/გაგრძელება/

ლაჰიმა

 

სელის თეთრი პერანგი აცვია; ახლოსაა, მაგრამ რომელიღაც სიშორიდან მიცქერს; მე მიცქერს, მაგრამ ეს მისთვის სულერთია და ლაჰიმას ხმა, როგორც ქარისგან დარწეული ხის ხმა უდაბურ სახლთან:

– ცეფერ, – ვეუბნები ქმარს, -ცეფერ, შემოდი ჩემში სიყვარულით, ის დღეები მაქვს, როცა უნდა გაგვიმართლოს! მიღიმის, თვალებს მიკოცნის, ყურის ბიბილოზე ტკბილად მკბენს, ცეფერის სუნთქვა ყურთან, ცეფერის კბილების ნაზი სიბასრე ბიბილოზე, ცეფერის ხაოიანი ენა ჩემს ყურში ჟრუანტელებს მოაჭენებს, ოხშივარის ჟრუანტელები ყურიდან კერტებზე, ტვინში, შუაში – ვმწიფდები, ყელს მიკოცნის, მიკოცნის მკერდს და ჩემი ხელები ცეფერის თავზე, ცეფერის თმებში შეცურებული ჩემი თითები, ის მკერდს მიკოცნის, მერე მშორდება, პერანგს იხდის, შიშვლდება და ვხედავ – ცეფერი მზადაა, მაშიშვლებს, მხარზე მკბენს, მეც მზად ვარ, რადგან იქ, შუაში, სიმწიფე წვენით დამენამა და ვკოცნი ცეფერს, – სადაც მისი სხეულის სიშიშვლეს ვიხელთებ, ყველგან ვკოცნი ცეფერს, ცეფერის ტუჩები ჩემს ტუჩებზე, ცეფერის ენას ჩემს ენაზე ცეფერის ნერწყვის გემო მოაქვს, ფეხებს ვშლი, ცეფერის ხელი ჩემს ბოქვენზე, ცეფერის თითი იქ, – შუაში, სადაც მწიფე და წვნიანი ვარ და – ოჰ, – ამოდის ჩემი წიაღიდან, – ოჰ! ზემოდან მაწვება, შემოდის და – ოჰ, – ისმის ჩემი წიაღიდან, – ოჰ! „როცა ცეფერის ასო ჩემს საშოში მოძრაობს, შინ ვარ“, – ვფიქრობ, რწევას მივყვები და – ოჰ, – ისმის ჩემი წიაღიდან, – ოჰ! – „აი, ვირწევი, ცეფერის ასოს მივყვები და მასთან ერთად ვირწევი, ჩემს ნამდვილ სამშობლოში ვირწევი, ცეფერის ასოა ჩემი სამშობლო,“ – ვფიქრობ და მინდა, ისევ ვიგრძნო ცეფერის ნერწყვი ჩემს ენაზე, მაგრამ ტანს მაღლა სწევს, მაჯებს ეყრდნობა, ზემოდან დამცქერის, მოძრაობს ჩემში, მივყვები, მივყვები და ჩემი ხელი თავისით იქ, ჩემი თითით იქ, – ყველაზე მგრძნობიარე წერტილში და იქიდან ელდის შხეფები ტვინში, ელდის შხეფები მთელ სხეულში და კერტები ჩემი, ჟრუანტელით დაბერილი ჩემი კერტები და ცეფერის წელზე შემოჭდობილი ფეხები ჩემი, რწევას მივყვები და – ოჰ, – ისმის ჩემი წიაღიდან, – ოჰ! და ის აქეთ-იქით სრიალებს ჩემში, ხან პირდაპირი ბიძგებით მოსრიალებს და – მიყვარხარ! – ამოდის ჩემი წიაღიდან, – მიდი! – ამოდის ჩემი წიაღიდან და ფრჩხილებს ჩემსას ცეფერის დაძაგრული მკლავები შიათ, საშოს ჩემსას ცეფერის დაძაგრული ასოსგან სწყურია, რათა დარწყულდეს და გამეხსნას საშო სიცოცხლისთვის, რათა დარწუყლდეს და გამეხსნას საშო სიცოცხლისთვის და ჰა, ზღვარზეა, ვგრძნობ-ზღვარზეა, და ხმა მაღლიდან, ამოგმინვა და -ოჰ! – ისმის ჩემი წიაღიდან, – ოჰ! და ცეფერი მოწყვეტით ჩემზე, ღრმად ვსუნთქავთ,  ჩაოფლილები ვსუნთქვათ ერთად და მახსენდება, უცებ მახსენდება, – ცეფერ, გამერიდე, გადაბრუნდი, ცეფერ, – ვეუბნები, – შეტყუპებული ფეხები უნდა ავწიო, რათა შენგან ბოძებულს მისხალიც არ დააკლდეს, – გამერიდე – მეთქი, ცეფერ, გამერიდე! – რა სისულელეა, – ამბობს ცეფერი, თუმცა მიჯერებს, მშორდება, გვერდზე ტრიალდება, მიცქერს და ვხედავ – ცეფერი დაღლილი და კმაყოფილია, – „ახლა კი დედამ როგორც მითხრა,“ – ვფიქრობ, კედლისკენ ვჩოჩდები; ტანი უფრო რომ ავიზიდო, წელის ქვეშ ხელებს ვიწყობ, შეტყუპებულ ფეხებს მაღლა ვწევ, ქუსლებს კედელს ვაბჯენ, რათა ფეხებაწეულმა დიდხანს, რაც შეიძლება დიდხანს შევიტოვო ცეფერისგან ბოძებული, რათა ჩემმა წიაღმა ბოლომდე შეიწოვოს ცეფერისგან მოძღვნილი და ბოძებული, რათა ჩემი სხეულის ნაწილად იქცეს ცეფერისგან ჩატოვებული საჩუქარი და გამეხსნას საშო სიცოცხლისთვის და გამეხსნას საშო სიცოცხლისთვის და გამეხსნას საშო სიცოცხლისთვის და ვიქცე ქალად, წამობურცულ მუცელს სიამაყით რომ მიატარებს აქეთ და იქით, და ვიქცე ქალად, ფეხმძიმობის გულზიდვებს რომ უჩივის, სხვა ქალები კი უსმენენ, რჩევას აძლევენ, – ასე მოიქეციო, ისე მოიქეციო, და ყველა რჩევა მას ეკუთვნის, მისთვისაა, თუნდაც იმიტომ, რომ ისაა ახლა მთავარი, დაიმსახურა, რადგან წამობურცულ მუცელს სიამაყით მიატარებს აქეთ და იქით და რა მერე – გულიც თუ ერევა, ეგ არაფერი, ეგ არაფერი, ფეხმძიმობას თავისი წესი აქვს, ქალი გადაიტანს, ქალი ყველაფერს გადაიტანს, თუკი წამობურცულ მუცელს სიამაყით მიატარებს აქეთ და იქით, ქალი გაუძლებს, მეც გავუძლებ, ალბათ გავუძლებ, არა – უეჭველად გავუძლებ, რადგან ძუძუებს ჩემსას მშიერი ჩვილის ღრძილები შიათ და ის დღეები მაქვს, როცა წესით უნდა გაამართლოს; ვუცქერ ცეფერს, ცეფერი დაღლილი და კმაყოფილია, მე -ცეფერისგან დარწყულებული, შეტყუპებული ფეხები კედელზე მაქვს აბჯენილი, წელის ქვეშ გადაჭდობილი ჩემი ხელები ჩემს ტანს მაღლა სწევს, რათა ცეფერისგან ბოძებული დიდხანს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩემში; – ვინ გასწავლა? – მიღიმის ცეფერი; – დედამ მირჩია, დედამ იცის, – ვეუბნები, – მიყვარხარ, ცეფერ, – ვეუბნები; ჩამოკაწრულ მკლავს მაჩვენებს, – რას მერჩოდი? – ისევ იღიმის; „ეგ არაფერი,“ – ვფიქრობ, – „მოგიშუშდება, როგორმე გადაიტან,“ – ვფიქრობ, – „მთავარია, რომ დღეს გიყვარდი; წესით უნდა გაამართლოს,“ – ვფიქრობ; ცეფერი საწოლიდან დგება, თუნგთან მიდის, ჩამოკაწრულ მკლავს წყლით იგრილებს, პერანგს იცვამს, თუნგიანად გადის შინიდან, თვალს ვაყოლებ, – „ჯერ მოფსამს, მერე ასოს დაიბანს,“ – ვფიქრობ, – „მეც უნდა გავსუფთავდე, მეც უნდა გავსუფთავდე, მაგრამ – არა, რაც შეიძლება დიდხანს ჩავიტოვებ ცეფერისგან ბოძებულს,“ – ვფიქრობ, – „თუ მეორედაც მოინდომა, მაშინ გავსუფთავდები, თუ არადა – დილით,“ – ვფიქრობ, -„იყოს აქ, დარჩეს ჩემში, ის დღეები მაქვს, როცა უნდა გაამართლოს,“ – ვფიქრობ, კედელზე მიბჯენილ ფეხებს ვუცქერ, – „რა მოხდება, ასე რომ დავიძინო? არაფერიც არ მოხდება, თავს მშვენივრად ვგრძნობ, რაც შეიძლება დიდხანს, დიდხანს, ფეხებაწეულმა დიდხანს, რათა