ამ პოეზიის ადრეული ლირიკისგან განსხვავება ისაა, რომ წონასწორობა გამოსახატავის შინაარსსა და გამოხატვის ფორმას შორის დარღვეულია ამ უკანასკნელის გადაძალვის გამო. ე.ი. ლაპარაკია ფორმის პრიორიტეტზე. ჩემი აზრით, ვინაიდან ფორმა და შინაარსი საერთოდ განუთიშველია ერთმანეთისგან, (და აქაც ასეა)  აქ ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ უჩვეულო ფორმაში უნდა ამოვიკითხოთ უჩვეულო შინაარსი. ეს ასეა, რადგან შეუძლებელია უჩვეულო ფორმამ ჩვეულებრივი შინაარსი გამოხატოს. ჰუგო ფრიდრიხი წერს: „პიკასომ რამდენჯერმე გადმოხატა და გადააკეთა მანეს „საუზმე“ და ყოველთვის სხვადასხვაგვრად. მოტივი უკან იხევს ფორმალური ტექნიკის წინაშე“. ესაა ავტონომიური ორგანიზმის შექმნის თავი და თავი, რომელსაც თვით გამომსახველი ხერხები წარმოქმნის და არა გარე სინამდვილის ელემენტები. ერთგან ვალერი წერდა, რომ მის წარმოდგენაში პოეზიის საქმეა – „ერთ სიუჟეტზე ბევრი ვარიაცია შექმნას“.

 

* * *

XX საუკუნის პირველ ნახევარში ფორმათქმნადობის სწრაფი პროცესი მიმდინარეობდა, როგორც ანგლო- ამერიკულ, ისე ევროპულ პოეზიაში, თუმცა არსებობდა კიდევ სხვა რეგიონებიც, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი, სადაც ბობოქარი ლიტერატურული პროცესი მთლიანად კულტურული აღორძინების განუყოფელი ნაწილი იყო. პოეზიასთან ერთად აქ ფილოსოფიური აზრის (ბერდიაევი, როზანოვი, შესტოვი) აღმავლობაც იკვეთებოდა. სიმბოლისტი პოეტების ორი თაობა ქმნიდა პროცესს და ორივეს თავისი არეალი გააჩნდა. მიმდინარეობდა ინტენსიური კულტურტრეგერული მთარგმნელობითი მუშაობა. ითარგმნებოდა როგორც ანტიკური კლასიკა, ისე აღორძინების ხანის ეპიკური და ლირიკული ნაწარმოებები, ახალი დროის პოეტური ნუმუშები და თანამედროვე ლირიკის მნიშვნელოვანი ქმნილებები. სიმბოლიზმის თეორეტიკოსი, ვთქვათ, ისეთი, როგრიც ვიაჩესლავ ივანოვი იყო, თვითონვე ქმნიდა საინტერესო პოეზიას. ვალერი ბრიუსოვი და ანდრეი ბელი არამხოლოდ ასევე სიმბოლიზმის თეორეტიკოსები იყვნენ, არამედ ფართო დიაპაზონის ლიტერატურათმცოდნეები და ლექსთმცოდნეებიც. ისინი ქმნიდნენ პროზაულ თხზულებებსაც. ვალერი ბრიუსოვის „ცეცხლოვანი ანგელოსი“ და ანდრეი ბელის „პეტერბურგი“ დღესაც ინარჩუნებს მხატვრულ ძალმოსილებას. სიმბოლისტების ორი თაობიდან, ბუნებრივია, ის პოეტები გამოირჩეოდნენ, რომელთა შემოქმედებაც მკაფიო თვითმყოფადობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ესენი იყვნენ პეტერბურგელები ინოკენტი ანენსკი და ალექსანდრ ბლოკი. საერთო ნიშნები მათს შემოქმედებაში  ნაკლებად მოიძებნება. და თუ მაინც ჩავეძიებით, ეს ნიშანია ფორმის მონოლითურობა, ევფონიური დახვეწილობა და განწყობის სიღრმე. ალექსანდრ ბლოკი ზომიერად აზავებდა თავის ლექსებში კლასიკური რუსული პოეტური კულტურის ტრადიციას ევროპულ ინოვაციურ სალექსო მუსიკალობასთან. ვერლენის მოწოდება პოეზიაში მუსიკის პრიორიტეტულობის შესახებ ბლოკმა პრაქტიკულად განახორციელა, მხოლოდ ისე, რომ კლასიკური რუსული ლექსის სიმწყობრე არ დაურღვევია. მან გაამდიდრა და განაახლა პოეტური აზროვნება განწყობათა მრავალფეროვნებითა და სიღრმისეულობით. ბლოკი თანაბრად ძლიერი იყო როგორც ლირიკაში, ისე ეპიკური ჟანრის ნაწარმოებებში. მისი შემოქმედებისათვის ნიშნეულია ციკლური ცვალებადობა და, შესაბამისად, ლირიკული გმირის შინაგანი მეტამორფოზა. მისი ცნობილი ციკლებისგან განსხვავდება, ვთქვათ, ისეთი ციკლი, როგორიცაა „თავისუფალი ფიქრები“, რომელიც სათაურის შესატყვისად თავისუფალი ლექსის ფორმით არის დაწერილი. ამ ციკლს ეკუთვნის ვრცელი ლექსი „სიკვდილზე თქმული“. ლექსში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვითარებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებია აღბეჭდილი. ბლოკი თავისუფალი ლირიკული ლექსის მეშვეობით მოგვითხრობს, თუ როგორ შეიქნა მოულოდნელი, ბრმა ბედისწერით გამოწვეული არაერთი და ორი სიკვდილის შემსწრე. ეს თხრობა ღრმა ლირიზმით და ამავე დროს მძაფრი დრამატიზმით არის გაჟღენთილი. ჯერ შემთხვევით ცხენიდან ჩამოვარდნილი ჟოკეი იღუპება, მერე წყალი უპატრონო, დამხრჩვალ ლოთს გამორიყავს და ირგვლივმყოფები მის გადარჩენას ცდილობენ. ადამიანები იკრიბებიან და  ყოვლად უაზროდ მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ეს სიკვდილი, რა იყო მისი მიზეზი.

