ტრეპანაცია, ტრეპანაცია, ტვინს არ შეეხოთ, ნინოსთან ერთად იქ ბევრი სიტყვებია – სიყვარული, ბედნიერება, თაფლობის თვე, ბულვარი, ზღვა, ფიჭვები, ჩრდილი, ჰაერი, სასტუმროს აივანი, ხედი ზღვაზე, ლურჯი – უსაზღვრო, ლივლივა – უსაზღვრო, მზე, მზის მოწითალო ჩაწრეტვა ზღვაში, ლოგინი, სუფთა, ერთად – კარგია, ერთმანეთში – კარგია, სიყვარულში გათანგვა – კარგია, სხეული, შეგრძნება, სიცოცხლე, თამაში, უმიზეზო სიცილი – კარგია, ხაჭაპური, მშია, ფაცხა ფიჭვნარში – ჩქარა, ბევრი სიყვარულის შემდეგ შესვენება ფაცხაში, მე და ნინო მაგიდასთან და მშია, როგორ მშია, – და შია, როგორ შია და გვეცინება, ასე რომ გვშია და ესეც სიცოცხლის თამაშია, მორიგი ბევრი სიყვარულის სამზადისია, სადაც ერთმანეთით და ერთმანეთში საკუთარ თავს ვიბრუნებთ და სიცოცხლით პირთამდე სავსენი არ ვფიქრობთ სიცოცხლის უპირობო მოცემულობაზე. სიცოცხლის უპირობო მოცემულობა ადრეულ ბავშვობაში აღმოვაჩინე და ბავშვური ჩემი შიში იქიდან მახსოვს – რა საზარელი იქნება ცოცხალი ადამიანის დამარხვა – მეთქი. მახსოვს. ეს მახსოვს. ტვინს არ შეეხოთ, ტვინს არ შეეხოთ, ჯერ ცოცხალი ვარ! – არ ესმით, მაიზერ საბო სახეზე სუდარას მაფარებს. ლილისფერიდან გოგოს ხმა:

– ავადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი თავის ტრამვა იყო?

„ავადობა“, „ავადობა“. „სიკვდილობა“ და „ავადობა“ ერთმანეთს ჰგავს, ორივე სიტყვას ლილისფერი ხსნარის სუნი აქვს. ლილისფერიდან მაიზერ საბო:

– ალბათ. თუმცა, მაშინ კონტაქტური იყო. გავწერეთ. იდენტობის დარღვევა მოგვიანებით გამოვლინდა. ისე, არსებითი კითხვაა, ყოჩაღ! – მაიზერ საბომ გოგო შეაქო.

ლილისფერიდან გოგოს სიამოვნებაში გამდნარი ღიმილი. გამოარჩია მაიზერ საბომ. უყვარს მაიზერ საბო. პროფესორი რომ აქებს, უფრო უყვარს მაიზერ საბო, მის შექებას მთელი არსებით ისრუტავს და მაიზერ საბოს ერთგულებაში სახე ებადრება. მე ვხედავ, ლილისფერიდან უკეთ ჩანს. ლილისფერიდან პროფესორი:

– იდენტობის დარღვევის შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორი გადამწყვეტ ფუნქციას იძენს. მე, რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. გაეცანით ავადმყოფობის ისტორიას. ლუიზა მის ჩანაწერებს გადმოგცემთ. ყურადღება მიაქციეთ დაავადების დინამიკას და თქვენი დასკვნა მომახსენეთ. ტრეპანაციაზე შევხვდებით, – ამბობს მაიზერ საბო, მაგრამ არ მიდის მაიზერ საბო. ისე მაცქერდება, ახლა რაღაცას იტყვის. ლილისფერი პაუზაა, სათქმელს ამზადებს, ამბობს:

– ბედნიერი მდგომარეობის ფორმულა ადამიანის თავის ტვინშია. ამაში დარწმუნებული ვარ. წლები შევალიე თავის ტვინის კვლევას და როგორც ნებისმიერ კვლევას, ამასაც თავისი მიზანი და ამოცანა აქვს. კაცობრიობის ბედნიერი მდგომარეობა, – ეს გახლავთ ჩემი ცხოვრების მიზანიცა და ამოცანაც, – მაიზერ საბო ჩუმდება, დამცქერის, ამბობს: – ფაქტობრივად, მან თავისთვის სამოთხე შეიქმნა და ვინ იცის, იქნებ ჩვენზე ბედნიერიც იყო.