მისხალიც არ დააკლდეს, დედამ მირჩია, დედამ იცის,“ – ვფიქრობ; – ჰო, მშვენივრად ვარ, – თავს ვიმხნევებ, მაგრამ წელის ქვეშ შეწყობილი ხელები მეღლება, ხელებს ვითავისუფლებ, ტანი ქვემოთ მეწევა, ფეხები კი ისევ კედელზე მაქვს მიბჯენილი, ფეხის თითებს ვპარჭყავ, ცეფერის მოსვლამდე ვერთობი, მახალისებს გაპარჭყული ფეხის თითებით თამაში, ბავშვობას მახსენებს და ვიღიმი; ცეფერი ბრუნდება, თუნგს კართან ტოვებს, საწოლთან  მოდის, გვერდით მიჯდება, წვივებზე ხელს მისვამს, ცეფერს სველი ხელისგულები აქვს, მსიამოვნებს, – ხელებს მამშრალებ? – ღიმილით ვეკითხები, – ჰო, – ამბობს ცეფერი, – ასე უნდა დაიძინო? – მიღიმის ცეფერი; – ნახე, რა საყვარელი თითები მაქვს, – ვეუბნები და ფეხის თითებს ისევ ვპარჭყავ, რათა ცეფერს ჩემი მოკლე, მსუქანი, სასაცილო ფეხის თითებიც უყვარდეს; ცეფერი იცინის, პირაღმა წვება, თვალებს ხუჭავს, – ლაჰიმა! – ამბობს თვალდახუჭული ცეფერი და მომწონს, თვალდახუჭული ცეფერი ჩემს სახელს რომ ამბობს; წარმოვიდგენ, რომ სძინავს ცეფერს და ჩემზე აბოდებს ახლა ცეფერს და ეს მსიამოვნებს, გული მითბება და – ჰო, ჰო, – ჩემი გამთბარი გულიდან ნათქვამი, – ჰო, – ჩემი წიაღიდან თავისთავად დაძრული, – ჰო, ცეფერ! – დამდნარად ამოთქმული, – ჰო, ცეფერ! – და თვალს ახელს, ჩემკენ იხრება, შუბლზე მკოცნის, ისევ წვება, გვერდზე ბრუნდება, ზურგს მაჩვენებს: – ადრიანად ონანი მოვა, ბოსელია გასამართი, ხელს შემაშველებს, დაიძინე, – ამბობს ცეფერი და ყუჩდება. ცეფერის ზურგს ვუცქერ, – „რა დროს ბოსელია, როცა ის დღეები მაქვს?“ – ვფიქრობ, – „ასეთ დღეებში ხშირად უნდა გიყვარდე, შენ კი მხოლოდ ერთხელ გიყვარდი,“ – ვფიქრობ, – „ერთხელ ვუყვარდი, მაგრამ ხვავრიელად ჩაიწურა, წესით უნდა გაამართლოს,“ – თავს ვიიმედებ და ამის მიზეზიც მაქვს, რადგან იმ დღეებში დავრწყულდი ცეფერისგან და – „ნეტა ვის დაემსგავსება?“ – ვფიქრობ, – „ვაჟი თუ გოგო, გოგო თუ ვაჟი?“ – ვფიქრობ და ნეშამეს შვილებს წარმოვიდგენ, – ორი გოგონა, ერთი ვაჟი, – სამივე ჯანსაღია, ნეშამეს ლამაზი და ჯანსაღი ბავშვები ჰყავს, მეც ასეთები უნდა მყავდეს, უკეთესებიც, ყველაზე ლამაზები და ჯანსაღები, „ხვალ როგორმე შევირბენ ნეშამესთან, დისშვილებს ჩავკოცნი, რათა ნეშამეს წყალი გადამესხას,“- ვფიქრობ, მაგრამ ხაშონის კურდღლისტუჩა გოგონა მახსენდება და მაშინებს, კურდღლისტუჩა ძმისშვილი ასე ცხადად რომ დამიდგა თვალწინ, საბრალო გოგონა, საბრალო გოგონა, საბრალო ბავშვი, მაგრამ მასზე ფიქრი ახლა არ შეიძლება, ის დღეები მაქვს და არ შეიძლება, ცეფერმა დამარწყულა და არ შეიძლება, „ლამაზებზე და ჯანსაღებზე უნდა ვიფიქრო“, – ვფიქრობ, ნეშამეს შვილებს ვიყენებ თვალწინ, მათ ვეფერები, „დისშვილებს რამე ნუგბარს დავუცხობ“, – ვფიქრობ; მახსენდება, რომ მაზლი მოვა და კაცებისთვის კერძია მოსამზადებელი, „რა მოვამზადო, რა მოვამზადო? რამეს მოვიფიქრებ,“ – ვფიქრობ, – „ანდა, ცეფერს შევეკითხები; ცეფერს რაც ესიამოვნება, იმ კერძს გავაკეთებ, ონანისთვის მაინც სულერთია, რასაც მაგიდაზე ჩამოუდგამ, იმას შეჭამს, ჭამით კი შეჭამს, მაგრამ არც მადლობას იტყვის, არც შეგაქებს; ონანი უჟმურია, ცეფერი რასაც მეტყვის, ძმებს იმ კერძით გავუმასპინძლდები; რატომაა ონანი ასეთი უჟმური?