/გაგრძელება/

ლილისფერ სიბრტყეზე ლილისფერი ტემპერატურა. ლილისფერიდან ფანჯარა, სკამი, კედელი, ჭერი, ჭერზე ნათურა. ვგრძნობ ლილისფერს. სუნი აქვს. რის? ქიმიის კაბინეტი. გრძელ მაგიდაზე კოლბები. მასწავლებელს ვანო ერქვა? არ მახსოვს. დავცინოდით, ვიღაცამ ძუკუ შეარქვა. ავიტაცეთ – ძუკუ. – ქიმიაზე შედიხარ? – ჰო, ძუკუსთან! მახსოვს. ტანმორჩილი ძუკუ შესველებული თმით, თმაზე – სავარცხლის ხნულები. შეშუპებული სახე, ნაბახუსევზე – დაღლილი, ჩარტყმას თუ მოასწრებდა – წამონთებული. კაბინეტში შემოსვლისთანავე ხალათს იცვამდა. თეთრი ხალათის გულის ჯიბესთან სტაფილოსფერი ლაქა. მახსოვს. ძუკუ თეთრ ხსნარში წითელ ხსნარს ასხამს, წითელის და თეთრის შერევით კოლბაში ხსნარი ლილისფრდება. მახსოვს. გრძელ მაგიდასთან გალოთებული ჯადოქარი, კოლბაში ლილისფერი ხსნარი. მახსოვს. ლილისფერიდან ვხედავ ოთახს. რადგან მახსოვს და რადგან ვხედავ- ცოცხალი ვარ. მე ცოცხალი ვარ ლილისფერში. ლილისფერს წითელი და თეთრი ხსნარიდან გამოყვანილი ლილისფერი ხსნარის სუნი აქვს. და ლილისფერი გაქვავების. ლილისფერი გაქვავება მძიმეა. ვგრძნობ. რადგან ვგრძნობ – ცოცხალი ვარ. მე ცოცხალი ვარ ლილისფერში, ლილისფერ სიბრტყეზე, ლილისფერ ტემპერატურაში ტვინი ლილისფრად მეღებება. ალბათ. რას ნიშნავს „ალბათ“, როცა ასე ცხადია „ალბათ“? ქიმია. ლილისფერი ხსნარი კოლბაში. ქიმიის ნაწილი ვარ? იქნებ. არ ვიცი. რადგან რაღაც არ ვიცი – ცოცხალი ვარ. ლილისფერიდან მახსოვს ბგერა. დედაჩემის მუცელზე შემოდებულ ხელებს თავისი ბგერა ჰქონდა. ბგერაში ბევრი სიტყვებია. წყალში ვიყავი, დედაჩემის მუცელზე შემოდებული ხელები მესაუბრებოდნენ. მახსოვს. ნინო. მახსოვს. ფეხმძიმობისას ნინო მუცელზე ხელებს იწყობდა. მახსოვს. ნუციკო, ნუციკო და ნინო პალატაში დავტოვე. სადღაც აქ არიან. შორიახლოს. არიან. ჩვენი შვილის დაბადება. მახსოვს. მე და ნინო ნუციკოსკენ ვიხრებით. ცისფერი თვალები გვიცინიან. – ჩვენს შვილთაშვილსაც ნუციკო ერქმევა, მე და შენ მის თვალებში ვიცხოვრებთ, – ვეუბნები ნინოს. – რა სულელი ხარ, რა სულელი ხარ, რას არ მოიგონებ ხოლმე, – იცინის ნინო. ნინო და ნუციკო სადღაც აქ არიან. აქ. შორიახლოს. არიან. ნაბიჯების ხმა. მესმის. რადგან მესმის – ცოცხალი ვარ. ლილისფერიდან ლუიზა. – რა გინდა, ლ;უიზა? რას მაცქერდები, ლუიზა? ლილისფერმა ენა შემიკრა, მას არ ესმის. სუდარა გადამხადა. გამშორდა. ნაბიჯების ხმა. მიდის. ლილისფერი სუდარის გარეშე ოთახი ისევ ლილისფერია. ნემსს მიღერებდა. – დამაბრუნეთ ნუციკოსთან! დამაბრუნეთ ნუციკოსთან! და ტკივილი. გულთან. გულში. უკუნი. მერე ლილისფერი. მახსოვს. რადგან მახსოვს – ცოცხალი ვარ. გალოთებულმა ჯადოქარმა წითელი გაალილისფრა. ჩემი სისხლი წითელი იყო. ალბათ. რას ნიშნავს „ალბათ“, როცა ასე ცხადია „ალბათ“? სისხლი წითელია, მეხსიერება აქვს. წითელი სისხლი პირველად ველზე გალილისფრდა და გალილისფრებულ ჩემს სისხლს ორი ძმის ამბავი ახსოვს. ნინო. ნუციკო. ნუციკოს თვალების გარეშე ხიზანი ვარ. ძმებიც ხიზნები იყვნენ. მახსოვს. მახსოვს თუ ვიცი? მახსოვს თუ ვიცი, აღარ მახსოვს, მაგრამ ძმებიც ხიზნები იყვნენ. ნაბიჯები. ლილისფერიდან მაიზერ საბო, სტუდენტები – ორი ვაჟი, ერთი გოგო. დამცქერიან.

– ავადმყოფობის ისტორიას გაეცანით, საინტერესი შემთხვევაა, – ამბობს მაიზერ საბო და მშორდება მაიზერ საბო.

– სიკვდილობა როდის დაფიქსირდა? – მიმართავს გოგო მაიზერ საბოს, მაგრამ მაიზერ საბო თავისას ფიქრობს, გოგოს არ პასუხობს, ოთახში დადის.