ბლოკის შემდეგ რუსეთში პოეტების ახლი და მართლაც საოცარი თაობა მოდის: პასტერნაკი და მანდელშტამი, ახმატოვა და ცვეტაევა, მაიაკოვსკი და ესენინი. ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს და თუ გაგრძელდება, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ემიგრანტი პოეტი ვლადისლავ ხოდასევიჩი. ემიგრაციულმა პოეზიამ საერთოდ სრულიად განსხვავებული სახე მიიღო. დასავლეთში (გერმანიასა და საფრანგეთში, ბერლინსა და პარიზში), სადაც თავს იყრიდნენ რუსი პოეტები, კულტურული და პოლიტიკური პროცესების უშუალო ზეგავლენამ წარუშლელი კვალი დატოვა. დასავლეთში – ფაშიზმისა და საბჭოთა კავშირში – ბოლშევიზმის სისასტიკემ თანდათან იჩინა თავი და ფიზიკურად და მორალურად გაუსაძლისი ვითარება შექმნა. ემიგრანტი პოეტებისთვის უკვე არჩევანის საშუალება აღარც არსებობდა. ვთქვათ, მარინა ცვეტაევამ ემიგრაციაში ვეღარ გაძლო და ისევ საბჭოთა რუსეთს მიაშურა, მაგრამ აქ უფრო მძიმე ხვედრი ელოდა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ივან ბუნინმა ნობელის პრემია მიიღო და მსოფლიო აღიარება კი ჰპოვა ემიგრაციაში, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლები სიღატაკეში გაატარა. უსახელოდ წავიდნენ ამ ქვეყნიდან შესანიშნავი ემიგრანტი პოეტები და ლიტერატორები – ვლადისლავ ხოდასევიჩი, გიორგი ივანოვი და გიორგი ადამოვიჩი; მოგვიანებით დაფასდა ვლადიმირ ვეიდლეც, ასევე შესანიშნავი კულტუროლოგი და კრიტიკოსი.

პოსტსიმბოლისტურ სივრცეში ადგილი გაჩნდა ინდივიდუალური ძიებებისთვის. პასტერნაკის თაობა ამ ძიებათა გზას გაჰყვა, თუმცა აქ სიტყვა „თაობა“ უფრო მეტ კრიტიკას მოითხოვს, ვინაიდან დასაწყისში სწორედ ამ თაობის შიგნითაც არსებობდა სტილთა და მიმართულებათა დიფერენციაცია: პასტერნაკი ფუტურისტი გახლდათ, მანდელშტამი და ახმატოვა აკმეიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ თავს, ესენინი იმაჟინისტი იყო და ა.შ.  მთავარი აქ ის არის, რომ ძიებათა ამ სიმრავლეს ევროპულმა გამოცდილებამ დაუდო სათავე. ამ საერთო გამოცდილების გაზიარების კვალდაკვალ კი ყოველმა პოეტმა საკუთარი გზა გაიკაფა. ევროპელი პოეტების მსგავსად, რუსმა პოეტებმაც რთული მოდერნისტული ხელწერა შექმნეს და ეს ხელწერა ინდივიდუალური ნიშნით აღბეჭდეს. ისინი თვითონ ქმნიდნენ საკუთარ სამყაროს და მათი შემოქმედება პოეტურ კულტურათა უნიკალურ სიმბიოზად იქცა. და ეს ალქიმიაა სწორედ საინტერესო, რადგან ის სწორედ მათი პიროვნული ძალისხმევით განხორციელდა. ალბათ პოეზიის მკვლევარები თავის დროზე მონიშნავენ ამ პოეტურ კულტურათა გადაკვეთის ხაზებს (ჯერ უნდა გამოამზეურო და მერე შენც კარგად შენიშნავ და სხვებიც), გამოავლენენ ურთიერთზემოქმედებათა სფეროებს და ინტერესთა დამთხვევის წერტილებს.

ადრეული პასტერნაკის ლირიკისაგან მოგვიანო პერიოდში თვითონ პასტერნაკიც გაუცხოვდა. მაგრამ ეს იყო მართლაც საოცარი ლირიკა. თვითონ პოეტი წერს: ლექსის წარმოქმნა რაც უფრო  დიდწილად არის შემთხვევითობით გამოწვეული, ის მით უფრო ნაღდი და ეჭვშეუვალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლექსის ლირიკული ტონალობის ხარისხს მისი სრულიად მოულოდნელი, შემთხვევითი გაჩენა განაპირობებს. ასეთია პასტერნაკის ადრეული ლირიკა. ლექსი თითქოს ნაუცბათევად არის დაბადებული და გარკვეულწილად დაუმთავრებლობის კვალიც ატყვია. ფრაზა ფრაზას მისდევს და ერთად თავმოყრილი ეს ფრაზები ჰაერში გაჩერებულ შადრევანს წააგავს.

 

1 2 3 4