არ ისროლო

 

არ მაქვს უფლება, შენში შემოვიჭრა, შენი სიმშვიდე უხეშად დავარღვიო, როზა ლ., შენი სივრცე ჩემი სივრცე არ არის და არც არასოდეს ყოფილა, რადგან შენი ცხოვრება მანამდე შეწყდა, ვიდრე ჩემი დაიწყებოდა.

თოჯინა კი არა ქალი იყო, იანვრის ერთ ღამეს ლანდვერკანალში რომ ჩააგდეს, მანამდე რკინის მძიმე დგუში მოხვდა თავში, მიწაზე დაცემისას ხელიდან ჩანთა გაუვარდა და ცალი ფეხსაცმელი წასძვრა, უნიფორმებში ჩაცმულმა კაცებმა მანქანის თავმოხდილ ძარაზე აათრიეს, მანქანა რომ დაიძრა, ერთი მათგანი ძარაზე ასასვლელ საფეხურს შეახტა,

„არ ისროლო“, თქვა ქალმა,

ამას მოჰყვა ლიხტენშტაინის ხიდი, შავად მოლაპლაპე წყალი, ძალადობა, ქალი თურმე ჯერ კიდევ სუნთქავდა, გარემომცველ ბუნებას კი უშფოთველი თვლემისთვის მიეცა თავი. დღეს ის ხიდი აღარ არსებობს, მსხვერპლის სახელი კი, ისევე როგორც მკვლელებისა, ისტორიას ჩაბარდა, თუმცა დროთა განმავლობაში ახალი მოკლულებითა და მკვლელებით შეივსო. ლანდვერკანალთან მოკლულ ქალსაც მალევე მიივიწყებდნენ, მისი სხეული ას ოცდათექვსმეტი დღისა და ღამის შემდეგ არხის ერთ რაბში გარიყული რომ არ ეპოვათ, მარცხენა საფეთქელთან ნატყვიარით, სანახევროდ გახრწნილი. ქალი იყო, თოჯინა ხომ არა.

ჩუმად იყავით, ეს კადრი რომ არსად გაგვექცეს და ისე დარჩეს, თითქოს ახლა, ამწუთას მოხდა ყველაფერი. და როზა ლ.-იც კვლავ ცოცხლებში დავიგულოთ. საღამოა, ჩამავალი მზე, რომელიც სახლების სახურავებს და კედლებს, ქუჩების ბეტონს სპილენძისფრად აელვარებს, ფანჯარასთან მიტყუებს. სულ რამდენიმე გამვლელი, მათ შორის მოხუცი წყვილი, მამაკაცი პატარა ბიჭით, ქალი, კეფაზე გამონასკვული მუქი თმით, ღია საწვიმრითა და მუქი კაბით, ისე მიაბიჯებს, როგორც ქალი, რომელსაც სადღაც ელოდებიან. ეს უცნაური შუქი კი, ჩამუქებულ ცაზე სპილენძისფრად რომ გათხაპნილა, თავბრუს გახვევს.  გამვლელებს ქოლგები და სხვა საჭირო ნივთები უჭირავთ ხელში, ზოგს მზის სათვალეც უკეთია. თავიანთ სახლებსაც აუჩქარებელი ნაბიჯით, დაბინდებამდე მიაღწევენ, ლანდვერკანალიდან, იმ ღამიდან და როზა ლ.-სგან შორს. იმ  არხში კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის და ადრე თუ გვიან ზღვაში ჩაიკარგება, დავიწყებას მიეცემა, ისევე როგორც სხვა უამრავი ამბავი, სანამ მათში მოქცეული ჩაგრულთა ხმა ჩვენამდე მოაღწევდეს, სანამ იმ კედლებს გახეთქავდეს, რომელებსაც მე აქ შეგნებულად არ ვასახელებ. სანამ გაძლიერდებოდეს, განსხეულდებოდეს. ჩვენ მას ისე ვუყურებთ, როგორც მე ჩემს კატას, ღამის პეპელას რომ ჩასაფრებია და სადაცაა დაიჭერს და შეჭამს კიდეც – ინსტინქტის ამბავია, ბუნებაში უდევს. როზა ლ., ნიუ-იორკში ყოფილა ერთი მუზეუმი და ამ მუზეუმში თურმე ინახება მასალები, რომელშიც სიკვდილით დასჯის განსაკუთრებული მეთოდებით გამოწვეული სხეულის დეფორმაციებია აღწერილი. მომაკვდინებელ იარაღად ნებისმიერი საგნის გამოყენება ყოფილა შესაძლებელი. ან იქნებ ჩვენ ვაქციეთ მკველელობა ხელოვნებად, იქნებ ჩვენ გვაქვს თვითნაბადი ნიჭი სხვათათვის სიცოცხლის მოსწრაფებისა?

