„ბოჰემური რაფსოდია“ იმის კარგი ილუსტრაციაა თუ ჯერ კიდევ რამდენად მყარად აქვს გეი სტიგმას ფესვები გადგმული ლიბერალურ ჰოლივუდში, უფრო სწორად, რამდენად უფრთხილდებიან სტუდიები საკუთარ შემოსავლებს და სამომხმარებლო პროდუქტის შექმნისას ცდილობენ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის გემოვნებას და შესაბამისად, ჯიბეს მოერგონ. ფილმს თავისი ცენტრალური პერსონაჟის სექსუალობის ჩვენების ეშინია და მაყურებელს მორიდებით, ირიბად უკეთებს მინიშნებებს ფრედი მერკურის სექსუალური ორიენტაციის შესახებ. სურათის ყველაზე მხიარული და გასართობი ეპიზოდებიც შემოქმედებითობისა და დრამატურგიისაგან სრულადაა დაცლილი, რადგან რეალური კონცერტის საარქივო მასალის მხატვრული რეკონსტრუქციაა, ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

 

 

ახალი „ვარსკვლავის დაბადება“ მის ისტორიის წარსულ ეკრანიზაციებთან შედარებით სიუჟეტურად ახალს არაფერს გვთავაზობს, მხოლოდ ძალიან ზედაპირული ფემინისტური მესიჯები შემოაქვს ისტორიის დასაწყისში, როდესაც ბარში ბრედლი კუპერის პერსონაჟს მთვრალი კაცები დაუწყებენ ბულინგს და ამ დროს ლედი გაგას პერსონაჟი დაიცავს თავის კავალერს, მის მჩაგვრელებს კი ფიზიკურად გაუსწორდება. თუმცა ემოციური და კარგი გაგებით სენტიმენტალურია სასიმღერო სცენები და ცოცხალი მუსიკალური შესრულების აღწერაც დასამახსოვრებელი ოპერატორული ნამუშევრით გვხვდება. ოპერატორი მეთიუ ლიბატეკი საკონცერტო ენერგიას, ატმოსფეროს, მაყურებლის და მომღერლის ურთიერთდეტერმინაციას იდეალურად გადმოსცემს. კამერა მაქსიმალურად მჭიდროდ იღებს მომღერლის და პუბლიკის ურთიერთობის მომენტს და საუკეთესოდ გადმოსცემს თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე სიმღერის გამოცდილება. კუპერსა და გაგას შორის ძალიან დამაჯერებელი ქიმიაა, მათი ურთიერთობის ვნება და დრამა საკმაოდ ემოციურია. თუმცა სხვა მხრივ, იდეურად მხოლოდ ცარიელი შაბლონები გვხვდება.

 

1 2 3 4