ცხოვრების წარმმართველი ტექნიკური ცივილიზაციის იდეალი ანტიიდეალად იქცა. ამავე დროს, ახალი მხსნელი იდეალი არ ჩანს. ეს, რა თქმა უნდა, განსაზღვრავდა შესატყვის დროში შექმნილ ხელოვნებას, მის შინაარსსა და შესაბამის ფორმას.

ეს უკვე რომანტიზმის პერიოდი აღარ არის. ეს არის ნეორომანტიზმის ან სიმბოლიზმის პერიოდი. ბუნებრივია, სიმბოლიზმი რომანტიზმის წიაღში იშვა. რეალიზმის და ნატურალიზმის შემდეგ ტრანსცენდირების ხელახალი წყურვილი გაჩნდა და ეს სიმბოლიზმის ნიშნით გამოიხატა. XIX  საუკუნის ბოლოს ნიცშეს ნააზრევმა კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული რეალურსა და ირეალურ სამყაროთა შორის. კანტის მიერ ცოდნის შეზღუდვა და რწმენისთვის ადგილის დათმობა უკვე წარსულს ეკუთვნოდა.

შეიძლებოდა, რომ ფილოსოფიას უშუალო ზემოქმედება მოეხდინა ლიტერატურაზე და, კერძოდ, პოეზიაზე?

ამის შესახებ ფილოსოფოსი დილთაი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ზემოქმედება ოდითგანვე ორმხრივი იყო. შილერის ისტორიულმა დრამებმა დიდი გავლენა მოახდინა ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. პოეტურმა პანთეიზმმა გოეთეს ფილოსოფიური პანთეიზმი განაპირობა. თავის მხრივ, ფილოსოფია კი ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა პოეზიაზე. გოეთე უღრმავდებოდა სპინოზას, შილერი კანტს ემოწაფებოდა და ა.შ.

ასე იყო თუ ისე, უკვე XIX საუკუნის ბოლოს ამ რადიკალურმა მსოფლმხედველობრივმა ძვრამ პოეზია და პოეზიისადმი დამოკიდებულებაც შეცვალა. არც შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო, შეიცვალა არა მარტო პოეზია, არამედ მთლიანად ხელოვნება. XX საუკუნის დასაწყისიდანვე ე.წ. მოდერნიზმი, ახალი ხელოვნება მრავალი ახალი ნიშნით გამომჟღავნდა.

მოდერნისტული ხელოვნებას იოლად შესამჩნევი და არაერთგზის შემჩნეული თავისებურება გამოარჩევს. ესაა სინამდვილის ბუნებრივი სახის რადიკალური დეფორმაციის ტენდენცია. მოდერნისტი მხატვარი ადამიანურ სამყაროს, მის შემადგენელ პროცესებს, მოვლენებს, საგნებს იმ ზომამდე გარდაქმნილი სახით წარმოიდგენს და წარმოგვადგენინებს, რომ ძნელი ხდება მათი გამოცნობა. ასეა, მაგალითად, ექსპრესიონიზმსა, სიურეალიზმსა და, რა თქმა უნდა, აბსტრაქციონიზმში. მეოცე საუკუნის დასავლური ხელოვნება ძირითადად სწორედ ამ მიმართულებებისგან შედგება.

მოდერნისტული მწერლობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ფრანც კაფკა ამბობდა, ნამდვილი რეალობა ყოველთვის არარეალისტურიაო. ამ ფრაზას, რომელიც საკმაოდ პარადოქსულად ჟღერს, ყოველი „დეფორმატორი“ მხატვარი გაიმეორებდა. მასში გამოთქმულია საშინელი სამყაროს სწორედ ის თავისებურება, რომლის ძალითაც იგი „აბსტრაქტულ“ ფორმებში გამოსახვას იმსახურებს და ასე განაპირობებს ხელოვნებაში რადიკალური დეფორმაციის ტენდენციას.

