როცა ამაში დარწმუნდა, თავისმა უსუსურობამ შეზარა, მაგრამ იმის განცდაც გაუჩინა, რომ თავს არ იტყუებს, ძალა შესწევს – სიმართლეს თვალი გაუსწოროს, – თავისი ძმა კი დაუზარელი, სისულელესთან წილნაყარი გულუბრყვილო სასოებით ისრუტავს მამის ერთსა და იმავე მონათხრობს და ასე იყო გუშინ, გუშინწინ და როგორც გუშინ და გუშინწინ, – კოცონიდან გამოლანდული შუქ-ჩრდილები დედის მკაცრად მოკუმულ ბაგე-პირს ერთი და იმავე უშეღავათო სიცხადით აჩენენ და ასე იყო გუშინ, გუშინწინ, დღენიადაგ – როგორც გუშინ და გუშინწინ, ხვედრად ქცეული – როგორც გუშინ და გუშინწინ და როგორც გუშინ და გუშინწინ, მშობლებს მიცქერილმა პირმშომ იფიქრა: „მათ დაკარგეს, მათი ბრალია, მე და ჩემმა სულელმა ძმამ კი უნდა ვზღოთ“ – და ნაღველიდან დაძრულმა სიმწკლარტემ სახე დააღრეჯინა. გადააფურთხა. დედას ტანმა ავი უგრძნო, შვილებს გამოხედა, პირმშოზე მზერა შეაყოვნა, მას მიმართა: – ერთად ვართ, ესეც წყალობაა. „წყალობა არ უნდა ეხსენებინა, წყალობა მათ დაკარგეს, მე და ჩემმა ძმამ კი უნდა ვზღოთ“, – იფიქრა პირმშომ, მაგრამ არაფერი უთქვამს, მიწაზე მიგდებულ კეტს მისწვდა, ლაჯებში მოიქცია, კეტის შუაწელს ხელები შემოაჭდო და ცეცხლს მიაცქერდა. კოცონში შენთებული შეშის ტკაცუნს მამის წყვეტილი ნაამბობი ენაცვლებოდა. „მერამდენედ, მერამდენედ“, – იფიქრა პირმშომ, იქვე იფიქრა: „ყბედობაც ხიზნობის ხვედრი ყოფილა, მათ დაკარგეს, მათი ბრალია, მე და ჩემმა ძმამ კი უნდა ვზღოთ“. ძმა რომ ველად გაიხმო, კეტი გაიყოლა. პირისპირ იდგნენ. მოშორებით რამდენიმე ცხვარი და წითური ფური შენიშნა. „ამათი ბრალია, წყალობა პირუტყვის სისხლმა დამაკარგინა“, – იფიქრა პირმშომ; გაიხსენა ის შეურაცხმყოფელი ზეიმურობა, წყალობამიღებული ძმის სახეზე რომ აღბეჭდილიყო და იქვე იფიქრა: „სიმართლით არ განუსჯია, სულელს სწყალობს, მისი ბრალია, მე და ჩემმა ძმამ კი უნდა ვზღოთ“. ძმას რომ მოკლავდა, რა თქმა უნდა, მყარად იცოდა, იცოდა ისიც, რომ ვერაფერს მიჩქმალავდა და მოეკითხებოდა, მაგრამ სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ძმის მოკვდინება, ქმედება სწყუროდა, ამბოხის შეძახილი, იმის გასაგონად და დასანახად ჩადენილი საქციელი,  ვინც დაწყევლილ თავის ხიზნობაში წყალობის გარეშე დატოვა. ძმასთან – არა, საქმე იმასთან ჰქონდა და იმასთან რომ ჰქონდა საქმე, თავისი ამბოხისა და სამდურავის გამხელას იმასთან რომ ბედავდა – ამიტომ ავსებულიყო რეტისმომგვრელი სიამაყით, – მამამთავრად, პირველშემქმნელად, სრულიად უცხოსა და სრულიად ახლის დამამკვიდრებლად გრძნობდა თავს და იცოდა ისიც, მყარად იცოდა, რომ ძმასთან ერთად თავის უსუსურობასა და სიბეჩავეს ჰკლავდა. მოქნეულ კეტს უმცროსმა ძმამ თავი აარიდა, მხარში მოხვდა, მაგრამ, რატომღაც, მაინც თავზე აიფარა ხელები და მიწაზე დაემხო. ცხვირ-პირში მუხლისთავი ამოჰკრა, წააქცია, ფეხითა და კეტით სცემა, მოყვითალო ბუჩქთან ქვა შენიშნა, მისწვდა, ქვა თავში სამჯერ ჩაალეწა, მერე ისიც იქ ჩაჯდა, მკვდარ ძმასთან; მკვდარ ძმასთან – არა, თავისი ცხოვრების მთავარ საქციელთან და რადგან იცოდა, სამიზნე ვინ იყო, მოწმენდილ ცას გახედა. მძიმედ სუნთქავდა. შუბლზე მომსკდარი ოფლი მაჯით გადაიწურა და იფიქრა: „სისხლი გინდოდა? აჰა, სისხლი! შენი ბრალია, მე და ჩემმა ძმამ კი უკვე ვზღეთ“. წითური ფური მისკენ იცქირებოდა, ცხვრები ბალახს წიწკნიდნენ. მკვდარს დახედა. ძმის დასისხლიანებული, ნაჩეჩქვი სახე უცხო და მახინჯი მოეჩვენა. მოუნდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაემალა მისი სახე. „აქვე დავმარხავ“, – იფიქრა პირმშომ და ნაღველიდან დაძრული სიმწკლარტე რომ გაექრო, ანგარიშმიუცემლად მისწვდა მახლობელ ბუჩქს, ყვითელი მარცვლები ააცალა, მერე გაღეჭა. აბზინდას ნაყოფს მწარე გემო ჰქონდა, გადმოაფურთხა. მოყვითალო ფურთხი მიწაში შეზელილ წითელ სისხლს შეეწიტა. ისევ გახედა ცას. ცის კიდეზე უცნაური  ფერი ლივლივებდა, – არც ცისფერი, არც ლურჯი, რაღაც შუალედური ფერი. „რანაირი ფერია?“ -იფიქრა პირმშომ, – „ნეტა ამ ფერის ყვავილს რას დავარქმევდი?“ – იფიქრა მერე. წითელი, ალბათ, იმ დღეს პირველად გალილისფრდა. ალბათ. რას ნიშნავს „ალბათ“, როცა ასე ცხადია „ალბათ“?

 

 

 

 

1 2 3