მიდიან. ლილისფერი სიმარტოვე მკარნახობს ნინოს. ნინო და ნუციკო სადღაც აქ არიან. შორიახლოს. არიან. ტვინი. მაიზერ საბოს ჩემი ტვინი აინტერესებს. სპირტიან ქილაში ჩადებენ? არ ვიცი. ალბათ. ჩადებენ – არა, ჩაამწყვდევენ? არ ვიცი, ალბათ. ნუ ჩაამწყვდევენ, იქ ბევრი სიტყვებია – დედა, ღიმილი, მაგიდა, ჩაიდანი, სამზარეულო, საჭმელი, წიგნი, წიგნები, კითხვა, უნივერსიტეტი, ბაღი, ბიუსტები, ხეები, წითელი ხრეში, ჯგუფელები, ჯგუფელის ნაქირავებ ბინაში სმა, ფული, შეგროვება, იაფი ღვინო, ტაფამწვარი, აუდიტორია, ლიტერატურული საღამოები, ავტორთა სახელებით ყელყელაობა, მოდერნი, პოსტმოდერნი, პოსტპოსტმოდერნი, №20ავტობუსით უნივერსიტეტისკენ, ლექცია, მოსაწყენი, ბაღში, გოგო, გათქვირული, დაკერვა, იკერება, განმარტოება, დაჟღლიმვა, ხავერა – ჯგუფელის ნაქირავებში, ჩაღვრა – ერთხელ, ორჯერ, მოშიებულად – ბევრჯერ, მეგონა ცოლად მომიყვანდი, მეგონა ცოლად მომიყვანდი, უსინდისო, გარიდება, წერა, რედაქცია, №20 ავტობუსით რედაქციისაკენ, რედაქციის თანამშრომლები, ჭადრაკი, დავი-დაუბასე, მოლოდინი, ჟურნალი, დებიუტი, შენი სახელი შავით თეთრზე, ჟურნალის სუნი სადაც შენი სახელი შავით თეთრზე, სიამაყე, ნინოსთან კაფეში – ის იქით, მე – აქეთ, შუაში – ჟურნალი, სადაც ჩემი სახელი შავით თეთრზე, ნინო იცინის, ტვინში ნინოა და ბევრი სიტყვები. მაიზერ საბოს სპირტიან ქილაში ჩემი ტვინის გამომწყვდება უნდა, რადგან მაიზერ საბოს ბედნიერი მდგომარეობის ფორმულა აინტერესებს და მაიზერ საბოს მიაჩნია – ფორმულის გასაღები ტვინშია. როგორ ტვინში? თავის ტვინში. არა – ზოგადსაკაცობრიო თავის ტვინში, საერთო ტვინში, ერთ გამოყვანილ ტვინში და ერთ გამოყვანილ, საყოველთაო ბედნიერებაში. მახსოვს თუ ვიცი, მახსოვს თუ ვიცი, მახსოვს თუ ვიცი, აღარ მახსოვს და მაინც ვიცი, რა გავეშებით შეუდგნენ მშენებლობას, საყოველთაო ბედნიერებაში რომ აღმოჩენილიყვნენ. ესეც ხიზნობის ამბავია, რადგან ხიზნობის ამბავზე ზოგადკაცობრიული არაფერია.  ხიზნობის სიბეჩავემ უბიძგათ ამპარტავნებისკენ, ამპარტავნებამ გაახედათ იქით, სადაც საყოველთაო ბედნიერება ეგულებოდათ. და დაიძრნენ საყოველთაო ბედნიერებისკენ – ფიზკულტურელი ვაჟები და ფიზკულტურელი ქალიშვილები, პიონერები წითელი ყელსახვევებით, მშრომელთა ბრიგადები მკერდზე შრომითი ორდენებით, ჯარისკაცები ცისკენ აზიდული რაკეტებით, ტრანსფარანტებით, ომახიანი შეძახილებით, ლოზუნგებით საყოველთაო ბედნიერებაზე, რომელიც იმ დიდი მშენებლობით დაიწყო. და მოდის. და მოდიან. მაიზერ საბოც იქიდან მოდის. ის ლილისფერი პაუზა რას ნიშნავდა? რაღაცნაირი პაუზა იყო. ვიცი, რაც იყო. სტუდენტი გოგოს ბედნიერებაში გამლღვალი ღიმილი მაიზერ საბოს ესიამოვნა, მაგრამ არასათანადოდ ესიამოვნა და მაიზერ საბოს გულმა მაიზერ საბოს სტუდენტი გოგოს აღტაცება მოსთხოვა. პაუზით გოგოსთვის მოამწიფა სათქმელი, გოგოს გასაგებად და გოგოს მისამართით აღნიშნა, რომ წლები შეალია დიად საქმეს და თავის დიად საქმეს საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. სტუდენტ გოგონებს ხშირად უყვარდებათ პროფესორები, პროფესორებს მოსწონთ, როცა სტუდენტი გოგონების აღტაცებას იმკიან, – ლილისფერიდან უკეთ ჩანს, ლილისფერს რომ არ შევებორკე, გავიღიმებდი. მაღალი ვაჟი ჩემს სახეზე ასაკს იკვლევდა. რამდენი წლის ვარ? არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემის მუცელზე შემოდებული ხელების ბგერა. ბგერაში