დუმილი ჩამოწვა.

და მერე უცებ ნუნუ მეუბნება, კარგი აბა, ნინუცა, კიდევ დაგირეკავ.

დაიცა, ნუნუ, დაიცა. ჩავყვირე, პირველი შემთხვევა იყო,  რომ არ მინდოდა ასე მალე წასულიყო. გამითიშა.

ეკრანზე მისი სახელი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და მერე სულ გაქრა.

და უცებ, გულთან,  მხუთავი ტკივილი ვიგრძენი. მერე თვალები დავხუჭე  და ვიღაც უცნობი დავინახე, 50 წლის შემდეგ ცხოვრებაში იდგა და რაღაცით თითქოს მეც მგავდა. ჩემს მომავალ თუ პოტენციურ შვილსაც.

ის ძალიან დაკავებული ჩანდა, მეტისმეტად დაკავებული.

მისი ტელეფონის ეკრანზე ჩემი სახელი ენთებოდა, მას კი საპასუხოდ არ ეცალა.

მე კი, 50 წლის შემდეგ ცხოვრებაში ვიჯექი ქალაქის გარეუბანში, ერთადგილიან საწოლზე, ფეხებზე მციოდა და ვინმე მენატრებოდა.

ალბათ, ათი წუთი ვიჯექი ასე გათიშული, ტელეფონით ხელში.

მერე ავდექი. გარეთ გავედი და ტაქსი გავაჩერე.

და გამახსენდა ნუნუ, რომელიც მირეკავს და ვისთვისაც არასოდეს მიკითხავს თავშესაფრის მისამართი.

1 2 3 4