საშა სტანიშიჩი პიროვნულად შეურაცხყოფილი ჩანს პეტერ ჰანდკეს მხრიდან. გწყენთ ეს მისგან?

ცოტა არ იყოს სამწუხაროა, ჩემი აზრით. მე მგონია, რომ საშა სტანიშიჩს არ წაუკითხავს პეტერ ჰანდკე, რასაც ნამდვილი წაკითხვა ჰქვია. უფრო მედიების მეშვეობით აღიქვამს. მე სრულად მესმის საშა სტანიშიჩის ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე, რომ იგი ძალზედ მგრძნობიარეა ამ საკითხის მიმართ, არ შეუძლია იმის ატანა, თუკი ვინმე სერბეთის პოზიციას იკავებს. სხვათა შორის, იგი ჰანდკესაც არ აბრალებს ომის წამქეზებლობას ან სერბეთის მხრიდან წარმოებული ომში რამის შელამაზებას, არამედ ამბობს მხოლოდ იმას, რომ არსებობს ღია ჭრილობები, რომ ჰანდკემ დაწერა ისეთ რამეზე, რაც სერბიული არაფორმალური გაერთიანებების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ფონზე არ უნდა დაწერილიყო. მაშინ ხშირად ახსენებდნენ „სხვანაირად ყვითელ, ვარსკვლავის ფორმის მაკარონებს“, რისთვისაც ჰანდკეს ძალიან ლანძღავდნენ. მაგრამ მისი ადგილი იყო იმ ხალხთან, რომლებსაც თავზე ბომბები აცვიოდათ… და იმ 1999 წლის ვნების კვირაში, როცა ბელგრადის თავზე ნატოს ბომბარდირები გამოჩნდნენ, მათ შორის გერმანული ლუფტვაფეც, რომელსაც გაეროს მანდატი არც კი ჰქონდა, ჰანდკე მილოშევიჩთან ბუნკერში კი არ იჯდა, არამედ ხალხთან ერთად იყო, ისინიც ხომ ცოდონი არიან, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ.

რას ფიქრობთ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საშა სტანიშიჩი ასოცირდება იმ თაობასთან, რომელიც უფრო ხელოვნებისა და ცხოვრების ერთიანობას მოელის?

თავისთავად ცხადია, რომ ამას ალბათ არც ჰანდკე უარყოფს. ხელოვნებისა და ცხოვრების ერთიანობას ბევრი უწევს პროპაგანდას. იმ დროში, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, სადაც თავბრუდამხვევად ბევრი ავთენტური ბიოგრაფიული წერის ხერხი არსებობს, ეს არც თუ ისე მოულოდნელია. მე კვლავ ვუბრუნდები სერბიის ისტორიას. ომისა და გერმანიის ამ ომში ჩასართავ საბაბად იქცა გეგმა „ნალი“2, რომელიც არ არსებობდა, რომელიც გამოიგონეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროში. ამან ჰანდკე პირდაპირ გააგიჟა. რა თქმა უნდა, ზედმეტი მოუვიდა, ეს თვითონაც იცის, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრჯერ მოხვდა იმისათვის, რაც მაშინ ასე გაბედულად გამოხატა. მაგრამ მაშინაც იყო მის წიგნებში უამრავი კითხვის და არა ძახილის ნიშნები და განცხადებები, რომლებიც ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენდნენ. და ჰანდკე არ არის სრებრენიცის3 „გამპრავებელი“, ეს სიტყვა მის ნაწარმოებებში ხშირად გვხვდება.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ პეტერ ჰანდკემ უარი თქვა ინტერვიუს მიცემაზე. სულ რამდენიმე ინტერვიუ იძებნება ნობელის პრემიის მიღებასთან დაკავშირებით, რომელთა თარგმანსაც გთავაზობთ.

 

ინტერვიუ პეტერ ჰანდკე ნობელის პრემიის შესახებ: „ტყეში ვიხეტიალე“

როცა სტოკჰოლმიდან ამბავი მოუვიდა, პირველ რიგში ტყეს მიაშურა, ოთხი საათი დაეხეტებოდა. პრემიის მისაღებად აუცილებლად წავა სტოკჰოლში.
ვოლფგანგ უბერ-ლანგი 17.32, 10. 10. 2019

 

პეტერ ჰანდკემ ყველაფერი იღონა, რათა ყველა კლიშე, რომლებიც კი მის შესახებ არსებობდა, გაემართლებინა. შვედეთის აკადემიიდან მიღებული ზარის შემდეგ ტყეში წავიდა: „ტყეებში ვიხეტიალე, რასაც ვაპირებდი“. ასე უპასუხა APA-ს და ეს იყო პირველი პასუხი ამ ოთხსაათიანი სეირნობის შემდეგ.

