2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა ავსტრიელ მწერალს პეტერ ჰანდკეს. 2014 წლის შემოდგომაზე პეტერ ჰანდკემ ავსტრიის ახალ ამბებთა სააგენტო APA-ს მისცა ინტერვიუ, სადაც უარყო ნობელის პრემია ლიტერატურაში თავისი „ყალბი კანონიზაციით“ და მისი საერთოდ გაუქმებაც მოითხოვა. და აი, წელს პეტერ ჰანდკე, ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანულენოვანი მწერალი თავად ხდება ამ პრემიის მფლობელი. ავსტრიაში, კერნტენში, ამ პატარა დასახლებაში დაბადებული 76 წლის მწერალი ჯილდოვდება თავისი „ზემოქმედების უნარის მქონე შემოქმედების გამო“, რომელიც „პერიფერიას ენობრივი გენიალურობით და ადამიანური გამოცდილების სპეციფიკურობით იკვლევს“, – ასე ასაბუთებს შვედეთის აკადემიის ჟიური თავის გადაწყვეტილებას.

პეტერ ჰანდკეს სახით ჟიურიმ აირჩია პოეტი, რომელიც 60-იან წლებში ლიტერატურის პოპვარსკვლავი გახდა და ათწლეულების მანძილზე პოლიტიკურად ძლიერ ანგაჟირებული იყო. ერთი მხარესაა მისი ნაწარმოებები თავიანთი შეუცვლელი, სადა სტილით და მეორე მხარეს – მისი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სერბებისადმი იუგოსლავიის ომში: მან დაადანაშაულა NATO საჰაერო დაბობვების გამო და 2006 წელს არა მარტო დაესწრო იუგოსლავიის დიქტატურის სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებას, სიტყვაც კი წარმოთქვა.

აი, მისი რამდენიმე სკანდალური გამონათქვამი:

სლობოდან მილოშევიჩზე:

„მსოფლიომ, მოჩვენებითმა მსოფლიომ ყველაფერი იცის სლობოდან მილოშევიჩზე. მოჩვენებითმა მსოფლიომ იცის სიმართლე. სწორედ ამიტომ არაა მოჩვენებითი მსოფლიო დღეს აქ… და არა მარტო დღეს და არა მარტო აქ. სიმართლე არც მე ვიცი. მაგრამ მე ვუყურებ. მე ვხვდები. მე შევიგრძნობ. მე ვიხსენებ. მე კითხვებს ვსვამ. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ.“ (სიტყვა წარმოთქმული მილოშევიჩის დაკრძალვაზე 18.03.2006 ციტირება „Süddeutsche Zeitung“)

NATO-ს პოლიტიკაზე:

„თავს მარსი დაგვესხა თურმე და 24 მარტიდან ყველასთვის სამშობლო გამხდარა სერბეთი, სერბთა (ბოსნიური) რესპუბლიკა და იუგოსლავია, ვინც კი მარსიანელი და მწვანე ჯალათი არაა“ (წერილიდან ბელგრადის გაზეთში „Politika“, 1999).

დიდი სერბეთის შესახებ

„რა ხდება სინამდვილეში იმ ძალისმიერ ოცნებასთან დაკავშირებით „დიდი სერბეთი“ რომ ჰქვია? ნუთუ ამის ძალიან მარტივად ახდენა სერბეთის ძალაუფლების ხელში არ იყო, – როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელში, – თუკი ისინი ამაზე მართლა ოცნებობდნენ? ნუთუ ლეგენდების ქვიშის მარცვლები, რამდენიმე იმ უამრავს შორის, რომლებიც იმპერიების ნგრევისას, მათ შორის არა მხოლოდ ბალკანეთის იმპერიისა, აქეთ-იქით იფანტება, ჩვენს საზღვარგარეთულ ფოტოლაბორატორიებში დაილექა და ფერიც იცვალა?

ბაზრების შესახებ

„რამდენი რეპორტაჟი იყო უკვე სერბეთიდან, რომლებშიც მასხარად იგდებდნენ სასაცილო ნივთებს, რომელთა წყალობით უბრალო სერბიელები ცდილობენ საქმის წარმოებას და თავის გატანას – ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმესაც მაფია არ წაართმევს: იქნება ეს დაბრეცილი ნემსები თუ უთხელესი ცელოფნის პარკები, ან ვთქვათ, ასანთის ცარიელი კოლოფები… თუმცა იქ თურმე, როგორც დღეს აღმოჩნდა, ბევრად მშვენიერი, სახალისო და – რატომაც არა? – საყვარელი რამეებიც იყიდება. ვინც არ ეწევა, ის ვერ გაიგებს, მაგრამ ბაზრის დახლებზე გამოფენილი, ღერებად შეხვეული წვრილადდაჭრილი თუთუნი გემოთიც ისეთივე ჰაეროვან-ბალახოვანი და ძლიერი აღმოჩნდა, როგორიც გარედან ჩანდა. მე ვიცი ამ ბაზარზე გამოტანილი ამ ერთი შეხედვით ერთფეროვანი და მოსაწყენი იუგოსლავიური პურების, უღრანი ტყეების თაფლის, ინდაურისხელა საბულიონე ქათმების, სხვანაირად ყვითელი მაკარონის ვარსკვლავებისა თუ მარცვლების გემო. („ზამთრის მოგზაურობა“).