“ – ვფიქრობ, – „უცნაურად მიცქერს ონანი, თვალებს მიმალავს ონანი; რატომ? რატომ? იქნებ ვუნდივარ ონანს? მგონი, ვუნდივარ, კი, კი, კი, ონანს ნამდვილად ვუნდივარ, ორივე ძმას მე ვუნდივარ, სასაცილოა“, – ვფიქრობ და ამ ფიქრთან ერთად მეღიმება, რაღაც თბილად მეტრუნება მუცელში, კატასავით, კატასავით მეტრუნება მუცელში და ვიღიმი და ვგეგმავ, როგორ მოვექცე ონანს, ჩემს ვარაუდში საბოლოოდ რომ დავრწმუნდე.„როგორ მოვექცე უჟმურ ონანს? – ჩვეულებრივზე უფრო თბილად?“ – ვფიქრობ, – „თუ პირიქით, ჩვეულებრივზე უფრო ცივი ვიყო?“ – ვფიქრობ, – „ორივე ხერხს ვცდი და დავაკვირდები,“ – ვფიქრობ და ჩემს გაპარჭყულ ფეხის თითებზე მეტად მართობს ჩემი ფიქრები; სასაცილოდ მეჩვენება ონანის უჟმური ხასიათი, – „სასაცილოა, აბა, რა!“ – ვფიქრობ, – „სულ ახლახანს გოგონა ვიყავი, ახლა ქალი ვარ, ოჯახის საქმეს ვუძღვები“, – ვფიქრობ და მსიამოვნებს იმის შეგრძნება, ქალი რომ ვარ, ოჯახის საქმეს მე ვუძღვები, ხვალ ქმარს და მაზლს მე დავაპურებ, მამაჩემისგან მზითევში გამოყოლილ ჭურჭელს მე გავაწყობ მზითევში გამოყოლილ მაგიდაზე; მამაჩემისგან მზითევში გამოყოლილი სახლის ზღურბლზე დავდგები და ეზოში გამოდგმული სუფრიდან ქმრის ქებას მე მივიღებ, – რა გემრიელი კერძი გაგიკეთებია, რა გემრიელი ხელი გაქვსო! დიახაც, გემრიელ კერძსაც ვამზადებ და საწოლშიც გემრიელი ვარ, – ცეფერმა იცის, ცეფერს ვუყვარვარ, ონანმა კი ჯამში ჩარგოს ცხვირი, არც მადლობა თქვას, არც შემაქოს, სულ არ მანაღვლებს; მე  ქალი ვარ, ის დღეები მაქვს, როცა წესით უნდა გაამართლოს  და მჯერა, – გამიმართლებს კიდეც, რადგან ჩემს ძუძუებს მშიერი ჩვილის ღრძილები შიათ, ჩემს სიამაყეს მამაჩემისგან გამოყოლილი მდიდარი მზითევი არ ჰყოფნის, ჩემს სიამაყეს ჩემი წამობერილი მუცელი აკლია და ამიტომაც, ხვალ როგორმე მოვიხერხებ, აუცილებლად გავძვრები ნეშამესთან, დისშვილებს ნუგბარს მივუტან და ჩავკოცნი, ბევრჯერ ჩავკოცნი, ლამაზებს და ჯანსაღებს ჩავიხუტებ, რათა ლამაზები და ჯანსაღები ჩამეხატნონ სხეულში და – „ჰო“, – ვფიქრობ, – „ჰო, ნეშამესთან, ხვალ ნეშამესთან, ხვალ დისშვილებთან, როგორმე, როგორმე, აუცილებლად“, – ვფიქრობ და მერე არაფერზე ვფიქრობ, კედელზე ფეხებმიბჯენილს ქუთუთოები მიმძიმდება, თვალზე რული მეკიდება, სადღაც ვიძირები, აღარაფერზე მეფიქრება.

დუმილი.

– ლაჰიმა! ლაჰიმა!

დუმილი.

ლაჰიმას ჩემი ხმა ესმის, მაგრამ მისთვის  ესეც სულერთია.

ლილისფერი სიჩუმეა – ჩაკარგული, სადღაც ჩანთქმული და ლაჰიმას დუმილი, როგორც სიჩუმე უდაბურ სახლთან.

ლილისფერი სიჩუმიდან

 

 

1 2