ლიტერატურის პოპვარსკვლავი

პეტერ ჰანდკე დაიბადა 1942 წელს კერნტენში, ავსტრიაში. მამა გერმანელი ჰყავდა, დედა – სლოვენური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.

პეტერ ჰანდკე თავიდანვე იწვევდა გაღიზიანებას – კონფორმიზმის არც ერთ სახეობას არ სცნობდა. 1966 წელს ჯგუფ 47-ის „უგანათლებულეს“ შეკრებაზე რამდენიმესაათიანი საჯარო კითხვის შემდეგ წამოდგა ეს ახალგაზრდა მწერალი, რომელიც თავისი ვარცხნილობით ბიტლზებს ბაძავდა და თავის ხანგრძლივ გამოსვლაში სახელმოხვეჭილი კოლეგები თავხედურად დაადანაშაულა „აღწერის იმპოტენციაში“. ასეთი გამოთქმა იხმარა: „ჩანჩურა კაცების ჩანჩურა ლიტერატურა!“ არც ლიტერატურულ კრიტიკა დააკლო: „ეგეც ისეთივე უაზროა, როგორც ლიტერატურა“. ამ გამოსვლით ჰანდკემ კიდევ ერთი ტაბუ დაარღვია, რომელსაც ჯგუფ 47-ის შეკრებებზე მტკიცედ იცავდნენ: მან დაიწყო კამათი ლიტერატურულ თემებზე. ჯგუფის წევრებს შორის არსებობდა დაუწერელი კანონი: ელაპარაკათ მხოლოდ კონკრეტულ ნაწარმოებზე და არა ზოგადად ლიტერატურაზე. მაშინ ჰანდკემ ბევრი კოლეგა გაანაწყენა, მათ შორის გიუნტერ გრასიც. ახალგაზრდა ავტორი დაუპირისპირდა კორიფეებს და ეს დიდხანს განიხილებოდა ჟურნალ-გაზეთების მიმოხილვებში.

იმავე წელს პეტერ ჰანდკემ კვლავ მიიპყრო მასმედიის ყურადღება თავისი პიესით „პუბლიკის შემკობა“. აქ მან ამოთქვა ის, რაც ათწლეულების მანძილზე აწუხებდა: მწერლის თვითრეფლექსია, მისი ბლოკადები და მუდმივი თვითდაეჭვება, რაც ხშირად უგვანო თვითდამკვიდრებით გამოიხატება. „სულ ცდილობ გაამხილო, რაც განიცადე და ამას აკეთებ აღწერით. ეს არის წერის პრობლემა ზოგადად: გათქვამ იმას, რაც განიცადე.“

მაინის ფრანკფურტში დადგმულ ამ პიესას იმავე წელს მოჰყვა პირველი რომანი (გამომცემლობა „Suhrkamp“) „კრაზანები“. ამ სამი ეფექტური გამოსვლით იგი ნამდვილი ლიტერატურული პოპვარსკვლავი გახდა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

ჰანდკე 70-იან წლებშიც სხვებზე უფრო ჩანდა. 1970 წელს დაწერა კრიმინალური რომანი „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანი დარტყმის წინ“, რომელზეც ვინ ვენდერსმა ფილმი გადაიღო და ამით ჰანდკეს სახელი ლიტერატურული წრეების მიღმაც ცნობილი გახადა. შესანიშნავმა სასიყვარულო ისტორიამ „ მოკლე ბარათი ხანგრძლივი განშორების წინ“ (1972) და იმავე წელს დაბეჭდილმა მოთხრობამ „უნდომობის უბედურება“, რომელიც დედამისის თვითმკვლელობას ეძღვნებოდა, თაყვანისცემელთა რიგები კიდევ უფრო მოუმრავლა. ამას მოჰყვა ისეთი საკულტო წიგნები, როგორებიცაა „სამყაროს წონა“ და „სამშობლოსკენ ნება-ნება“.

ალბათ არ არსებობს რაიმე პრემია გერმანულენოვან ლიტერატურაში, რომლითაც პეტერ ჰანდკე არ დაეჯილდოვებინათ: 1972 წელს მიიღო ქალაქ მანჰაიმის მიერ დაწესებული შილერის პრემია, 1973 წელს გეორგ ბიუხნერის პრემია, 1987 წელს დიდი ავსტრიული პრემია ლიტერატურისათვის.