„ახლახანს შემოვედი სახლში და ცოტათი დაღლილი ვარ. არ ვიცი, ბევრი ზარი შემოვიდა თუ არა, ოთხი საათია გარეთ ვარ“, განაცხადა ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატმა. შვედეთის აკადემიას გაუმართლა, რომ სახლში დაიჭირა. „12 საათისთვის ტელეფონმა დარეკა. ამერიკელი ადვოკატი მეგონა, რომელსაც ჰააგაში უნდა შევხვდე. კარებიდან მოვბრუნდი, უკვე გასვლას ვაპირებდი. გამიხარდა…. მერე წავედი…“

შინ რომ დაბრუნდა, ბაღის შესასვლელთან უკვე ჟურნალისტები ელოდებოდნენ. „სახლში ხომ არ შევიპარები, არ შემიძლია. უცნაურია, მაგრამ ახლა რაღაცნაირად საჯარო პირი გავხდი… რახან ასეთი რამე მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ მსიამოვნებს, შეკითხვათა უმეტესობა ნამდვილად არ მსიამოვნებს. მაგრამ ყველანაირად ვცდილობ არ შევიმჩნიო.“

რამდენიმე წლის წინ თქვა, „ეს ნობელის პრემია საერთოდ გასაუქმებელია“. „ეს ყველაფერი ძალიან ღრმა აზრების თამაშია, თუმცა ამაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია“, დღეს მხოლოდ კი ამით შემოიფარგლა. „ახლა ისეა, თითქოს ყველაფერი, რაც კი გაგიკეთებია, განათდა. თუნდაც ყველაფერი მოჩვენებითი იყოს: ეს ხომ გარკვეული დამატებითი შუქია, რომლის გამოჩენასაც უნდა მიესალმო და რომლისთვისაც მხოლოდ მადლიერი უნდა იყო“.

ძალიან გაეხარდა, თუმცა ეს დიდი სიხარული მარტო მას არ ეხება, – ასე ეუბნება ჰანდკე APA-ს: „მე ვარ ველტლიტერატურის და არა საერთაშორისო ლიტერატურის მომხრე. პრემია ძირითადად განხეთქილების გამომწვევია, ცოტათი დილემაც. მაგრამ მე მგონია, რომ მე ვარ იმის მკითხველი და ალბათ მწერალიც, რასაც გოეთე ველტლიტერატურას ეძახდა. თუკი ნობელის კომიტეტმა ასე გადაწყვიტა, მაშინ მთლად ცუდ გზასაც არ ადგანან, ვინაიდან ველტლიტერატურა მათთვის რაღაცას ნიშნავს.“

რა თქმა უნდა, 10 დეკემბერს დაჯილდოებაზე სტოკჰოლმში წავა და ნობელის პრემიას პირადად მიიღებს: „თუ ბოლომდე ჯანმრთელად ვიქნები, თუკი ღმერთს ენდომება, რა თქმა უნდა წავალ და რამესაც ვიტყვი“. ამ საღამოს მეგობრებთან ერთად აღნიშნავს? „აქ, პარიზში მეგობრები აღარ მყავს. მე და ჩემი ცოლი წავალთ ალბათ აქვე, შევილში, პატარა რესტორანში. დღეს ჯერ ხომ არაფერი მიჭამია და არც დამილევია.“

 


2 – Hufeisenplan, ოპერაცია ნალი Operationsplan Hufeisen (სავარაუდო ორიგინალური დასახელება – Potkova-Plan) ეს იყო იუგოსლავიის მთავრობის სავარაუდო გეგმა კოსოველი ალბანელების კოსოვოდან გაყრის თაობაზე, რომლის ნამდვილობა დღემდე არაა დამტკიცებული.

3 – სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა (სერბ. Масакр у Сребреници) — ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში.

 

1 2 3 4 5