შვედეთის აკადემიის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო პრესაში დიდი ვნებათღელვა მოყვა. გაიყო რეაქციები, ერთნი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტკორექტულობისათვის სილის გაწვნა, მეორენი კი მას ღირსეულ ლაურეატად მიიჩნევენ.

განსაკუთრებულად ბევრი კრიტიკა დაატყდა თავს ნობელის კომიტეტს. ასე მაგალითად, აშშ-ს ავტორთა გაერთიანებამ P.E.N.-ის განცხადებაში ვკითხულობთ: „მეტყველების უნარი დავკარგეთ ამ მწერლის ამორჩევის გამო, ვინც თავისი საჯარო ხმა იმისთვის გამოიყენა, რომ ისტორიული სიმართლე გაეყალბებინა და გენოციდის შემოქმედს მხარში დასდგომოდა“. ჟურნალგაზეთებში, ინტერნეტგამოცემში, სოციალურ მედიაში დაისმის კითხვები: როგორ მივიდა ნობელის კომიტეტი აქამდე, როგორ მისცა პრემია ასეთ პიროვნებას? და ეს იმ სკანდალის შემდეგ, რაც აკადემიაში მოხდა და რის გამოც შარშან პრემიის გაცემა ჩავარდა? სულ გაგიჟდნენ? თავში აუვარდათ?

მასობრივი ხოცვა-ჟლეტის სავარაუდო შემოქმედის მეხოტბეს ნობელის პრემია როგორ მისცეს?

ნუთუ პრეამბულაში არ წერია, რომ ნობელის პრემია უნდა გადაეცეს ადამიანებს, რომლებმაც „კაცობრიობას უდიდესი სარგებელი“ მოუტანეს? რაში მდგომარეობს პეტერ ჰანდკეს შემოქმედების სარგებელი? პეტერ ჰანდკეს, რომელმაც ევროპაში ყველაზე მკვეთრი ლიტერატურული კრიტიკა მიაგო გასული ათწლეულების ე.წ. Fake News-ებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სიტყვათშეთანხმება არასდროს გამოუყენებია. მისი თქმით, Fake, Fake, Fake – არის ყველაფერი, რასაც ჟურნალისტები წერენ. პირველივე წინადადებაში ამჩნევს ტენდენციურობას… და რახან ამჩნევს, ე. ი. არის კიდეც. თვითონ გულწრფელობის მომხრეა, ცდილობს მაინც ღიად და მიუკერძოებლად წეროს.

თავად პეტერ ჰანდკეც კი თვლის, რომ პეტერ ჰანდკეს არ უნდა მიეღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. „ეს მართალია?“ უთქვამს გერმანულად, როცა ანდერს ოლსონმა, შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ დაურეკა. ოლსონი ყვება: „ის იყო ძალიან, ძალიან აღელვებული. თავიდან სიტყვაც კი ვერ წარმოთქვა.“ „მე არ ვარ გამარჯვებული“, – თქვა მან გასულ კვირას Bloomberg-თან ინტერვიუში. „მათ შეარჩიეს ჩემი ნამუშევარი, მაგრამ მე არ მაქვს გამარჯვებულის ბუნება. ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ‘ნობელის პრემია ერგო“. „მე არ მომწონს ეს გამონათქვამი.“ იმის ნაცვლად რომ გამარჯვებაზე ელაპარაკა, ჰანდკემ ისაუბრა სიცოცხლის განმავლობაში მტანჯავი დანაშაულის გრძნობისგან დროებით გათავისუფლებაზე, „თავისუფლების უცნაურ სახეობაზე“, რამაც იგი დაღალა, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში კმაყოფილებაც მოჰგვარა.

