25 თებერვალს „ოსკარის“ დაჯილდოება გაიმართა. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ იმ ფილმებს, რომლებიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში იყვნენ ნომინირებულნი.

 

 

დავიწყოთ ცერემონიალის მთავარი ტრიუმფატორით. „მწვანე წიგნი“ არის ბამბის ნაყინივით ტკბილი და საყვარელი ფილმი, ისეთი, კეთილ ღიმილს რომ მოგგვრის სახეზე. თუმცა ისევე, როგორც ბამბის ნაყინი, დაცლილია სასარგებლო თვისებებისგან, არის ცარიელი კალორიები, დაბალი კვებითი ღირებულებით. ფილმი რასულ ურთიერთობებზე, რომელიც ამერიკის სამხრეთ შტატების 60-ანი წლების რეალობას აღწერს, არ უნდა გიტოვებდეს იმ განცდას, რომ კეთილ სანახაობას უყურებ, იმიტომ, რომ შავკანიანების მდგომარეობა 60-ანების ამერიკაში და მით უმეტეს სამხრეთში, არცერთი წამით არ ყოფილა პოზიტიურ ემოციებთან დაკავშირებული. ფილმი ვულგარული სიცრუით აყალბებს ისტორიას და ყველანაირად ცდილობს სეგრეგაციის საკითხი და რასული დისკრიმინაცია ჰაეროვნად აღწეროს, გაათანაბროს როლები თეთრებსა და შავებს შორის. რეჟისორი იმასაც კადრულობს, რომ მთავარ პერსონაჟს, შავკანიან, გეი მუსიკოსს, როდესაც პოლიცია მას გალახავს და დააპატიმრებს, (პირდაპირი ძალადობის სცენას კადრს მიღმა ტოვებს თან), ამ პოლიციურ წყვილსაც კი თეთრს და შავკანიანს აჩვენებს, ოღონდ როგორმე შეალამაზოს საკუთარი რასის და ნაციის ბრალეულობა და ორივე მხარეს თანაბრად დააკისროს ვალდებულება ჩაგვრაზე. მოკლედ, ესაა ფილმი ექსკლუზიურად თეთრი ლიბერალებისთვის, რათა თავი ბედნიერად იგრძნონ, ალიბი გაიკეთონ, რომ აი, არც ისე ცუდად იყო რასული კუთხით საქმე და დღეს ყველაფერი ბევრად უკეთესადაა. ისევე, როგორც ზედმეტად დაშაქრული ბამბის ნაყინი, ეს სურათიც, დასაწყისში შეიძლება სასიამოვნო ემოციებს იწვევს, მაგრამ ბოლოს, მხოლოდ გულისრევის შეგრძნება რჩება.

 

 

დაჯილდოების ერთ-ერთი ფავორიტი, „რომა“, 70-ანი წლების მექსიკაში, საშუალო კლასის წარმომადგენელი ოჯახის მოსამსახურე ქალზე მოგვითხრობს. ფილმი რეჟისორის, ალფონსო კუარონის, ბავშვობის მოგონებების რეკონსტრუქციაა, დრამატული და შავთეთრი, საოცრად ლამაზი და ექსპრესიული კადრებით სავსე. თუმცა, ფილმში სრულად არის უარყოფილი კლასობრივი დაპირისპირების საკითხი. პოლიტიკურ განზომილებას ნამუშევარი ვერ ქმნის, რადგან პირადი ურთიერთობების გრძნობით ბუნებაზეა მთლიანად მიჯაჭვული, რაც სერიოზული დანაკლისის გრძნობას ტოვებს, რადგან იმ ურთიერთობის ტიპი, რომელიც ეკრანზეა აღბეჭდილი – მუშათა კლასის მსახური ქალი და საშუალო ფენის დიასახლისი – განხილულია მხოლოდ იმ ჭრილში თუ რამდენად კეთილად ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს. ისტორიული კონტექსტის გასაძლიერებლად, რეჟისორი გაკვრით გვიჩვენებს სტუდენტური პროტესტის სცენებს, მექსიკაში განვითარებულ რეალურ სოციალურ ტრაგედიას, თუმცა ამასაც ძალიან ფრაგმენტულად, მხოლოდ ემოციური მუხტის გასაძლიერებლად იყენებს და არა განსახილველ თემად. ის რაც ყოველთვის უხვად იყო კუარონის ფილმებში, დაწყებული სადებიუტო ნამუშევრიდან ვიდრე „კაცობრიობის პირმშომდე“ – სიუჟეტი დატვირთული მისი მშობლიური მექსიკის თუ ზოგადად, გლობალური პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის ანალიზით, „რომაში“ სამწუხაროდ ძლიერ პერიფერიულ საკითხადაა წარმოჩენილი, რის გამოც მთელი მისი ესთეტური მომხიბვლელობა ფასეულობას კარგავს.

 

1 2 3 4