„სიკვდილობა“, „სიკვდილობა“, – წითელი და თეთრი ხსნარიდან მიღებული ლილისფერი ხსნარივით სიტყვაა – „სიკვდილობა“. მაღიზიანებს. რადგან მაღიზიანებს – ცოცხალი ვარ. გოგო მაიზერ საბოსკენ თვალს აპარებს, ალბათ სწყინს, რომ მაიზერ საბომ არ უპასუხა, ისევ მაცქერდება. გულდასმით მსწავლობენ. „სიკვდილობა“, ‘სიკვდილობა“, – სამედიცინოს სტუდენტები სამედიცინო ტერმინოლოგიით ექიმობანას თამაშობენ, – ლილისფერს რომ არ შევებორკე, გავიღიმებდი. მაიზერ საბო მიახლოვდება. გოგოს არ ასვენებს უპასუხოდ დარჩენილი თავისი კითხვა. არა, – გოგოს მაიზერ საბოს უყურადღებობა არ ასვენებს, ისევ ეკითხება:

– პროფესორო, სიკვდილობა როდის დაფიქსირდა?

– ახლახანს, – ამბობს მაიზერ საბო და ჩემს ნაცვლად მკრთალად იღიმის მაიზერ საბო, მერე ამბობს: – იდენტობის დარღვევის მძიმე ფორმა ჰქონდა; წარმოიდგინა, რომ მეუღლესთან ერთად არარსებული შილთაშვილის თვალებში ცხოვრობს.

სულელი, სულელი მაიზერ საბო. ნუციკო და ნინო სადღაც აქ არიან. შორიახლოს. არიან. იმ პალატაში ერთ კედელზე სასაცილო სპილოა მიხატული, მეორეზე – სასაცილო ჟირაფი. გალილისფრებულ ჩემს სახეზე მაღალი ვაჟის მომართული მზერა დაცოცავს. ასაკს იკვლევს, – ვხვდები, – ჩემს ასაკს იკვლევს, – ვხვდები.

– შვილთაშვილის თვალებში ცხოვრება რამ მოაფიქრა? – ამბობს მაღალი ვაჟი.

– თანაც, მეუღლესთან ერთად, – ეცინება მაღალ ვაჟზე დაბალ ვაჟს.

– გამორჩეული შემთხვევაა, -ამბობს მაიზერ საბო, – მისი ტვინი მაინტერესებს, – ამბობს მაიზერ საბო.

მაიზერ საბოს ჩემი ტვინი აინტერესებს. ტვინს არ შეეხო, ტვინს არ შეეხო! გალილისფრებულ ჩემს ტვინში გალოთებული ჯადოქარი ცხოვრობს, იქ ბევრი სიტყვებია – კოლბა, ქიმია, კაბინეტი, მასწავლებელი, სკოლის ტუალეტი, ქოთის სუნი, სიგარეტი, ბიჩოკი, პლანი, ტარიანში გემრიელად იწევა, ტარიანში საკაიფოდ იწევა, ბოზები, მოლილისფრო ტრაბახი მოლილისფრო ბოზებზე – გუშინ ბიძაჩემმა ბოზებში წამიყვანა! მოლილისფრო შური მოლილისფრო ბიძაზე, – მე რატომ არ მყავს ასეთი ბიძია?! სიცილი, ჩაბჟირება, უბნის ბირჟა, შატალო, კინო, ზოოპარკი, ავტობუსი,№20. ავტობუსით შატალოზე ზოოპარკში, ნაძვებთან ჩხუბი ნინოსთვის, ცხვირში მხვდება, მეც ვურტყამ, ცხვირიდან სისხლი, მასაც სისხლი, ხელების ქნევა, ჩაჭიდება, ქლოშინი, ფეხებითაც, ფეხებითაც, – ნინოსთვის, ნინოს მზერა სკოლის ეზოში, ნინოს შეფაკლული ღაწვები და მალული, მადლიერი მზერა სკოლის ეზოში, იცის, გაიგო, რა თქმა უნდა, – უთხრეს, ნინოს ქალური სიამაყის დასტური ნინოს მადლიერ მზერაში, ტვინს არ შეეხოთ, ტვინს არ შეეხოთ! – არ ესმით. სტუდენტი გოგო მაიზერ საბოს ყურადღების მიქცევას ცდილობს. ლილისფერიდან გოგო კარგად ჩანს, მაიზერ საბოს ეკითხება:

– ავადობა რა სიმპტომატიკით ვითარდებოდა, პროფესორო?

„ავადობა“, „ავადობა“, – მაიზერ საბო აღარ იღიმის, დამცქერის, ამბობს:

– რიგ შემთხვევაში აპათიური იყო, რიგ შემთხვევაში – აგრესიული, ძირითადად – მშვიდი. მან თავისთვის გამჭვირვალე, გულუბრყვილო სამყარო გამოიგონა, ზღვისპირა ქალაქი, სადაც სიზმრების ვირუსი აპოკალიპტურ ხილვებად შეიჭრა. ხშირად ვერ მცნობდა, მალე მივიწყებდა. მისი რამდენიმე ჩანაწერი მაქვს. გაეცანით, საგულისხმოა. ბოლო შეხვედრისას გამომიცხადა, რომ აბზინდა ჰქვია.

– აბზინდა? – უკვირს გოგოს, – აბზინდა, რატომ? – უკვირს გოგოს. მაიზერ საბო სათვალეს იხსნის, მინებს აცქერდება, მხრებს იჩეჩავს, სათვალეს იკეთებს, ამბობს:

– სამწუხაროდ, ვერც მე გავიგე. თუმცა, ეს ფაქტი იდენტობის დარღვევის ახალ ფაზაზე მეტყველებს. თავის მძიმე ტრავმა გადაიტანა. ტრეპანაციაზე თქვენც დაესწრებით.

 

1 2 3