მოხრილები იდგნენ, არ იმართებოდნენ; გული დამწყდა, ცისფერი ნესტი სათვალავშიც რომ არ ჩააგდეს, ამიტომაც ჩავერთე:

– თქვენი არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ ცისფერმა ნესტმა დილაუთენია ასე გამაშეშა, შემხედეთ!

მეც წავიხარე, გავშეშდი. ვიდექით წელში წახრილი სამი მეგობარი, ერთმანეთს თვალით ვზომავდით, იმის დამტკიცება გვსურდა, რომ ჩვენ-ჩვენი ნესტი იყო ყველა ნესტზე უნესტესი, რევმატიზმისგან მოგვრილი ჩვენი ტკივილი კი ტკივილთა შორის უმტკივნეულესი და ვიხრებოდით და მეტად და მეტად ვიხრებოდით, წელკავიანობის თამაში აგვიტყდა შუა ფიჭვნარში, მაყურებლებიც გამოგვიჩნდნენ, შემფასებლებიც, – ის უფრო წახრილი დგას, მაგას უფრო ტანჯავს რევმატიზმიო, ხან ჩემკენ, ხან სუქოსკენ, ხანაც წრიპასაკენ უთითებდნენ და ჩვენც ვიხრებოდით და ვიხრებოდით, სანამ სუქომ არ თქვა:

– რას მეუბნებით, რას მიმტკიცებთ?! ღია თაფლისფერმა რევმატიზმმა ისე გამაშეშა, რომ სამსახურში ვერ წავედი! სამადლობელ პროექტზე ვმუშაობ. ჩვენს ქალაქში სოფის სახელობის ულამაზესი ხეივანი უნდა გავაშენო, მე კი წელკავმა სამსახური გამაცდენინა. ახლა რაღას მიბრძანებთ?!

წრიპა წელში გაიმართა, ჩვენც გავიმართეთ, წრიპამ თქვა:

– სოფის სახელობის ხეივანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი სამადლობელი პროექტიც არ არის უმნიშვნელო. სპექტაკლს ვდგამ, თეატრის მთელი დასი დავაკავე, ყველა ჩემი შემყურეა, მე კი ორი რეპეტიცია გამაცდენინა წაბლისფერმა ნესტმა. წელში ვერ გავიმართე, სამსახურში როგორ წავიდოდი?

– მე სამი, სამი დღე გამიცდა სამსახურში! – სუქომ სამი თითი შემართა.

– მე ოთხი, ოთხი რეპეტიცია გამიცდა, ოთხი! – წამოიძახა წრიპამ და ოთხი თითი შემართა.

– აკი, ორი რეპეტიცია გამიცდაო?! – გაწიწმატდა სუქო.

– ოთხი-მეთქი, ოთხი დღე გამიცდა, ოთხი! – ჩამოსძახა წრიპამ.

– მაშინ, მე – ხუთი, ხუთი დღე გამიცდა, თუ კაია! – ასძახა სუქომ.

– მე – ექვსი, დიახაც, ექვსი დღე, მთელი კვირა გამიცდა!

– თუ ასეა, მე სულაც უხელფასო შვებულებაში მომიწია გასვლა, რადგან ღია თაფლისფერი ნესტი ყველა ნესტზე უნესტესია!

– არაფერიც, არაფერიც, ყველა ნესტზე უნესტესი წაბლისფერი ნესტია!

გაცლა ვამჯობინე, მეგობრებს გავერიდე, ზღვისკენ გავეშურე, გზად მომყვებოდა მათი ხმები და გაწამაწია. მერე ზღვა გამოჩნდა – უკიდეგანო, ლივლივა ზღვა და ნაპირს მოლამუნებული წყლის ჩემი სუნთქვა – ჩშშ, ჩშშ, ჩშშ. ერთხანს ვუცქირე, თვალი და სმენა დავიამე, შევემზადე ზღვასთან შესახვედრად, პირსახოცი ცხელ ქვებზე გავაფინე და წავედი, დავიძარი და შემეხო მარილიანი და თბილი და ლამუნა და ლურჯი, ლურჯი და უკიდეგანო, სადაც ჩავყურყუმელავდი და გავცურ-გამოვცურე, გავსრიალდ-გამოვსრიალდი და შემომეფიქრა: „უფ, უფ, როგორ მისრიალებს სხეული ზღვაში! უფ, უფ, რა კარგია, გმადლობ-შენ, გმადლობ!“ ცურვით რომ გული ვიჯერე, ზურგზე გავწექი, სხეული ზღვის მსუბუქ რწევას მივანდე და დედა გამახსენდა. ის მანანავებდა ასე სათუთად, ახლაც მანანავებს, დედა მანანავებს, მე დედაჩემის ნაწილი ვარ, მე ამ სამყაროს ნაწილი ვარ, კრიალა ცა დამცქერის მაღლიდან და დიადი მზე და გმადლობ-შენ, გმადლობ, მე ხომ ამ ცის და ამ მზის ნაწილიც ვარ და ვფიქრობ, მსუბუქ რწევაში მეფიქრება: „ნუციკო ახლა იცინის, იცინის და როცა ის იცინის, მის ცისფერ თვალებში მზის სხივები თამაშობენ, ნუციკოს მოცინარ თვალებში ვარ, ნუციკოს მოცინარ თვალებში ვნანაობ, გმადლობ-შენ, გმადლობ!“

 

 

 

 

 

 

1 2 3