/ნაწყვეტი მომავალი წიგნიდან/

 

მე და ნინო ჩვენი შვილთაშვილის თვალებში ვცხოვრობთ. საბინაო პირობებზე ვერ დავიწუწუნებ, – ორი მშვენიერი ოთახი გვაქვს; მყუდრო, კეთილმოწყობილი ბინაა, თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ნუციკო დილაბნელზე არ მაღვიძებდეს.

– ნუციკო, ბაბუ, ცოტა მადროვე, მეზარება გაღვიძება, – ყელი გავუწვდინე ნუციკოს.

შენც არ მომიკვდე, ყური არ მათხოვა. ნინომ მისაყვედურა:

– ბავშვს გაეღვიძა და როგორ მოიქცეს, თავი მოიმძინაროს?

– ჩემი ხათრით მოიმძინაროს, რა მოხდება?

– არა, არა, არა! – ატირდა ნუციკო და ბინაში ცისფრად გაგვიწვიმდა.

ცისფერი წვიმა ჭერიდან გვასხამს, კედლებზე ცისფერ ნაკადულებად მოედინება, იატაკზე გროვდება. ამიტომაცაა ჩვენს ბინაში ყველაფერი ცისფერი-ჭერი, კედლები, ფანჯრები, სამარილე და დანა-ჩანგალიც კი – ყველაფერს ცისფერი დაჰკრავს.

– არიქა, წარღვნა! ცისფერი წართვნა ჩვენს ბინაში! – შევძახე მე.

ნინომ იატაკზე ტილო გააფინა და ვითომც არაფერიო,  მომიგო:

– რიგითი წარღვნაა, გადაივლის; ყვირილს გიჯობს, სათლი გამომიტანო!

იმედი მქონდა, ნუციკო ტირილს შეწყვეტდა, ჩემი ლოგინი არ მეთმობოდა, ამიტომ მივაყვირე ნინოს:

– ფეხზე ხარ და ბარემ შენ გამოიტანე სათლი!

ნინომ სახე გაიმკაცრა:

– ხომ იცი, ადგომის დროა, რით ვერ გეთმობა სველი ლოგინი! როგორმე აითრიე წელი!

უნდა ვაღიარო, ნუციკოს ცრემლებმა ლოგინი მართლაც დამისველა. ვერაფერი სიამოვნებაა ასეთ ლოგინში წოლა, თავადაც ვაპირებდი ადგომას, მაგრამ ნინოს მომართვა მეწყინა:

– რას ნიშნავს წელი ავითრიო?!

– კარგი, ბატონო, როგორმე აბრძანდი სველი ლოგინიდან, მეცი პატივი!

არც ეს მომართვა მესიამოვნა, ამებუზღუნა, მქონდა კიდეც მიზეზი:

– გამოძინებას არ გადროვებენ ადამიანს, რა უბედურებაა ყოველ ცისმარე ცისფერი წარღვნა!

წამოვდექი, გავერანებულ ბინას თვალი მოვავლე, ბავშვს რა უხვი ცრემლდენა აქვს-მეთქი,-აღვნიშნე, მერე სააბაზანოში გავედი და სათლისკენ რომ დავიხარე, წელის არეში ტკივილი მწვდა, ადგილზე გამაქვავა, უმწეოდ გაშეშებული შევემუდარე ნუციკოს:

-ნუციკო, ბაბუ, შენმა ცრემლებმა ბინა დამინესტიანა. იცი, რა საშინელებაა, ცისფერი ნესტი რევმატიზმს რომ გაგიჩენს? ტირილი შეწყვიტე, გთხოვ! ვაიმე, წელი!

– სათლი! სათლი! – ოთახიდან გამომძახა ნინომ.

– წელი! წელი! – გავძახე მე.

– იატაკს ვწმენდ, საქმე მაქვს! – გამომძახა ნინომ.

რას გახდები, უნდა წავჩოჩიალდე. სათლიანად წავჩოჩიალდი, ოთახამდე გავაღწიე და იქ ნინო მეუბნება:

– სათლი ჭაღის ქვეშ დადგი, იქიდან მეტად ასხამს!

