„შავი პანტერა“ სუფთა წყლის ბლოკბასტერია. მოსაწყენი და დასამახსოვრებელი ეპიზოდებისგან განძარცვული ექშენი მეტი იუმორით და ნაკლები დრამით, სტანდარტიზებული გასართობი ფილმი, რომელიც მხოლოდ იმის გამო მოხვდა ნომინანტებს შორის, რომ სამსახიობო ანსამბლი რასული ნიშნით იყო დაკომპლექტებული. მისი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირება აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ ცერემონიალზე რასული მრავალფეროვნება ყოფილიყო დაცული და არა ლოგიკური თანმიმდევრულობა. შესაბამისად, ფოკუსი გაკეთდა არა იმაზე, რეალურად რა იყო წლის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ფილმი, არამედ იმაზე თუ როგორ მოეხერხებინა ჰოლივუდს იმ ილუზიის შექმნა, თითქოს რასიზმი დაამარცხა.

 

 

სპაიკ ლის ფილმში „შავი კუ კლუქს კლანელი“ მკაფიოდ და გადაჭრით ისმის რეჟისორის ხმა და ჩანს მისი პოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ თემა ფაშიზმის და რასიზმის კორელაციას ეხება, მსგავსი მანევრი სწორი და გამართლებულია, მჩაგვრელ და მოძალადე ჯგუფს თავისი სახელი ერქმევა, თანასწორობისათვის მებრძოლს თავისი, ყველა ვექტორი სწორადაა გადანაწილებული. ფილმის ბოლოს დოკუმენტური კადრები ჩნდება, რაც იდეალურად რეზონირებს მხატვრულ ნაწილთან, რომელიც წარსული ისტორიის რეპრეზენტაციაა, თუმცა აქ იმის ილუსტრირება ხდება, რომ იგივე შინაარსის და ბუნების აქტივობები დღეს, რეალურ ცხოვრებაშიც კვლავ განაგრძობს არსებობას. ლის ფილმი დროული და საჭირო ნამუშევარი გამოდგა, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ჭრილში. ამიტომ თუ კინოაკადემიას სურდა რეალურად მიეგო პატივი ჩაგრული ფენისათვის, შავკანიანთა კომუნისთვის, თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო რასული სტერეოტიპების გავრცელებისგან გაჩენილ ნეგატიურ შეხედულებებზე და დაეჯილდოვებინა კარგი ნამუშევარი, „მწვანე წიგნის“ ნაცვლად მთავარი ჯილდო „შავ კუ კლუქს კლანელისთვის“ უნდა გადაეცათ.

 

1 2 3 4