ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა და იისფერი პერანგი, წარმოგიდგენია? რომ შემოვიდა, ჯოხი კედელზე მიაყუდა და გოგოებს ხელზე  გვაკოცა.

ვინ გოგოებს?

ჩვენ, ნინუცა, რა დაგემართა. ჩემთან ოთახში ხომ სამნი ვართ და ყველას ჩამოგვიარა. შენი მეგობარი ბიჭები ხელზე არ გკოცნიან?

არა, ძირითადად დედას… აღარც დავამთავრე აზრი. ხო, მერე, ნუნუ?

მერე და, სუფთა სუნი ჰქონდა, ხომ წარმოგიდგენია, მოხუცი, მაგრამ სუფთა. ლავანდის თუ… არა, მინდვრის სუნი!

რა ვიცი, წარმომიდგენია? ახლა წარმოვიდგენ.

და სექსუალურია? ნუნუს კი არა, უბრალოდ ვიკითხე, უაზროდ. თან ფურცელზე ფანქრით ვარსკვლავებს ვხატავდი მიყოლებით. მე ან სამკუთხედებს ვხატავ, ან ვარსკვლავებს.

კარგი რა, ნინუცა, რა თქმაა ეგ. ტყუილი ბებრული გაბუტვა გაუშვა. მაგრამ იმდენად სურდა ამბის დასრულება, მალევე დაავიწყდა. განაგრძო.

და ის შემოვიდა და გაგვეცნო. და შემდეგ ჩვენ მაგიდას შემოვუსხედით და უამრავი ვისაუბრეთ. და სადილზე ჩემ გვერდით დაჯდა. და შემდეგ ტელევიზორს ვუყურეთ ერთად და წარმოგიდგენია? ზუსტად იმ ფილმს აჩვენებდნენ…

რა ფილმს –  გამომრჩა, რაღაც მომენტში უბრალოდ ვეღარ ვუსმენდი.

მე კი ვიცი, რომ აღარ დარეკავს, მაგრამ ხომ შეიძლება, აი, ზუსტად ახლა რეკავდეს, როცა რაღაც ბებრულ ისტორიებს ვისმენ ნახევარი საათია და უბრალოდ ჩათვალოს, რომ ტელეფონი გამიფუჭდა ან.. ან. და მეტჯერ აღარ სცადოს. თან, რაც სამსახურიდან ისე წამოვედი, რომ არავინ გამიფრთხილებია, მითუმეტეს. მაგრამ, ალბათ, ახლა ოჯახში მრგვალ მაგიდას უსხედან ჩაიზე.  აი, იმ მაგიდას, ერთხელ რომ ვნახე, აგვისტოს ბოლოს, არდადეგებზე, როცა ერთი კვირით სახლში მარტო დარჩა.

და მერე უცებ მის საძინებელში სკამზე გადაკიდებული შინდისფერი ლიფიც გამახსენდა და გამაჟრჟოლა. მაგ ერთხელ იყო, „საქმეზე“ სახლში რომ დამიძახა. აშკარად ნუნუს ამბების მოსმენა ჯობდა.

… და ის უცებ მკლავზე შემეხო და მითხრა, გინდათ, ხანდახან ერთად მოვუსმინოთ ხოლმე მუსიკასო. და ნუნუ უცებ დადუმდა.

მისმენ, ნინუცა?

ანუ რა, დაევასე? მოვყოჩაღდი, ყურადღებიანი მსმენლის როლში დავბრუნდი.

ნუნუ კი განაგრძობდა.

პარასკევს საღამოს, კინოდან რომ გამოვედი, ნუნუსგან ოთხი ზარი დამხვდა. მოსაყოლი დაუგროვდა ეტყობა, გავიფიქრე და დავრეკე.

გვიან  გამაგონა.

მეკიდე, რაო აბა, რას შვებით შენ და შენი კავალერი.

თუ არ შემაწყვეტინებ, მოგიყვები, მითხრა.

ხუთშაბათს ღამე მის ოთახში შევიპარე და საწოლზე ჩამოვჯექი. თავს კარგად ვერ გრძნობდა.  ჯერ ჩაი დავალევინე. მერე მუსიკასაც მოვუსმინეთ. სციოდა. ვიფიქრე, გავათბობ-მეთქი. ჯერ ხელებით ვეცადე, მერე… უბრალოდ გასათბობად შევუყავი ფეხები ლოგინში… და უცებ, – კიდევ უფრო დაუდაბლა ხმას – და უცებ მწვდა და ხელები შემომხვია და ხალათიანად გვერდით მომიწვინა. იცი, როგორ მიყურებდა? ყველაზე ლამაზი მეგონა თავი, ყველა კბილი ადგილზე მქონდა და აღარც ხალათი მეცვა და არაფერი. როცა კაცი ასე გიყურებს, მნიშვნელობა არ აქვს, რა გაცვია და როგორი ხარ.  არც კარი იყო ჩაკეტილი, არც არაფერი. გოგოები გავაფრთხილე, თუ შემოვლაზე ვინმე გამოჩნდებოდა, დაეკაკუნებინათ, მაგრამ  არავინ გამოჩენილა. იცი, რამდენი წელია კაცთან არ ვწოლილვარ? 35! დაგვეძინა და დილამდე ასე ვიწექით, ჩემი ხელი არ გაუშვია. მხოლოდ გამთენიისას ვიგრძენი,  ხელში სიპი ქვა მეჭირა, გაყინული, მძიმე. შემეშინდა, მე არ დამაბრალონ-მეთქი, ჩუმად ავდექი, ჩემს ოთახში შევიპარე და დავწექი. გოგოებს ვუთხარი, შუაღამეს მოვედი, გეძინათ-მეთქი. მგონი არ დამიჯერეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ.

1 2 3 4