80-იან წლებში თითქოს დაწყნარდა სიტუაცია მწერლის გარშემო. პეტერ ჰანდკე თანდათანობით ჩამოშორდა საჯარო სივრცეს. საკუთარ ნაწარმოებებზე უფრო მეტად თარგმანით დაკავდა – იქამდე უცნობ სლოვენიელ ავტორებს თარგმნიდა, დედამისის ოჯახი ხომ ავსტრიის სლოვენურ ეროვნულ უმცირესობას ეკუთვნოდა. ბევრს მოგზაურობდა, 90-იანი წლების დასაწყისში კი საბოლოოდ პარიზში დამკვიდრდა.

ამ ბოლო დროს გამოვლინდა მისი აქამდე დამალული კიდევ ერთი ნიჭი გამოვლინდა და მისთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი შეიქმნა – ესაა ხატვა. „ხატვა უფრო გონივრული მგონია, ვიდრე წერა. წერისას არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ეს პროცესი. ხატვისას კი სულ რეალობის ცენტრში ვარ“. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ პეტერ ჰანდკე ღირსეულად იღებს 2019 წლის ნობელის პრემიას ლიტერატურაში – მიუხედავად ყველა პროტესტისა, ყველა მოწინააღმდეგისა, რომლებიც მან თავად გაიჩინა. მან ეს თავისი გულრწფელი შემოქმედებით დაიმსახურა.

მან ეს პრემია მოიპოვა ბევრი ხეტიალით, წერით და ბრძოლით. უკვე 50 წელია წერს და წერს და დადის, სულ ეძებს „ჭეშმარიტ შეგრძნებებს“, იმ ერთადერთ სიტყვას, რომელიც სამყაროს ახლებურად აღაწერინებს.

ის ყოველთვის გულრწფელი იყო – იუგოსლავიის ომის დროს, როცა უყოყმანოდ სერბების მხარე დაიჭირა, ამით თითქმის მთელს დასავლურ სამყაროს დაუპირისპირდა, პირველ რიგში კი ჟურნალისტებს, თავის საყვარელ მტრებს. „ყველას გგონიათ, რომ იცით, რა არის სიმართლე?“, წერდა მათი მისამართით… და მათ უპირისპირებდა თავისი თვალით დანახულ და განცდილ სიმართლეს.

კერნტენში გაიზარდა, ჯერ კიდევ ერთიანი იუგოსლავიასთან ძალიან ახლოს. იუგოსლავია საზღვრის იქით საოცნებო ქვეყანად ესახებოდა. გააიდეალა, ფეხით შემოიარა და თავისი პოეტური ძალა უამრავ წიგნში აამოქმედა. ბოლომდე უერთგულა. სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზეც კი წავიდა. ცოტა კი ემძიმებოდა, როგორც მოგვიანებით საუბარში გამოტყდა, თუმცა ამ ადამიანის სიკვდილთან ერთად თავისი საკუთარი უშედეგო ბრძოლაც დაამთავრა: „მე ვიოცნებე და ეს ოცნება დავამთავრე. დასაფლავებაზე რომ წავედი, ამით ესეც დავასამარე.“
სწორედ ეს იყო პეტერ ჰანდკეს ექსპერიმენტი. იუგოსლავიაში ომის დროს საკუთარ სურვილებს რომ ვერ მოერია, ამას მერე თავადვე მიხვდა. ყოვლისმცოდნის უპირატესობამ სძლია. მას სურდა ასე, უნდა ეხმაურა და უსამართლოდ მოქცეულიყო. ის ამას ასე ხედავდა.

დღეს კი ყველა სკანდალის მიუხედავად ამ უდიდესი დაჯილდოების ფონზე უნდა ითქვას, არა, შეიძლება ითქვას: რომ მან ეს პრემია დაიმსახურა თავისი ლიტერატურული შემოქმედებით, ამ გიგანტური კორპუსით, რომელიც დაახლოებით ას წიგნს მოიცავს. წაიკითხეთ, მაგალითად, „უნდომობის უბედურება“, დედასთან გამოსათხოვარი, რომელმაც თავი მოიკლა. ის, ვინც

ასეთ გულრწფელი, ნაღვლიან, საკუთარი თავის დაუზოგავ, დიდებულ წიგნს დაწერს, მას მაშინვე ეკუთვნის ნობელის პრემია. ან მისი პიესები, რომლებმაც თავის დროზე მაყურებლებს შოკი მოჰგვარეს, მაგალითად პიესამ „პუბლიკის შემკობა“. მერე კი იყო სრულიად განსხვავებული, პოეტური პიესა: „ერთი საათი, რომლის განმავლობაშიც ერთმანეთზე არაფერი ვიცოდით“. პიესა სიტყვების გარეშე, სავსე ახალი იდეებით ადამიანებზე და მათ ნატვრებსა და ვერაგობებზე.

