ამისთვის ღირდა წარღვნისა და ტკივილის გადატანა. ჩვენს ბინაში გამჭვირვალე, ცისფერი სიხარული ისადგურებს.
ცისფერმა სიხარულმა ზღვა გამახსენა.
– პლაჟზე წავიდეთ, მზიანი ამინდია, – შევთავაზე ნინოს.
– პლაჟზე შენ წადი, ბინას მივალაგებ, – თქვა ნინომ და სააბაზანოსკენ გაემართა.
ძალიან უცნაური ქალია ჩემი ცოლი, – მე რომ ვეტყვი, ისე მოვიქცეთ – მეთქი, აუცილებლად საპირისპიროს მოიფიქრებს. არ უნდა და ნუ უნდა, მე კი ამ მზიან დღეს არ გავაცდენ, გავცურავ და გამოვცურავ, გავირუჯები, მზის აბაზანები ჯანმრთელობას გამიკაჟებს.
შორტებში გამოვეწყვე, შლოპანცები წამოვიცვი.
– პირსახოცი არ დაგავიწყდეს! – სააბაზანოდან გამომძახა ნინომ.
არა, არა, ნინოს გამუდმებული მითითებები აუცილებლად აღსაკვეთია, მაგრამ ახლა არ ღირს, გუნება გამიფუჭდება.
– წავედი! – დავუბარე ცოლს, პირსახოცი მხარზე გადავიკიდე, ბინიდან გავაბიჯე.
ჩვენი სახლი ზღვასთან ახლოს დგას. ზღვამდე ფიჭვნარია, აქ საქანელები და ტრენაჟორები ჩაუდგამთ, კორტებზე ჩოგბურთს თამაშობენ, ველოსიპედით დასეირნობენ, კოხტა ფაცხებიდან კი ახალგამომცხვარი ხაჭაპურის მადისაღმძვრელი სურნელი იფრქვევა. გინდა გაკაჟდი, გინდა პირი ჩაიგემრიელე; გინდა გაკაჟებულზე ჩაიგემრიელე პირი, როგორც შენს სულსა და გულს ესიამოვნება, ისე მოიქეცი. ფიჭვნარში ხელოვნური ტბაცაა – ფერადი იხვები, გედები, ფლამინგოები, რა ჯურის ფრინველს არ ნახავთ ტბასთან. საიდანღაც შაშვის სტვენა-გალობა შემომესმა და ისე გულიანად გალობდა შაშვი, რომ შევყოვნდი, გარემოს თვალი მოვავლე, ყვითელნისკარტა მგალობელს ვეძებ. დავინახე, ხის ტოტზეშემომჯდარა, ყელი აუზიდავს, სტვენს, გალობს, გალობს, ვდგავარ, ვუსმენ, მერე გაფრინდა, თვალი გავაყოლე, სასიამოვნოდ დამბანგველი, მაცოცხლებელი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ზღვის მომლაშო სუნს რომ იგრძნობ გრილ ფიჭვნარში, უმალ გეუფლება სიმშვიდის, სიჯანსაღის, ჩუმი ბედნიერების ნეტარი მოთენთილობა. უფ, რა კარგია ჩვენთან, ზღვის პირას! უფ, რა კარგია ჩვენი ბულვარი! – გამეფიქრა მე და ისიც გამეფიქრა, იქნებ სწორედ ეს მარტივი წყობა სჭირდება – მეთქი სამადლობელ ტექსტს. ამაზე დიდი ხანია ვმუშაობ, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ და მერე ისევ ვშლი დაწერილს, მეჩვენება, რომ ტექსტის მელოდიკას ვერ მივაგენი. მელოდიკას შაშვმა მიაგნო, სტვენს შაშვი, გალობს და ესაა მისი სამადლობელიც; ჰოდა, სათქმელი იქნებ მარტივად უნდა ითქვას, – „უფ, რა კარგია ჩვენთან, ზღვის პირას! უფ, რა კარგია ჩვენი ბულვარი!“ კალმისტარი და ფურცელი უნდა წამომეღო, რა იცი, სად გეწვევა შთაგონება; თუმცა, დავიმახსოვრებ, მარტივია, ხშირ-ხშირად გავიმეორებ ხოლმე და დამამახსოვრდება: „უფ, რა კარგია ჩვენთან, ზღვის პირას! უფ, რა კარგია ჩვენი ბულვარი!“
ციყვმა ჩამირბინა, ფიჭვის ხეს მიაშურა. ციყვს თვალი გავაყოლე, სუქო და წრიპა შევნიშნე, ჩემკენ მოემართებოდნენ.
