ვინ იცის, იქნებ, ქალს სიცხე აქვს და რასაც ხედავს,

რისიც სჯერა ბოდვაა მხოლოდ.

 

 

იქნება ქალი იმას ცდილობს, თავისი კაცის

გადატენილ და გადატვირთულ გრაფიკში, ანდაც

დახურულ კარში შეაძვრინოს პატარა სხივი,

და დაატარებს ქალი სიყვარულს, რომელიც ისე ზედმეტია, როგორც ბრაზისას

კედელს შემსკდარი პომიდორი ,

რომელიც ისე

ყარს და სვრის დროსაც – დარჩენილი სახლში ნაგავი…

 

 

კაციც არასდროს ბრუნდება შინ.

 

 

რაღა ქნას ქალმა? ჯდება საწოლზე და  ნახევარღმერთს

ისე ლანდავს,

რომ მის ფშვინვასაც ისმენს მერე…

 

 

მის ხერხემლის ხაზს ისე ყნოსავს,

ისე ეყრდნობა მოცახცახე მუცლით მის მუცელს,

რომ რასაც ლანდავს ,

რასაც ფიქრობს,

რასაც კი ხედავს

ცხადზე ცხადი და ეჭვგარეშე ჰგონია უცებ.

 

 

შეკრთება ქალი.

შეხედავს მის წინ წყება-წყება დაწყობილ ფურცლებს ,

გადაეკვრება რეალობა , ვით ნედლი წკეპლა

ლანდქმრის სახლიდან გასაშვებად, დასავიწყებლად …

 

 

იშლება ყველა მისი ფრაზა, სიტყვა და სტროფი.

მხოლოდ ატყვია ქაღალდს მლაშე ცრემლის ოვალი ,

ხოლო ქალს – შიში უკაცობის, შავი მომავლის.

 

 

და ხვდება ქალი…

პოეტ ქალებს კაცებისაგან,

საყვარელი და საოცნებო კაცებისაგან

სხვა არაფერი არ დარჩებათ გარდა ფურცლების,

გარდა სიზმრების და ლექსების შვილისმაგვარის.

 

 

 

 

1 2 3 4