ნინოს მითითებები მაღიზიანებს. გინდაც წელგაშეშებული ვიყო, ამ წარღვნაში მაინც მე ვარ კაპიტანი, ჩემზე უკეთ არავინ იცის, ღვარცოფისას როგორ მოიქცეს.

– ჭაღის ქვეშ კი არა, აი, აქაა ამის ადგილი! – ვუთხარი ნინოს და სათლი ტელევიზორთან ჩამოვდგი, თანაც მივაცქერდი, ერთი რას მიბრძანებს – მეთქი ქალბატონი, რას მოისურვილებს, რას მოინებებს – მეთქი ქალბატონი…

ნინო არ შემპასუხებია. რომ შემპასუხებოდა, წელის არეში ჩამარწუხებულ ტკივილს საშველს გავუჩენდი, ცოლზე ვიყრიდი ჯავრს, მაგრამ არ შემეპასუხა და რა გინდა ამ დროს გააკეთო? არადა, როცა წელი ასე გტკივა, ვიღაცაზე ხომ უნდა გაბრაზდე, გული მოიოხო, ჰოდა, მეც გავბრაზდი და ნუციკოს მშობლებს მივაძახე:

– თქვენ ნორმალურები ხართ?! ბავშვს პამპერსი გამოუცვალეთ! ბინაში წარღვნა გვაქვს, წარღვნა!

– ისეთი არაფერი ხდება, დაწყნარდი, – თქვა ნინომ გულისმომკვლელი სიმშვიდით და სველი ტილო სათლში ჩაწურა.

ნინოს სიმშვიდე ჭკუიდან შემშლის! ამას სიმშვიდე აღარ ჰქვია! ამას ჰქვია გულგრილობა! დიახაც, გულგრილობა, ქმრის ტკივილის მიმართ გულგრილობა ჰქვია ამას!

– მეტი რა უნდა მოხდეს?! – გავმჭექარდი მე, – შეხედე ჭერს, კედლებს შეხედე, ბოლოს და ბოლოს, შემხედე მე, წელში ვერ გავმართულვარ!!!

– გადაივლის, გადაივლის, – თქვა ნინომ და სველ იატაკზე ტილო გააფინა.

არა, არა, ნინოს ჩემი არ ესმის! მითითებები კი კარგი იცის, იცოცხლე: სათლი იქ დადგიო! როგორმე წელი აითრიეო! წელი! წელი! ვაიმე, წელი! ჩემი სრულიად, სრულიად არავის ესმის ჩემი!

აჰა, მგონი, გაიგეს. ნუციკოს დედა ბავშვს მკერდში იკრავს, პამპერსს უცვლის, შემდეგ საწოვარაწამოცმულ ბოთლს მოარბენინებს. მამა ნუციკოს ეთამაშება, ნუციკო აღარ ტირის, ბავშვი წყნარდება, მშობლები იმ დათუნიას აძლევენ, ნუციკოს რომ უყვარს. ნუციკო იცინის და როცა ის იცინის, ჩვენს დანესტიანებულ ბინაში მზე შემოდის, სასწაულებრივი სისწრაფით შრება კედლები, ჭერი, იატაკი; სასწაულებრივი სისწრაფით მითბება წელი, ტკივილი მტოვებს და ვიცინი, ვიცინი, ნინოც იცინის, გვეცინება სასაცილო დათუნიაზე და გვიხარია ნუციკოსთან ერთად სიცილი და ყველაფერი ისე ძალიან მყუდროვდება, რომ აქ ყოფნას არაფერი სჯობს.

– ვგიჟდები ამ დათუნიაზე, რა ცხვირ-პირი აქვს, – დათუნიასკენ ვუთითებ ნინოს.

– უსაყვარლესი ცხვირ-პირი აქვს, – იცინის ნინო, – და თვალები, დათუნიას გულუბრყვილო, ცისფერი თვალები, – იცინის ნინო, – დათუნიებს ცისფერი თვალები აქვთ? – იცინის ნინო.

 

 

 

1 2 3