სუქო ტანმორჩილია და გამხდარი, ბავშვობიდან ასეთი იყო, ხუმრობით ამიტომაც შევარქვით სუქო. წრიპა მსუქანია და ახოვანი, ბავშვობიდან ასეთი იყო – ზორბა და ღაბაბა, ხუმრობით ამიტომაც შევარქვით წრიპა. სუქოს ღია თაფლისფერი პირსახოცი მოაქვს, ღია თაფლისფერი შორტები აცვია, წრიპას – წაბლისფერი. სუქო თავისი შვილთაშვილის – სოფის თვალებში ცხოვრობს, წრიპა თავისი შვილთაშვილის, ნიკას თვალებში. ჩვენ, სამივენი, მესამე თაობის ქუჩელები ვართ. მომიახლოვდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. სუქომ შემომღიმა:
– ზღვის მერე შენ და წრიპას ხაჭაპურზე გეპატიჟებით, სოფი სამი წლის გახდა.
მივულოცე. ფჭვნარს გავუყევით.
– კოშმარული დილა მქონდა, – თქვა წრიპამ.
– წარღვნა? – ვკითხე მე.
– უჰუუ, – გეგონება, ზღვიდან ვეშაპი ამოდგაფუნდაო, ისე მძიმედ ამოიხვნეშა წრიპამ, მერე თქვა: – წაბლისფერმა ნესტმა რომ რევმატიზმი იცის, ნუ იტყვი…
– ღია თაფლისფერი ნესტის ამბავი მკითხე! აი, მაგან იცის, თუ იცის რევმატიზმი და ტკივილი! – გაწრუწული სუქო, როგორც ყოველთვის, ზორბა წრიპას სიტყვაში ახლაც ჩაუხტა და მივხვდი, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ისევ წაეკიდებოდნენ. ჩემი მეგობრები კამათით არ იღლებიან, კამათობენ და კამათობენ, თანაც იბრიქებიან; უფრო სწორად, გაჩხიკული სუქო ებრიქება წრიპას, წრიპა კი მაღლიდან დასცქერის და მთიდან დაძრული ლოდივით ზემოდან ეგრუხუნება სუქოს. სასაცილო საცქერია, დამღლელი რომ არ იყოს. შეჩერდნენ, დაიძაგრნენ, სუქო წრიპას ქვემოდან მიაცივდა:
– შენ მიმტკიცებ, რომ წაბლისფერი ნესტი უფრო მტკივნეულ რევმატიზმს აჩენს, ვიდრე ღია თაფლისფერი ნესტი? ამას ამტკიცებ?!
– დიახაც, ვამტკიცებ! წაბლისფერი ნესტი ყველა ნესტზე უნესტესია, ხოლო, წაბლისფერი ნესტისგან გაჩენილი რევმატიზმი ურევმატიზმესი! ტკივილისგან ასე ვიკაკვები, აი, ასე! – თქვა წრიპამ და წელში მოიხარა, გაშეშდა. მოხრილიც კი სუქოზე მაღალი იყო.
– ეგ რა არის, ძმაო, მე ასე ვიკაკვები, აი, ასე! – თქვა სუქომ და ახლა ის მოიხარა.