პოეზია და, ზოგადად, ლირიკული სუბიექტი ოდითგანვე ტრანსცენდირებას მიელტვოდა. მარადისობისადმი დამოკიდებულება იყო ის სასინჯი ქვა, რომლის მიხედვითაც უნდა გვემსჯელა ლირიკულ გმირზე, ე.ი. თვითონ იმ ადამიანზე, ვინც თავისივე პოეზიის პროტაგონისტად გვევლინებოდა. რომანტიზმის თეორეტიკოსი შლაიერმახერი ამბობს: „ნამდვილი რელიგია – ეს არის უსასრულობის გრძნობა, მისი მთელი არსებით განცდა“. რომანტიკოსი პოეტი თვითრეფლექსიას არის მიცემული. ეს ლირიკული სუბიექტი მიკროსამყაროა, გარესამყაროს მიკრომოდელია. ამ მიკროსამყაროში უსასრულო სამყაროა ჩატეული. ფიოდორ ტიუტჩევი თავის ლექსში „სილენციუმი“ ამბობს: „ისწავლე შენს შიგნით, შენს არსებაში ცხოვრება“. ლირიკული პოეზია ყოველთვის თვითრეფლექსია იყო, მაგრამ რომანტიზმის პერიოდში განსაკუთრებით გაღრმავდა ეს აქცენტი.

რომანტიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ანტითეზაა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და მისი თანამდევი პოზიტივიზმი შუთავსებელია რომანტიზმისთვის. პოზიტივიზმი ითავსებს ნატურალიზმს და რეალიზმს, რომანტიზმი ღვთისმაძიებლობაა, უკან გახედვაა შუა საუკუნეებისკენ, ბუნების წიაღში დაბრუნებაა. რომანტიკოსი პოეტი უკმაყოფილოა აწმყოთი, ვინაიდან „მარადისობის პერსპექტივა“ მისთვის შეფერხებულია. იმანუელ კანტის განაცხადი იმის შესახებ, რომ შეზღუდა ცოდნა, რათა ადგილი დაეთმო რწმენისთვის, ერთის მხრივ, გასაქანს აძლევდა ირაციონალიზმს და პოეტურ ინტუიციას და, მეორეს მხრივ, (ადამიანის ცნობიერების დასაზღვრულობის გამო) სკეპტიციზმსა და მსოფლიო სევდას იწვევდა. ლირიკული პოეტის სახე სწორედ რომანტიზმის ხანაში სრულიქმნა. XIX საუკუნის ბოლოს ფრიდრიხ ნიცშემ ღმერთის სიკვდილის პრობლემა წამოჭრა. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, „მარადისობის პერსპექტივის“ კიდევ უფრო ღრმა შეფერხებას მოასწავებდა. ბუნებრივია, ნიცშესთვის ყურადღების უპირველესი საგანი მისივე თანადროული ადამიანი და ამ ადამიანის ღირებულებითი ორიენტაცია, მისი დანიშნულება იყო. ადამიანის დანიშნულების პრობლემის გადაწყვეტა მჭიდროდაა დაკავშირებული სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის გაგებასთან. სამყაროს სხვადასხვა ონტოლოგიურ სურათს ადამიანის დანიშნულების სხვადასხვა გაგება შეესატყვისება. ნიცშე უპირისპირდება ტრადიციულ მეტაფიზიკას. მთავარი პათოსი პლატონისეული ონტოლოგიისა არის ორი, თავისი ღირებულებით განსხვავებული, სამყაროს აღიარება – ერთი მხრივ გრძნობადი, მიწიერი სამყაროსი, მეორე მხრივ  – იდეების სამყაროსი. პირველი დროსა და სივრცეშია, მეორე უცვლელია, მარადიულია, „ნამდვილი სინამდვილეა“. სავსებით გასაგებია, რომ სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის ამგვარი გააზრების საფუძველზე უნდა წარმოშობილიყო თვალსაზრისი, რომელიც ადამიანის არსებობის ამოცანას „ნამდვილ სინამდვილესთან“ ტრანსცენდენტურ-იმქვეყნიურთან ზიარებაში დაინახავდა. პლატონი სწორედ ამ გზით წავიდა, სამყაროს გარკვეულ ონტოლოგიურ სტრუქტურას ის ადამიანის ონტოლოგიურ სტრუქტურას უთანადებს: ადამიანი არის სხეული და სული. სხეული მიწიერია, ის სავსეა უამრავი მდაბალი სურვილითა და ლტოლვით, რომლებიც გვიხშობენ გზას „ნამდვილი სინამდვილის“ შემეცნებისკენ. სამაგიეროდ, სული იდეების სამყაროსკენ გვიხსნის გზას. ადამიანს ესაჭიროება ძალთა უდიდესი დაძაბვა, რათა სულს თავისუფლება მიანიჭოს და გრძნობადი სამყაროდან ამაღლდეს „ნამდვილ სინამდვილემდე“.