 

რამდენად ერთიანია ავტორი და ნაწარმოები? გთავაზობთ ინტერვიუს თროტენ არენდთან, ჰანდკეს ყოფილ რედაქტორთან:

 

MDR KULTUR: მოდით დავიწყოთ იმ მომენტიდან, როცა იგი სახელმოხვეჭილ ლიტერატორებს დაუპირისპირდა. რა იყო ის განმასხვავებელი ნიშანი, რაც ჰანდკეს ტექსტებს 60-იანი წლების მიწურულს პრინციპულად გამოარჩევდა?

Thorsten Ahrend: მან 1967 წელს პრინკენტონში მთელს გერმანულ ლიტერატურას ბრალად დასდო აღწერის იმპოტენცია, ცუდი ლიტერატურა, მოსაწყენი წიგნები. იგი თვლიდა, რომ ჭარბობს მყისიერი პოლიტიკური შეფასება, ხოლო ის, რაც ენაში უნდა ხდებოდეს, ნაკლებად ხდება. ეს იყო, რა თქმა უნდა, სუპერპროვოკაცია. ჰანდკე იყო 25 წლის, მას არავინ იცნობდა, ამის მერე კი ყველამ გაიცნო. მთელი მსოფლიოს პრესა ხომ იქ იყო. უცბად ცნობილი გახდა. თან ეს პროვოკაცია და თავხედობა ეხალისებოდა კიდეც ალბათ, რაც მოგვიანებით არაერთხელ გაიმეორა. მერე და მერე თანდათან დაწყნარდა, აი, რომანებში „გამეორება“, „ჩემი წლები უკაცრიელ ყურეში“ კი უკვე ნამდვილად მშვიდი, აღმწერი ავტორია.

მანამდე იყო მომენტი, როცა მან წერა და პოლიტიკური განცხადება ერთმანეთში აურია, ვგულისხმობ მის მხარდაჭერას სერბებისა და მილოშევიჩისადმი. ეს ხომ გამოწვევა იყო ბევრისთვის, ვისაც მისი ტექსტები მოსწონდა.

აქ უნდა შეგეწინააღმდეგოთ, ეს მაგ ერთი წინადადებით ვერ გადმოიცემა, რომ მან სერბეთისა და მილოშევიჩის მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიცია დაიკავა. მან დაიკავა პოზიცია სერბეთის მიმართ! იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც იგი იქ იცნობდა. იგი არის ავტორი, რომელიც სერბეთში ამ 90-იანებამდეც ბევრჯერ ყოფილა. წიგნებშიც ხშირად წერდა, რომ იქ თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა. მას მილოშევიჩი არასდროს შეუქია და არასდროს უთქვამს, რომ რა შესანიშნავი წლებია, რადგან ომია. მისი განაცხადი იყო ასეთი: ზამთრის მოგზაურობა მდინარეებზე დონაუ, სავე, მორავა და დრინა და ქვესათაური – „სამართლიანობა სერბებისათვის.“ ეს ნიშნავდა ხალხს, ეს არ ნიშნავდა მილოშევიჩის ხოტბას. თუმცა ესეც კი პროვოკაციად ჩაითვალა, რომლის უფლება თურმე არავის ჰქონია და თავს სწორედ ამისგან იცავდა. და ბოლოს ციხეშიც კი ესტუმრა მილოშევიჩს, რომელსაც იქამდე საერთოდ არ იცნობდა, რადგან ასეთი ტიპები აინტერესებდა. ეს შეიძლება არც თუ კარგ საქციელად ჩაუთვალო, ჩემთვისაც ცოტა უცხოა, მაგრამ ეს ნებადართული უნდა იყოს, უნდა შეგეძლოს კითხვები დაუსვა, იქნებ რაიმე იდეა მაინც გაგიჩნდეს, თუ ვინ არის, რა ადამიანია, ამხელა ცოდვა როგორ აიკიდა.

 

1 2 3 4 5