იმ ღამეს აღარაფერი დამესიზმრება,
რადგან ქალწულის საწოლიდან სიზმრებმაც იციან გაპარვა.
როგორც კი ოთახს მზის პირველი სხივი დაეცემა,
ჩემი კაცის მძიმე მკლავს მოვიცილებ ძუძუებიდან,
ჩემს გახდილ სამოსს წამოვიცვამ და როცა თვალებს ოდნავ გაახელს,
როცა გამოფხიზლების გზას დაადგება,
გადმოვაფრქვევ თვალებიდან ორ წყვილ ცრემლს, მეტი ტრაგიზმისთვის,
მთელი მონდომებით გავიღიმებ, ვეტყვი, რომ უკან აღარ გამომყვეს და წავალ.
და იმ დღის მერე გამოვიცვლი ბინის მისამართს, ტელეფონის ნომერს , სახელს და იმიჯსაც კი ,
რომ ჩემმა კაცმა ვერ მიპოვოს და არაფერი მკითხოს .
გავაჩენ შვილს.
ვიქნები მარტოქალი,
ვიქნები მარტოდედა…
გავიყოფი შუაზე, რომ ჩემმა შვილმა არასოდეს მკითხოს ჩემს საყვარელ კაცზე.
გავაჩენ შვილს და გავზრდი მარტო.
ვატარებ ბაღში და სკოლაში,
მოვუყვები მენტალურ პრობლემებზე,
ციკლზე,
კაცებზე,
ქალთა ჩაგვრაზე,
უმცირესობათა უფლებებზე,
ვასწავლი, რომ სიყვარულს არ აქვს სქესი.
ვიქნები მარტოდედა, რომელსაც კი არ დაუფრთხება და დაემალება,
არამედ მუხლზე ჩამოადებს ხოლმე თავს და ათასგვარ კითხვას დამისვამს.
ვასწავლი, როგორ უყვარდეს საკუთარი თავი, რადგან თვითსიყვარული წარმოქმნის სხვათა სიყვარულს,
ვასწავლი, როგორი თვალის ჩრდილი მოუხდება მისი თვალის ჭრილს,
ვასწავლი, როგორ დააკრას ტრუსს ოლვეისის სასიამოვნო სურნელიანი პაკეტი,
როგორ მოიცილოს ფეხებიდან თმა,
ვასწავლი ყველაფერს, რაც უნდა იცოდეს ქალებზე და კაცებზე და არასოდეს გამოვაბამ ფეხზე ბორკილებს,
ვასწავლი შეცდომების დაშვებას,
ვეტყვი, რომ შეუძლია დარჩეს მეგობარ ბიჭთან,
ღამე გავიდეს სახლიდან და ისეირნოს,
რომ შეუძლია ყველაფერი აკეთოს, რადგან მარტოდედა მას არასდროს მიატოვებს.
ვასწავლი ცხოველების სიყვარულს და კიდევ ბევრ რამეს ვასწავლი.
დროა…
სანამ ჯერ ისევ დუღს ჩემი სხეული და სიყვარულის ლტოლვა ახრჩობს,
გავაჩენ შვილს იმ კაცისგან, ვინც ძალიან მიყვარს.