი. მანდელშტამი ისევე, როგორც ბარატინსკი, იმ პოეტთაგანია, რომლებიც მარტივ ხელწერას თამდათან სირთულეს სძენენ, პასტერნაკი და ზაბოლოცკი კი რთულ ხელწერას თანდათან ამარტივებენ. ხანდაზმულობის ჟამს პასტერნაკმა მართლაც საოცარ სისადავეს მიაღწია. უმეტეს ლიტერატორთა აზრით, მისი ადრეული ლირიკა შეუდარებელია, თუმცა მოგვიანო პერიოდში შექმნილ ლექსებსაც ატყვია დიდი ნიჭიერების კვალი. ზაბოლოცკიმ მოგვიანო პერიოდში ფილოსოფიური ლირიკა შექმნა. ღრმააზროვნების მიუხედავად ეს ლირიკა საოცრად გამჭვირვალეა. პასტერნაკი ისევე, როგორც ზაბოლოცკი, კონვენციური ლექსის არაჩვეულებრივი ოსტატი იყო. ეს მათ საკუთარი მრავალრიცხოვანი თარგმანებით დაამტკიცეს. ზაბოლოცკიმ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა, პასტერნაკმა კი ბარათაშვილის ლირიკა. ახმატოვა ასევე მოგვიანო პერიოდში ქმნის თავის ნაწარმოებს „პოემა უგმიროდ“.  ამ ნაწარმოების რთული კომპოზიციური წყობა ოდნავადაც ვერ ანელებს მის ლირიკულ მგზნებარებას. შეიძლება ითქვას, რომ აქ თვალნათლივ გამობრწყინდა ახმატოვას ეპიკური ნიჭიერების ნაზავი მისსავე ლირიკულ ნიჭიერებასთან.

რუსული სიმბოლიზმი და ფუტურიზმი ევროპულისგან განსხვავებული იყო, მაგრამ არსებითად მაინც ევროპულის გაგრძელებას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ  10 – იან წლებში ევროპული მოდერნიზმის ტრანსფორმაციამ რუსულ კულტურულ სივრცეში სრულიად მოულოდნელი შედეგი გამოიღო. გაჩნდა მრავალი მიმართულება და სტილი. სიმრავლეზე მნიშვნელოვანი უფრო ის იყო, რომ უცხოური პოეტური კულტურის ტრანსფორმაციას კრეატიული ხასიათი ჰქონდა. რუსული ლექსის ვერსიფიკაციული დახვეწილობა ახალი შინაარსით იყო ნაკარნახევი და ამავე დროს იშლებოდა ყოველგვარი ზღვარი ფორმასა და შინაარსს შორის, ანდა ფორმის პრიორიტეტი იძენდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 

 

1 2 3 4