კრიტიკა

როგორც ვთქვით, ჰანდკესათვის პრემიის მინიჭებას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ყველაზე მწვავე იყო ბოსნიელ-გერმანელი ავტორის საშა სტანიშიცი, რომელიც 14 წლისა ომს გამოექცა ვიშეგრადიდან და რომელსაც, თითქოს ნობელის კომიტეტის გაკიცხვისთვისო, იმავე კვირაში მიანიჭეს გერმანული წიგნის პრემიით რომანისათვის „წარმომავლობა“ (Herkunft). „მე ვერ დავუსხლტი იმას, რაც პეტერ ჰანდკემ არ აღწერა თავის ტექსტებში“, – თქვა მან თავის ოფიციალურ განცხადებაში ჰანდკესათვის პრემიის მინიჭების გამო. „[ჰანდკე] არ აღწერს მილიციას, არ აღწერს მათ ლიდერს, რომელსაც ჰქვია მილან ლუკიჩი და რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. ის არც კი ახსენებს დაზარალებულებს“. ნაცვლად ამისა, როგორც სტანიშიჩი ამბობს, ჩვენ მივიღეთ უარყოფა შესაძლებლობისაც კი, რომ დანაშაული მოხდა. საშა სტანიშიჩი თვლის და მან ეს თავის სამადლობელ სიტყვაშიც აღნიშნა, რომ ჰანდკეს ტექსტები გამსჭვალულია სხვებზე ზეგავლენის მოხდენის სურვილით და ამოჩემებული შეკითხვით „განა ეს სამოქალაქო ომი არ იყო?“ და არ ტოვებს სამართლიანობის განცდას. „ის, რომ ახლა თქვენს წინაშე წარდგომის უფლება მაქვს, უნდა ვუმადლოდე იმ სინამდვილეს, რომელიც ამ ადამიანმა არ გაითავისა და რაც სათავეს მისი 90-იან წლებში დაწერილი ტექსტებიდან იღებს.“

ბოსნიელ-ამერიკელი მწერალი ალექსანდრე ჰემონი ამავდროულოდ ამბობს, რომ ჰანდკე არის „ლიტერატურული პროექტი, რომლის ღირებულება ისევე უნდა დაიშალოს, როგორც მჟავაში ჩაგდებული სხეული იშლება. ამით იქნებ ავტორმა აღიქვას იმ დანაშაულთა სიდიდე, რომელთაც გამუდმებით უარყოფდა და ამით იწონებდა.“

კარლო ლაზარევიჩი, ევროპარლამენტის თანამშრომელი ტვიტერზე გამოხატავს თავის აღშფოთებას, რომ ბალკანეთის ომში თავისი მიკერძოებული პოზიციის მიუხედავად ჰანდკეს ნობელის პრემია მაინც მიენიჭა.

ჯერჯერობით უცნობია, უპასუხებს თუ არა ჰანდკე მის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკასა თუ საყვედურებს. რამდენიმე დღის წინ მან შეწყვიტა ინტერვიუ: „მე ახლა ვდგავარ ჩემი ბაღის კართან და აქ არის 50 ჟურნალისტი და ყველა იმას მეკითხება, რასაც თქვენ. არც ერთი ადამიანისგან, რომელიც კი ჩემთან მოდის, არ მომისმენია, რომ ჩემი რამე წაეკითხოს“, განაცხადა ჰანდკემ. „მხოლოდ შეკითხვები: როგორ რეაგირებს მსოფლიო? რეაქცია და რეაქცია და რეაქცია… მე ვარ მწერალი, მე მოვდივარ ტოლსტოისგან, მე მოვდივარ ჰომეროსისგან, მე მოვდივარ სერვანტესისგან. თავი დამანებეთ და ასეთი შეკითხვებით აღარ მმომართოთ.“

თავიდან პეტერ ჰანდკე ყველა შეკითხვაზე პასუხობდა, წყობიდან გამოიყვანა საშა სტანიშიჩის მიერ წიგნის პრემიის სამადლობელო სიტყვაზე შეკითხვამ. საშა სტანიშიჩმა ჰანდკეს უსაყვედურა ომის დანაშაულებებს ხელს აფარებ და სინამდვილე ისეთნაირად აგებ, „რომ იგი მხოლოდ სიცრუისგან შედგება“.

მომხრე

ამავე დროს, ლიტერატურის კრიტიკოსი დენის შეკი თცვლის, რომ ჰანდკე არის „ღირსეული ლაურეატი“, თუმცა დიდი პროვოკატორი. „პოლიტკორექტულობას სილა გააწნეს… მწარედ დამარცხდა.“ ამ ფაქტს არა მხოლოდ დენის შეკი მიესალმება. შვეიცარიელი ავტორი და ბიუხნერის პრემიის ლაურეატი ადოლფ მუშგიც აღფრთოვანებულია ჟიურის გადაწყვეტილებით. იგი ნობელის კომიტეტს დამსახურებაში უთვლის იმას, რომ მათ ჰანდკეს ლიტერატურა დააფასეს და მისი პოლიტიკური პოზიცია, ასევე „გარკვეული მაჩოკომპონენტები“ უკანა პლანზე გადასწიეს.