ბევრი სიტყვებია. დედაჩემის მუცელზე შემოდებული ხელები მესაუბრებოდნენ. წყალში ვიყავი, დროს ვერ ვგრძნობდი და მერე საიდანღაც გაჩნდა საათი. კედლის საათი წიკწიკებდა. მახსოვს. დედა საათის ცნობას მასწავლიდა. მახსოვს. კედლის საათი მაშინაც წიკწიკებდა, მე და ნინო ბავშვის საწოლისკენ რომ დავიხარეთ. გვიცინოდა. – ჩვენს შვილთაშვილსაც ნუციკო ერქმევა, მე და შენ მის თვალებში ვიცხოვრებთ, – ვეუბნები ნინოს. – რა სულელი ხარ, რა სულელი ხარ, რას არ მოიგონებ ხოლმე, – იცინის ნინო. ჩვილის ცქერისას სახე თავისთავად გებადრება, მაგრამ გულის სიღრმეში შფოთიც გიკრთის. შფოთი თუ ნაღველი თუ რაღაც ისეთი, რაც გაწუხებს და ამიტომაც მეტად იბადრები, სახის კუნთებს იჭიმავ და ეძებ სიტყვებს, რაც შეიძლება მიამიტ სიტყვებს, გულში გამკრთალი ის რაღაც ავი რომ გაიშორო. მაშინ მიამიტი სიტყვების, მიამიტი ამოძახილების დრო იყო და კედლის საათი წიკწიკებდა. მერე რაღაც მოხდა. რა მოხდა? დრო გამისხლტა. არა – დრომ შინაარსი დაკარგა. თუმცა, კედლის საათი ისევ წიკწიკებდა და დედაჩემის კითხვას – რომელი საათიაო? – ოდესღაც მიღებული ცოდნიდან ვპასუხობდი. პატარა ისარი თუ მეორე ხაზის შუაწელშია, დიდი ისარი კი ექვსიანთან – ორის ნახევარი ყოფილა. და ვპასუხობდი – ორის ნახევარია, დედა! მაგრამ რას ნიშნავს ორის ნახევარი, როცა ორის ნახევარი არაფერს ნიშნავს?დედა. ბინაში ხელჯოხის კაკუნით დადიოდა. ხელჯოხის კაკუნს შინაარსი ჰქონდა, საათის წიკწიკს შინაარსი არ ჰქონდა და საათის წიკწიკი დედაჩემის ხელჯოხის კაკუნმა ჩაანაცვლა. სავარძლის გვერდით, კედელზე მიყუდებული ხელჯოხი. მახსოვს. ფანჯარასთან ვიდექი. მახსოვს. ეზოში გოგონა ცისფერი ბუშტით. მახსოვს. გოგონამ ბუშტს ხელი გაუშვა, ბუშტი გაფრინდა, თვალი გავაყოლე, მახსოვს. დედას გამოვხედე. მახსოვს. დედა დუმდა და დედაჩემის გულზე დაკრეფილი ხელებიც დუმდნენ. დედას ხელები გაუცივდა და ბინაში ხელჯოხის კაკუნი მიწყდა. მახსოვს სიჩუმე. ყრუ სიჩუმე. ბინაში სველი ყვავილების სუნი. მახსოვს. წრიპა და სუქო და კიდევ სხვები და სიტყვები, ბევრი სიტყვები, რაღაც სიტყვები, ალბათ თანაგრძნობის, ჰო, თანაგრძნობის ბევრი სიტყვები, მაგრამ თანაგრძნობის ბევრ სიტყვებში ყრუ სიჩუმე, რადგან დედაჩემის ხელჯოხის კაკუნი აღარ ისმის. სიკვდილთან შეგუება სიცოცხლის ნაწილია. ვიცი. ბავშვი დედას რომ ეკითხება – ხომ სულ იქნებიო? – მან უკვე იცის, სიკვდილი რომ არსებობს და სიცოცხლის მომნიჭებლისგან ელის დასტურს, რომ დედა იქნება, მარადიულად იქნება დედა და დედასთან ერთად მარადიულად იქნება თვითონ. – შენში ვიქნები, შენს შვილებში, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში ვიქნები, მე სულ ვიქნები! – და რადგან დედამ მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა, სიკვდილთან შეგუება იმ წამიდან იწყება. ალბათ ასეც უნდა იყოს, ალბათ – სიკვდილის უპირობო მოცემულობას სიცოცხლის მომნიჭებელმა უნდა შეგაგუოს. ნინო.ნუციკო. ნუციკოს თვალების გარეშე ლილისფერ ხიზნობაში ვარ. ძმებიც ხიზნები იყვნენ. საღამოხანს, კოცონთან მამა ვაჟებს დაკარგულ სამშობლოზე უამბობდა, ცეცხლს მიცქერილი დედა დუმდა. ყელში გახირული სიმწრის გორგალი მამას დროდადრო სიტყვას აწყვეტინებდა, მაგრამ უფროსი ვაჟი დედის დუმილში, კოცონს ჩაჭიდებულ მის მზერაში მეტად გრძნობდა უნუგეშობას. ხიზანის იმედი დაკარგულის დაბრუნებაა. პირმშომ იცოდა – უკან დასაბრუნებელი გზა ჩაიხერგა.

 

1 2 3