„ფავორიტი“ იორგოს ლანთიმოსის ყველაზე ნაკლებ საინტერესო და დასამახსოვრებელი ნამუშევარი გამოდგა. მართალია ოლივია კოულმანი ბრწყინავს მთავარ როლში, რამდენიმე იუმორისტული ეპიზოდიც პერვერსიულ მხიარულებას გამოიწვევს მაყურებელში, ოპერატორული ნამუშევარიც ადგილებში საინტერესოა კამერის ლინზებისა და რაკურსების გამო, თუმცა სიუჟეტურად თუ თანამედროვე გლობალური პოლიტიკური კონტექსტისათვის საკმაოდ მოძველებული და რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს (საკვირველი იმიტომ, რომ ფილმი ლესბო სასიყვარულო სამკუთხედს აღწერს, რაც არც ისე ორთოდოქსული თემაა მეინსტრუმული მგრძნობელობის კინოში), რეტროგრადული ხასიათის არქეტიპებით და ინტერაქციებით.

 

 

ბოლოსთვის შემოვინახე „ოსკარზე“ ნომინირებული საუკეთესო ფილმი და ზოგადად, 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი „ვიცე“, რომელიც მხოლოდ „გრიმის და ვარცხნილობის“ კატეგორიაში აღინიშნა. რეჟისორი ადამ მაკეი გრანდიოზულ კინემატოგრაფულ გამოცდილებას ქმნის, იყენებს მრავალფეროვან თხრობის სტილს, მოულოდნელ ნარატიულ მანევრებს, ახდენს ჟანრულ ეკლექტიკას და მაქსიმალურად გასაგებ ენაზე, ლამის დამარცვლით, მაყურებელს უღეჭავს და ისე უჩვენებს ამერიკის პოლიტიკური ელიტის ავთენტურ სახეს. მაკეი ახერხებს თვალნათლივ გვიჩვენოს და მოგვიყვეს თუ როგორ ხდება პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებად გასაღება, ინდივიდუალური კეთილდღეობისათვის კოლექტიური სიცოცხლის გაწირვა, ეთიკური ღერძის რღვევა და მხოლოდ ძალაუფლებაზე ორიენტირება და ა.შ. ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან დიკ ჩეინი, ჯორჯ ბუში უმცროსი, დონალდ რამსფელდი თუ სხვა პოლიტიკური კრიმინალები. და ვხედავთ მათი საქმიანობის კვალი რამდენად შემზარავ ექოს პოვებს დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი ხდება ფაქტების, არგუმენტების და კინოენის გამოყენებით, რაც საბოლოოდ ნაწარმოებს აქცევს თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. თუმცა სიმართლის ერთდროულად გასართობი ფორმით და თან ხატოვნად ჩვენების გამო „ოსკარს“ უკვე დიდიხანია აღარ იძლევიან.

 

 

1 2 3 4