რაც შეეხება შვედეთის აკადემიას, მისი წევრები საჯაროდ გამოვიდნენ თავიანთი აჩევანის დასაცავად. როგორც ვთქვით, ამას წინ უძღოდა უამრავი სტატია და პოსტი სოცმედიაში, რომლებიც ეხებოდა ჰანდკეს მეგობრულ დამოკიდებულებას ყოფილ დიქტატორთან, სერბეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სავარაუდო სამხედრო დამნაშავე სლობოდან მილოშევიჩთან და ნობელის პრემიით მისი დაჯილდოებას სადავოდ ხდიდა. ჟურნალ Spiegel ში გამოქვეეყნდა შვედი მთარგმნელისა და ნობელის კომიტეტის უშტატო წევრის ჰენრიკ პეტერსენის პოზიცია. „ჩემი აზრით, გონივრული იქნება თუკი გაივლება მკაფიო ზღვარი პოლიტიკურ, იდეოლოგიისადმი კრიტიკულ, ეთიკის მაძიებელ დისკურსსა და პიროვნული გამოცდილების აღწერას, შესაბამისად, მხატვრულად კონსტრუირებას შორის“, წერს პეტერსენი თავის გამოხმაურებაში.

მისივე თქმით, რახან ჰანდკეს სლოვენური ფესვები ჰქონდა, მისი პოზიცია სერბიის მიმართ ბევრისთვის გაუგებარი დარჩა. აქ გადამწყვეტი ისაა, რომ ჰანდკე იუგოსლავიის ომს განიცდის და მშვიდობიან გამოსავალს ამჯობინებს. სლოვენიის და ხორვატიის საჩქარო აღიარებას ევროკავშირის მიერ ჰანდკე კრიტიკულად შეხვდა – ესაა პოზიცია, რომელიც დღეს ბევრისათვის უფრო გასაგები და მისაღებიცაა კატალონიის შესაძლო დამოუკიდებლობის ფონზე.

იქვე პეტერსენი აღნიშნავს, რომ ჰანდკეს მთელი შემოქმედება გამსჭვალულია ანტიფაშისტური შეხედულებით. მწერალმა დაწვრილებით შეისწავლა იუგოსლავიის ბრძოლა ნაციონალ-სოციალისტური საუკოპაციო ძალების წინააღმდეგ. იგი თვლიდა, რომ იუგოსლავიის სხვადასხვა ხალხები ამ ბრძოლაში „ერთად უნდა მდგარიყვნენ ჭეშმარიტი ძმებივით.“ ამავდროულად მას უკავია იდეოლოგიისადმი კრიტიკულად განწყობილი, მუდმივად დაეჭვებული პოზიცია; არ ქადაგებს რომელიმე პოლიტიკურ პროგრამას: ესაა მთხრობელი „მე“, რომელიც ცდილობს შორს იყოს ყოველგვარი „იდეოლოგიისგან, ფასეულობათა სამყაროსგან, ტრადიციული სიმბოლური წესრიგისგან“; თან ეს ის „სუბიექტური ოცნებობა“ კი არაა, რომელსაც მას ხშირად პოლიტიკურ გულუბრყვილობად უთვლიან, არამედ „რადიკალური, იდეოლოგიისადმი კრიტიკულად მიმართული პოეტიკაა“.

ამასთან პეტერსენი ჰანდკეს ამ ბრალდებისგან ბოლომდე მაინც არ ათავისუფლებს: მისი თქმით, ჰანდკემ ბალკანეთის საკითხში ერთგვარი „პოლიტიკური კამიკაძის მანევრი“ ჩაატარა და გერმანიისა და ავსტრიის მხრიდან იუგოსლავიის ომის სავარაუდოდ ცალმხრივი გაშუქების გაკრიტიკებისას უამრავი „უტაქტო“ და „უხერხული“ გამონათქვამი გამოიყენა. თუმცა ამის გამო ჰანდკეს ომის წამქეზებელი არ გამხდარა, თუმცა მან ნამდვილად სცადა ისეთი „მძიმე თემების, როგორებიცაა ისტორია და ძალადობა“ მსჯელობის საგნად ქცევა. „სასტიკ სამყაროს სჭირდება ასეთი მწერალი, რომელიც მას არ შეუშინდება. დიდი ლიტერატურა უნდა დაჯილდოვდეს.“

Spiegel-ის ცნობით ჰანდკესათვის ნოპელის პრემიის გადაცემა დაიცვა აგრეთვე შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის კიდევ ორმა წევრმა – მისმა მუდმივმა მდივანმა მატს მალმმა და იურისტმა ეკიკ მ. რუნესონმა. მათი განცხადებით, ჰანდკემ მართლაც „გამოთქვა პროვოკაციული, შეუფერებელი და გაუგებარი აზრები“, თუმცა ეს მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ანტიჰუმანურ თავდასხმად მაინც ვერ ჩაეთვლება.

 

1 2 3 4 5