„არ ისროლო“,

იქნებ უკვე მკვდარიც ხარ და არ იცი, იქნებ დამარცხებულების გუნდში თამაშობ, იქნებ იყიდები, იქნებ იოლად შეიძლება შენი მოსყიდვა, იქნებ ზედმეტად ხშირად გიკითხავდნენ გრიმების ზღაპრებს, იქნებ ამწუთში კარს მძიმე ურდულით კეტავ, ფანჯრებსაც გმანავ და სულაც არ გინდა რამე გაიგო? არც გამკივანი სირენები განაღვლებს, არც SOS სიგნალი, ტერორიზმზე ხომ აღარც კი ღირს რამის თქმა, ზიხარ შენივე შიშის სარდაფში გამოკეტილი და ხმაგაკმენდილი.

დღეები ერთმანეთს მისდევენ, კვირები, ზაფხულიც მალე გაიხურავს კარს, ჩიტები ჟღურტულს მოუმატებენ… მე შენს წერილებს ვკითხულობ, როზა ლ., წეროებზე, სამხრეთისკენ გადაფრენისას პატარა ჩიტებს ფრენაში რომ ეხმარებიან, ქორებსა და მიმინოებზე, მგალობელი ფრინველების გუნდს რომ უერთდებიან და თბილი ქვეყნებისკენ ერთად მიფრინავენ; ვცდილობ, ეს ყველაფერი გონების თვალით დავინახო, მაგრამ მე მხოლოდ შენს მაქმანიან საყელოს ვხედავ, როზა ლ., ადამიანი, ძალიან რომ ზრუნავს ჩემზე, მირჩევს, წინააღმდეგობის გაწევისა და ორთაბრძოლების ტექნიკას დავეუფლო.

„არ ისროლო“,

შორეულ ქვეყანაში შვებულებაში მყოფს ვიღაც ღია ბარათს მიგზავნის, ვიღაც მიხსნის, ერთი ბილეთით მსოფლიოს გარშემო როგორ ვიმოგზაურო, გეგონება არანაირი დაბრკოლება არ არსებობდეს, გეგონება, ფეხსაცმლის ქონა სიარულის უნარს გაძლევდეს; თითქოს ის, რაც შორს ხდება, აქ არ ხდებოდეს, თითქოს სახეებსა სხეულებს შორის კედლები არ იყოს. ყველგან იგივე თამაშია, რომელიც საბოლოოდ სიკვდილით მთავრდება, ერთი ბრუნავს და სხვები მის ირგვლივ ტრიალებენ თოჯინებივით, ილუზიონისტმა მაყურებელს შუშის ბურთულაში გამომწყვდეულნი რომ დაანახვა, შაქარყინულის ქილაში, ახლომდებარე მაღაზიიდან, სარეცხი მანქანის შუშის თვალში გამომწყვდეული ტიტლიკანა თოჯინები, რომელთაც ანონიმური ძალა მართავს. როზა ლ.-ის გვამი გატაცებულია, – კითხულობ მიუნხენის ცნობათა ფურცელში განთავსებულ დეპეშათაგან ერთ-ერთს, ლანდვერის არხში მოტივტივე, დუმილში ჩაძირული ადამიანი. დღე და ღამე კვლავ ჩვეულ რიტმში ენაცვლებიან ერთმანეთს. კატას შვიდი სიცოცხლე ჰქონია, მომიტევე, თავხედურად ჩაგეკითხები, შენს ადგილას კატა რომ ყოფილიყო, გადარჩებოდა?

 

1 2 3