სამყაროს გარეგნული სახე მალავს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიღბავს მის ნამდვილ, შინაგან სახეს. ამიტომ მხატვარი პირდაპირ „ნამდვილ რეალობას“ გამოხატავს, გამოხატავს იმას, რაც სიღრმეშია განფენილი. შინაგანი სახის გამოხატვისას მოდერნიზმი მიმართავს რადიკალური დეფორმაციის ტენდენციას. ამგვარი ტრანსფორმაცია ხდება არამარტო ხელოვნების დარგებში, არამედ პროზასა და პოეზიაშიც. პოეზიაში მას, რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკური სახე გააჩნია  და ამის შესატყვისად, თავისი ისტორია აქვს. ამ პერიპეტიების და ცვლილებების, ამ ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ საინტერესო ნაშრომი შექმნა ჰუგო ფრიდრიხმა. ის წერს, რომ XX საუკუნის ევროპულ ლირიკას ადვილად ვერ მიუდგები: იგი ბუნდოვნად და გამოცანებით მეტყველებს; ამასთან, გამოირჩევა თვალშისაცემი პროდუქტიულობით. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმ ლირიკოსთა შემოქმედების მნიშვნელობაში, როგორებიც არიან გერმანიაში – რილკე, თრაკლი, ბენი და სხვები, საფრანგეთში –  აპოლინერი, სენ-ჟონ პერსი და სხვ., ესპანეთში – გარსია ლორკა, ხიმენესი, მაჩადო, გილიენი და სხვ., იტალიაში – პალაჩეცი, უნგარეტი, ქვაზიმოდო, მონტალე და სხვ., ანგლოსაქსები – იეტსი და სხვ.  ელიოტამდე. ამ პოეტების კითხვისას მკითხველი თავისდაუნებურად თანამედროვე ლირიკის ერთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებას ეცნობა. ეს არის ბუნდოვანება, რომელიც ერთნაირი ძალით იზიდავს და თავგზას უბნევს მას. სიტყვის ჯადოსნური ძალა და იდუმალება კი იპყრობს, მაგრამ გაგება უჭირს. გაუგებარისა და მიმზიდველის ამ თავშეყრას შეიძლება დისონანსი ვუწოდოთ, რადგან იგი წარმოშობს დაძაბულობას, რომელიც უფრო შეშფოთებას ელტვის, ვიდრე სიმშვიდეს. საერთოდ, დისონანსური დაძაბულობა თანამედროვე ხელოვნების მიზანია. სტრავინსკი თავის „მუსიკის პოეტიკაში“ წერდა: „არაფერი გვაიძულებს მხოლოდ სიმშვიდეში ვპოვოთ კმაყოფილება, საუკუნეზე მეტია, უამრავი მაგალითი მიგვანიშნებს ისეთ სტილზე, სადაც დისონანსმა დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა და თავისთავად საგნად იქცა. იგი არც არაფრისთვის გვამზადებს და არც არაფერს გვამცნობს“.

თანამედროვე ლირიკის ბუნდოვანება წინასწარ განზრახულია. ჯერ კიდევ ბოდლერი წერდა: „საამაყოა, გაუგებარი დარჩე.“ გოტფრიდ ბენის აზრით, წერდე ლექსებს, ნიშნავს – უმთავრესი საგნები გაუგებარ ენამდე აღამაღლო“. აღტაცებით მიმართავს სენ-ჟონ პერსი პოეტს: „შენ, ორენოვანო, ორწვეტიან საგნებს შორის, თავად კამათო ყველა მოდავეს შორის, მეტყველო მრავლისმეტყველად, მსგავსად მავანისა, რომელსაც გზა დაჰკარგვია ფრთებსა და ეკლებს შორის ბრძოლაში“. მონტალე: „არავინ დაწერდა ლექსებს, პოეზიის პრობლემა რომ გაგებინება იყოს“.

თუ თანამედროვე ლექსი სინამდვილეს ეხება – ადამიანი იქნება ეს თუ ნივთი – იგი არ მიმართავს აღწერას. მის დამოკიდებულებაში არ მოჩანს სითბო. ხედვამ და გრძნობამ დაკარგა ინტიმურობა. ხდება სინამდვილისადმი გაუცხოება და სინამდვილის დეფორმაცია. ასეთი ტექსტის კითხვისას მკითხველს უმალ შფოთი ეუფლება და არ ეუფლება სიმშვიდე. აქ არის უკვე მშფოთვარე სტილი, – ამბობს ჰუგო ფრიდრიხი, სადაც ნიშანი და აღსანიშნი შორდება ერთმანეთს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვეულებრივ ენასა და პოეტურ ენას შორის განსხვავებამ რადიკალური ხასიათი მიიღო. მოდერნისტულ მხატვრობაში ფერმა და ფორმის წყობამ დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა. ასევე მოხდა ლირიკაშიც, ენის რიტმულმა წყობამ აზრისგან დაცლილი ტონების თანმიმდევრობა და ინტენსივობის მრუდეები წარმოშვა. ამგვარი ტექსტი თან აბნევდა და თან იზიდავდა მკითხველს. ეს მოვლენები მკითხველში ანომალიის შთაბეჭდილებას ბადებდა.

XX საუკუნის ბოლოს მიზეზიანი მწუხარება უმიზნო მწუხარებამ შეცვალა. და სწორედ ამ დროს ფორმა იქცა ნანატრ ხსნად და ამ ნიჰილიზმის ხანაში, როგორც ლექსი გულს გაემიჯნა, ასევე გაემიჯნა ფორმა შინაარსს. ამას ჰუგო ფრიდრიხი წერს, მაგრამ შეიძლება კი, რომ ფორმა გაემიჯნოს შინაარსს? „მხატვრულობა ხომ ფორმისა და შინაარსის ერთიანობის თავისებურებაა და არა ცალკე ფორმისა და ცალკე შინაარსისა.“ როგორც ჩანს, აქ ლაპარაკია ფორმისა და შინაარსის ერთიანობის თავისებურებაზე, აქ უჩვეულო ფორმაში უჩვეულო შინაარსი გამოსჭვივის. სინამდვილის ტრანსფორმაცია და რადიკალური დეფორმაცია პოეზიაში ამ ნიშნით მჟღავნდება. ჰუგო ფრიდრიხი წერს: „ასე წარმოიშვა პოეზია, რომელიც კი არ ელტვის, არამედ განელტვის მკითხველს, მას გონებით უნდა მივუდგეთ, მისი ბუნდოვანება გონითი სიჭარბისაგან მომდინარეობს“.

 

1 2 3 4