სამყაროსა და ადამიანის ონტოლოგიური სტრუქტურის ამგვარი გაგების საფუძველზე ნათელი ხდება პლატონის აზრი ადამიანის დანიშნულებაზე. ადამიანის დანიშნულებაა „გაექცეს“ ამ ქვეყანას, დაძლიოს სხეული, მოემზადოს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.

ადამიანის დანიშნულების პრობლემის გადაწყვეტა ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის პლატონისეული დაპირისპირების საფუძველზე თავისებურად აისახა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში, მრავალ ფილოსოფიურ მოძღვრებაში.

ამ თვალსაზრისის ძირეული ნაკლი ის იყო, რომ დებულებას იდეალური სამყაროს არსებობის შესახებ არ გააჩნდა საკმაო გნოსეოლოგიური საფუძველი.

შემთხვევითი არ იყო, რომ ფილოსოფიის ისტორიაში პლატონის თვალსაზრისს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და რომ მათი უმრავლესობა სამყაროს გაორების სწორედ ამ არაკანონიერებას, გაუმართლებლობას უსვამდა ხაზს. რადგან პლატონის მოძღვრება იმქვეყნიურ, მეტაფიზიკურ სამყაროზე მოკლებული იყო მყარ გნოსეოლოგიურ საყრდენს, მათ უფლება ეძლეოდათ იდეათა მარადიული სამეფო ილუზიად გამოეცხადებინათ. იმ მოაზროვნეთა შორის, რომლებიც დაუპირისპირდნენ პლატონის თვალსაზრისს და პლატონისეული დუალიზმის უკანონობას მიაქციეს ყურადღება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ფრიდრიხ ნიცშეა. თავის მოძღვრებაში ნიჰილიზმისა და ღმერთის სიკვდილის შესახებ მან თავისებური ფორმით ამხილა პლატონისეული დუალიზმის უსაფუძვლობა.

ძველი ღირებულებები კარგავს ძალას, იდეალური სამყარო ინგრევა, „ღმერთი მკვდარია“. დგება ნიჰილიზმის ეპოქა. ნიჰილიზმის აღმოცენებას ნიცშე უყურებს როგორც კანონზომიერ, აუცილებელ პროცესს. ძველ ღირებულებათა გაუფასურება ხდება იმიტომ, რომ მათი წარმოშობა იყო არაკანონიერი.

ნიცშეს მიხედვით, ადამიანის ცხოვრების დანიშნულების მიზანი არ შეიძლება ვეძიოთ იმქვეყნიურში, რადგან იმქვეყნიურის არსებობის მტკიცება არაკანონზომიერია, ეს მტკიცება არ არის ცოდნა, ის მხოლოდ რწმენა შეიძლება იყოს.

მეტაფიზიკური სამყაროს გაუქმება უეცრად არ მომხდარა. უცბად არ მომხდარა ნიჰილიზმის დამკვიდრება. ნიცშეს სურს აჩვენოს, რომ ნიჰილიზმის ტენდენციები პოტენციურად და ფარული სახით მოცემული იყო ტრადიციულ მსოფლმხედველობაში. აქ საქმის ვითარებას განსაზღვრავდა არა ცალკეული ფილოსოფოსისა და მორალისტის თვითნებობა, არამედ მოვლენათა განვითარების შინაგანი ლოგიკა. ასეთია ღმერთის სიკვდილისა და ნიჰილიზმის ნიცშესეული თეორია.

მაშასადამე, „ღმერთი მოკვდა!“  – გამოაცხადა ფრიდრიხ ნიცშემ. მანვე დააყენა, როგორც უკვე ვთქვით, ნიჰილიზმის საკითხი. ნიჰილიზმი, ფილოსოფოსის აზრით, არის ყველა სტუმართაგან ყველაზე საზარელი.

ნიჰილიზმის ეპოქა, ცხადია, დაღმავლობის ეპოქაა. XIX საუკუნის დასასრული და XX-ს დასაწყისი სწორედ ამ ნიშნით აღიბეჭდა. ცხოვრება ისტორიაა, ანუ ერთი იდეალიდან მეორისკენ მოძრაობა. ამიტომ მას სხვადასხვა პერიოდი ახასიათებს – აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები. რაც მთავარია, ძველი და ახალი იდეალის მიხედვით, მოძრაობის ეტაპებს შორის გარდამავალი პერიოდი ძევს, როცა ძველ, დრომოჭმულ იდეალს საზოგადოება აშკარად კატასტროფისკენ მიჰყავს, ხოლო ახალი ჯერ საკმარისად არ მომწიფებულა, რათა სრული სახით იყოს დანახული და დასახული და ახალი გეზი მისცეს ცხოვრებას. ცხადია, ამ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარია ადამიანის ბედნიერების შესაძლებლობები – აღმავლობის პერიოდში მეტია, დაღმავლობის პერიოდში – ნაკლები, ხოლო გარდამავალი პერიოდი ამ მხრივ განსაკუთრებით უპერსპექტივოა.

 

1 2 3 4