ონანი

 

დაბაში რამდენიმე ონანი ცხოვრობდა და უკეთ რომ გაერკვიათ, ვისზე იყო საუბარი, – წითურიო, – აზუსტებდნენ, – წითური ონანიო.

„ონან, ბედკრულო, ბედკრულო ონან, ეს გზა როდემდე უნდა ცვითო?!“ – იფიქრა ველისკენ მიმავალმა. ბოლო ხანს მოუხშირდა, დასჩემდა – წითური ონანი წითურ ონანს სახელით მიმართავდა და თუნდაც თავი შეებრალებინა – შე ბედკრულოო, შვებას მაინც გრძნობდა, რადგან მარტოსულისთვის საკუთარი ხმის ექოც გამოსავალია, ერთგვარი შვებაა – ჩემი ხმა ხომ დამიბრუნდა, არც ისე მარტო ვყოფილვარო.

ღამის ზმანებაში პირველად განცდილმა ვნებამ გადააწყვეტინა, ცხადში გაევლო ის გზა, რამაც ლაჰიმას სიყვარული თავს დაატეხა.

მზე რომ ამოიწვერა, ონანი თავის სიზმარს კვალში ჩაუდგა. საჩეხიდან თხები გამორეკა, დაბის ვიწრო ქუჩაზე გააბიჯა, – წინ თხები, თხების უკან – ონანი. „რაღაც მაკლია, რაღაც ვერაა ისე“, – იფიქრა მაშინ და მერე მიხვდა – თავისი ორეული აკლდა, იმას ვეღარ იხელთებდა, ვინც ონანის პირისკანზე მოდებული წითური ღინღლის თითო ღერს ამჩნევდა; გარედან მაცქერალი თავისი თავი აკლდა; წუხანდელ სიზმარში სწორედ ამის შეგრძნება იყო ყველაზე უჩვეულო, მომნუსხველი, ჩამთრევი და რა მერე – სიზმარს კვალში თუ ჩასდგომია და ცხადშიც იმავეს იმეორებს, საიდანაც ღამის ზმანებამ აამოგზაურა, – არც არაფერი, თხების მწყემსი თხებს ველისკენ მიერეკება, – სულ ესაა, რასაც სინამდვილე სთავაზობს. სინამდვილემ უჩვეულობის, მომნუსხველობის ხიბლი დაკარგა. ონანის პირველი იმედგაცრუებაც ეს იყო და წითურმა მაშინ იფიქრა, რომ სიზმარში მოგზაურის შარავანდედი ახლდა, აქ კი მწყემსია, უბრალო მწყემსი, წინ – თხები, თხების უკან – ონანი, ონანის მიღმა  ონანი გაქრა, არ არსებობს, ან სადღაც მიჩუმათებულა და დასცინის, რათა ონანმა გული დაიწყვიტოს, ჩასწყდეს გული, გულში გაქვავდეს, რადგან წუხანდელი ღამე წყალგამყოფია იმ ონანსა და ამ ონანს შორის, წუხანდელი სიზმრის შემდეგ ცხადშიც სიზმარს მოძებნის ონანი, – იქ კარგი იყო, ზმანებას ლაჰიმამდე მიჰყავდა თურმე, ლაჰიმასთვის ამზადებდა, გაორების დამბანგველი ბურუსით ითრევდა ლაჰიმასკენ, რათა გაორებული ონანი მოყვითალო – მონაცრისფრო  ბუჩქთან გამთლიანებულიყო და ძალამოცემული გათავხედებით რძალს დაუფლებოდა; იქ, ზმანებაში გაცილებით უფრო ცხადად გრძნობდა, რომ ხორცშესხმული მამაკაცია და ხორცშესხმული ქალის სურვილი ყელში მობჯენია, რომ მოსათხოვს ხვეწნა – მუდარით კი არ ითხოვს, მოსათხოვს მოიპოვებს, მაგრამ სანამ მოიპოვებდეს, სანამ ხორცშესხმულ მამაკაცად იგრძნობდეს თავს, ჯერ სიზმრის სიოა, სიოსაყოლილის მოგზაურობაა სიოსთან ერთად და წუხანდელი სიზმრის ხიბლიც იმაში იყო, რომ მოულოდნელ შედეგამდე თანდათან, ძალდაუტანებლად, მსუბუქად შეიტყუა ონანი, – წითური ყმაწვილი, თხების მწყემსი, ვინც სახლთან, ქვაზე ჩამომჯდარმა ღამე გატეხა და დილაბნელზე დაბეჯითებით იცოდა, რომ ყოფით ყოველდღიურობაშიც სიზმრით იცხოვრებდა, ცხადშიც დღენიადაგ სიზმრის მძებნელი, თავისი სიზმრის კვალს გაჰყვებოდა.

სიზმარში მეტი სიცხადე იყოო, – იფიქრა ონანმა, დაიხარა, ქვას მისწვდა, ფერდობზე შემდგარი თხებისკენ ისროლა, შეუძახა – ჰოლაა! ჰოლაა! – და უეცრად მიხვდა, რომ სიზმრად შეძახებულ – „ჰოლაას!“ ბაძავდა, იმავე ინტონაციის, იმავე ბგერის გამეორებას ცდილობდა, რათა როგორმე გამოეხმო, თავისკენ მოექაჩა ღამის ზმანება. აქაც იმედგაცრუება იგრძნო, ვიღაცის თუ რაღაცის შერცხვა, მერე იფიქრა – სიზმარში მეტი სიცხადე კი არა, სიზმარში იქნებ ნატრული სიცხადე იყოო, – და გული დაუმძიმდა.

 

 

 

 

1 2