სერბული დარდ-ვარამის/უბედურების შესახებ

„ის, რაც სერბებმა ხუთი, არა უფრო მეტი, რვა წლის განმავლობაში გადაიტანეს, ამ საუკუნეში არც ერთ სხვა ხალხს არ გადაუტანია. ამისთვის არ არსებობს კატეგორიები. აი, ებრაელებს რაც შეეხება, იქ სულ კატეგორიებია.“
(ინტერვიუ ფრანგულ ენაზე იუგოსლავიის ტელევიზიასთან 1999 წლის თებერვალში).

ჰანდკე და სერბეთი

ბალკანეთის თემა პეტერ ჰანდკეს განსაკუთრებულად აინტერესებდა. იგი ბევრს მოგზაურობდა ამ რეგიონში და იგი თავისი წიგნების1 თემად აქცია, რითაც უამრავი მოწინააღმდეგე გაიჩინა. პირველ რიგში, საქმე ეხება მის დამოკიდებულებას სერბეთისადმი. ჰანდკე სერბეთში ხედავს არა ბალკანეთის ომის მთავარ აგრესორს, არამედ იუგოსლავიური იდეის შემნახველს, რომელიც ჰანდკესთვის არის ისეთივე როგორც „ევროპა, რომელსაც გამოცლილი აქვს ტოტალიტარული ელემენტები“ და განასახიერებს „მულტიკულტურალობის მოდელს.“

კოსოვოს ომში ვატიკანის პოზიციის გამო ჰანდკემ 1999 წელს დატოვა რომის კთოლიკური ეკლესია და სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადავიდა.

1942 წელს დაბადებული პეტერ ჰანდკე ომის პერიოდში დაიბადა და გაიზარდა და იცის, თუ რა არის გაჭირვება და უქონლობა. მან 1966 წელს დაწერა თითქმის ავტოგრაფიული რომანი „კრაზანები“- ესაა ბავშვის პერსპექტივიდან დანახული დაბობვა. მისი სიტყვებით, ეს ტრამვა NATO-ს ძალების მიერ ბელგრადის დაბომბვა მისთვის ამ ტრავმის გამეორება იყო და ასახა კიდეც 1999 წელს დაწერილ ნაწარმოებში „თვალცრემლიანი ვკითხულობ“.

1992 წლის აპრილში იუგოსლავიის სახალხო არმიამ დაიკავა ვიშეგრადი. იმავე წლის მაისში ქალაქზე კონტროლი აიღო ბოსნიურ-სერბიულმა მილიციამ. დაიწყო ბოსნიელ მუსულმანთა ხოცვა-ჟლეტა. New York Times-ის კორესპოდენტი კრის ჰედჯსი Chris Hedges 1996 წელს თავის რეპორტაჟში ვიშეგრადიდან ლაპარაკობდა ათასობით დახოცილზე. როგორ ყრიდნენ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს მდინარე დრინას ხიდიდან. ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისათვის ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგა მილიციის უფროსი მილან ლუკაჩი და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

იმავე 1996 წელს ვიშეგრადში იმოგზაურა ავსტრიელმა მწერალმა პეტერ ჰანდკემ. გვერდები, რომელიც მან თავის წიგნში „ზამთრის მოგზაურობის საზაფხულო დანართი“ ამ ხოცვა-ჟლეტას მიუძღვნა, ხასიათდება შეკითხვების დასმით, რაც ტიპურია მისი სამოგზაურო რეპორტაჟებისათვის. ჰანდკე კითხულობს, საიდან აიღეს მედიებმა ეს ცნობები, რასაც ისინი დაშლილი იუგოსლავიის შესახებ ყვებიან. ხშირად გამოსდის კიდეც იმ ურყევი აზრის შერყევა, რაც იმ დროინდელ, უპირველეს ყოვლისა, დასავლურ პრესაში იუგოსლავიის ომთან დაკავშირებით იყო გაბატონებული. ერთ-ორ ადგილას კი მსჯელობა უბრალოდ უხამსობაა.

ჰანდკეს განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ლუკიჩის აღწერამ, რომელსაც „ვიშეგრადისკენ ბოსნიურ მთების უკან ჩასმული მანჰეტენელი ჟურნალისტი“ ფეხშიშველა ურჩხულს უწოდებს: „მაშ მთელი ქალაქი სისასტიკის ასპარეზია სულ რამდენიმე ფეხშიშველასთვის, რომლებიც თავიანთ ასობით მსხვერპლს კატა-თაგვობანას ეთამაშებიან?“  – კითხულობს ჰანდკე.


1 – სერბიულ სერიას მიეკუთვნება მისი ტექსტები: „ზამთრის მგზავრობის საზაფხულო დანართი“ (1996), „თვალცრემლიანი ვკითხულობ“ (1999), აგრეთვე მისი რეპორტაჟები „დიდი ტრიბუნალის გარშემო“ (2002) და “Die Tablas von Daimiel (2005). ბოლოს პიესაც დაწერა ამ თემაზე „მოგზაურობა ნავისაკენ ან პიესა ფილმზე ომის შესახებ“ (1999).

1 2 3 4 5