ნივთები და ლეა

 

ადრიანი დილაა და ლეას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც აკვირდება. ქალის ცოცხალმა, გამომცდელმა თვალებმა მონუსხეს. მისი დღის შუქით განათებული სახე ლეას რუნებს აგონებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოხუცი ქალის სახეს შენივთებია და მაცქერალის განვლილ ცხოვრებაზე მოუთხრობენ. მაგრამ საკითხავი აქ ის არის, რას აკეთებს ეს უცხო ქალი ლეას სარკეში.

ლეას ის იმ მოხუც ქალს აგონებს, კართან რომ იდგა და მისი შეშვება არ უნდოდა. მაგრამ ახლა ის  სარკიდან უყურებს. ლეა გაღიმებას ცდილობს და მოხუცი ქალიც  იქიდან საპასუხო ღიმილს უბრუნებს. გამხდარი, გაცქნაფული სახე, ცხვირი, რომელსაც ლეას ცხვირივით უნაკლოს ვერ დაარქმევ. თითქოს მასაც ჰყავდა უფროსი ძმა, საბავშვო ეტლი და მასში მწოლიარე ლეა ქვის კიბეზე რომ დააგორა. თუმცა ჩვილი ბალიშიანად გადმოვარდა ეტლიდან და  ისე დაეცა იატაკზე. ბევრიც არაფერი დაშავებია. გატეხილი ცხვირი კი რა ბედენაა.

ლეას რაც მოაკლდა და მოენატრა, ჩიტების ჟღურტული და მუსიკაა. ის ჰანგები, ადამიანებთან საუბრებივით რომ გახუნდნენ და გაფერმკრთალდნენ. ლეასთან წინადადებები ნაწყვეტ-ნაწყვეტღა აღწევს, თავსატეხი, რომლის ამოხსნაც დღითი დღე უძნელდება, ნელ-ნელა ენასაც ართმევს.

ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა ლეას მოღრეცილი ცხვირის გასწორება უფრო უპრიანად მიიჩნია, ვიდრე მისთვის სასმენი აპარატის გამოწერა და ისიც ექიმის კაბინეტიდან  ოპერაციისთვის მოსამზადებლად საჭირო მედიკამენტებით სავსე პარკით გავიდა. იმ ღამით სიზმარში დაგვიანებული საშობაო საჩუქარი მიუტანეს, რომელსაც მოუთმენლად შემოაცალა ქაღალდი. ორი ზუსტად ერთნაირი პლაკატი იყო, თეთრხალათიანი და თეთრქუდიანი მამაკაცი ეხატა ზედ. თავისი მუქი წვერით კაცმა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი მოაგონა ლეას. ქვემოთ კი ეწერა: „შენი სიკვდილი“.

მოღრეცილი ცხვირი არაფერს მიშავებს, ეუბნება ლეა სარკეში დანახულ დედაბერს და ვერ იჯერებს, რომ  ეს დედაბერი თვითონაა. თვითონ ხომ ჯერჯერობით ისევ მყარად დგას მიწაზე და დროის დინებას ებრძვის. სიბერე კიდევ… დამალული არავისთვისაა, რომ ის ელვისებური სისწრაფით გვიახლოვდება, ხოლო მისი ბოლო რა არის, ესეც ყველამ იცის. არც ლეას სჭირდება იმის შეხსენება, რომ ერთხელაც იქნება, ეს მოხუცი ქალიც გაუჩინარდება სარკიდან, ოქროსვარაყიან განიერ ჩარჩოში ჩასმული ძვირფასი ნივთი ახლა სხვა სახეებს აირეკლავს და, ერთ მშვენიერ დღეს, ეს სახეებიც უკვალოდ გაქრებიან.

ადამიანი კარგავს თავის ღირებულებას, თანდათანობით უვარგისი ხდება, ამბობს ლეა. ნივთები კი, რაც უფრო ძველდება და მეტ პატრონს იცვლის, მით უფრო ფასეული ხდება. ისინი მოდის ჭირვეულობასაც იტანენ, მას კი ერთი დღიდან მეორემდე ძლივს გააქვს თავი და დღეებიც დათვლილი აქვს.

დიდი, კედელთან მდგარი საათი რეკავს, ლეა საათის ქანქარას აჩერებს და რაღაცის ძებნაში აქეთ-იქით აცეცებს თვალებს. ეს ის სარკეა, ლეას რომ აბერებს. ლეა სარკეს კედლიდან ხსნის. მისმა სიმძიმემ ქალი კინაღამ წააქცია. განაწყენებული, სარკეს პირს კედლისკენ უქცევს და ისე დგამს. სიკვდილი, ამბობს, მკვდარი სარკე, უსულო, უსიცოცხლო და მარტოსული. არადა, თავისუფლად შეეძლო, ის იატაკზე დაეხეთქებინა, დაემსხვრია, და დანარჩენი ნივთებიც ზედ მიეყოლებინა, დროთა განმავლობაში რომ მოგროვდნენ მის ბინაში და თავი მოაბეზრეს. ჭიებისგან შეჭმულ, მაგრამ ჯერ კიდევ მყარ ხის მაგიდას, ბიდერმაიერის კომოდს, ბროკენჰაუსიდან1 ჩამოტანილ წიგნების კარადას ისე ხარბად შეავლო თვალი, თითქოს სანადიროდ ყოფილიყო გამოსული. ხედავს კიდეც, როგორ ამტვრევს, ჩეხავს, ანაფოტებს მათ და  ცეცხლში ისვრის.

უცბად ლეას უწინდელი შიში იპყრობს და ადგილზე აშეშებს. ის ცეცხლი2 ახსენდება, 1933 წელს გერმანიაში რომ ენთო და წიგნებს გულსაკლავად ანახშირებდა.


1 – ბროკენჰაუსი მეორადი მოხმარების ავეჯის მაღაზიაა შვეიცარიაში.

2 – 1933 წელს გერმანიის 70 ქალაქში ნაცისტურმა მთავრობამ ჩაატარა კამპანია, რომლის მიზანიც იყო, იმ წიგნების საჯაროდ დაწვა, რომლებიც არ შეესატყვისებოდა ნაციონალურ-სოციალისტურ იდეოლოგიას.

 

 

გერმანულიდან თარგმნა

კატია ვოლტერსმა

 

 

 

1 2 3