დიომიდე ჩვენ გვამხნევებდა, თვალი კი ბუზისაკენ მიურბოდა, ხოლო ბუზი დიომიდეს კისრის შორიახლოს ტრიალებდა, სიზმრიდან განივთების აღსანიშნავ კონცერტს მართავდა, ყურადღებას ითხოვდა ბუზი, ყურადღებას იპყრობდა კიდეც უჩეულოდ ხმამაღალი მისი ბზუილი და იქ გაისმა, ისევ და ისევ შემოგვესმა: ცუმპა – ცუმპა! ცუმპა – ცუმპა!

სასულე ორკესტრს ჟღალი ვალტერა მოუძღოდა, მოცამპაცუმპობდნენ, ბზუოდა ბუზი, უძილობით გათანგულ ტვინში გრუხუნებდა დაზმირას ტუბა.

დიომიდემ თავისი ამალა გაიყოლა, სასულე ორკესტრს კვალში მიჰყვა. ხანჯლის ტარზე შემოეწყოთ ხელები და რჩებოდა განცდა, რომ იდუმალი სიშორიდან მოღწეული ექო გვტოვებდა. ერთ პროცესიად გაუყვნენ ქუჩას – სასულე ორკესტრი, ჩოხოსნები და დიომიდეს შემჭკნარ კისერთან მოზუზუნე ბუზი სიზმრიდან.

  • მეგონა, გვამხნევებდა დიომიდე, თურმე, არ გვაძინებს, – თქვა წრიპამ.
  • იქნებ მართალიცაა, რომ არ გვაძინებს, – თქვა ნინომ.
  • დომინო ხომ არ გვეთამაშა? – შემოგვთავაზა ჩალხიამ.

ჩალხიას მივაცქერდით.

  • ბოდიში, – თქვა ჩალხიამ, – სულ გამოვშტერდი, წავალ მე, – და წავიდა ჩალხია, გაუყვა გზას.

ჩვენც დავიშალეთ.

შინისაკენ მიმავალ გზაზე, იქ, სადაც მესამე და მეოთხე თაობის ქუჩები იკვეთება, მეც გამინივთდა სიზმარი – დედა დავინახე. დედა პატარა, ჩალისფერკულულებიანი გოგონა იყო, სამთვლიან ველოსიპედს ქუჩაზე მიატარებდა, ცისფერი კაბა ეცვა, ცისფერი, თეთრბაფთიანი ქუდი ეხურა, ველოსიპედის სახელურზე ცისფერი ბუშტი ძაფით გამოება და ყვითელი, შავად დაწინწკლული პეპლები თავს დასტრიალებდნენ.

  • დედა, დედა, დედაჩემი! – ვუთხარი ნინოს და დავუძახე პატარა გოგონას: – დედა! დამელოდე, დედა!

გოგონამ სახლთან შეუხვია, თვალს მიეფარა. გავიქეცი, გული გამალებით მიცემდა. დაცარიელებული ქუჩა დამიხვდა. „დედა, ალბათ, რომელიმე სადარბაზოში შევიდა“, – ვიფიქრე მე, ჯერ ერთ სადარბაზოს მივაშურე, მერე – მეორეს, მესამე სადარბაზოში ხანდაზმულ, ხელჯოხიან ქალბატონს გადავაწყდი.

  • ჩალისფერკულულებიან გოგონას ვეძებ, ქალბატონო! – მივმართე მას.

შემომხედა, რატომღაც ჩაეღიმა და გამეცალა, სადარბაზოდან ჯოხის კაკუნით გააბიჯა. სადარბაზოს მეორე შემოსასვლელთან, ეზოს მხარეს ბაბუაწვერას მოვკარი თვალი, საჩვენებელი თითი შეემართა, ქარის მიმართულებას იკვლევდა. ბაბუაწვერა ახლა ნაკლებად მადარდებდა, დედაჩემის ხილვა მწყუროდა. სხვა სადარბაზოებს დავივლი-მეთქი, – ვიფიქრე, ქუჩაში გამოვედი და ცისფერი ბუშტი დავინახე. ბუშტს მივწვდი, თეთრი ძაფი თითზე გამოვიბი, ქუჩის კუთხეში მდგარ ნინოს გავხედე და მაშინ მივხვდი, რომ ხანდაზმული, ხელჯოხიანი ქალი დედაჩემი იყო. მიმოვიხედე, დედა არსად ჩანდა. ნინო მომიახლოვდა:

  • ნუციკო მომენატრა, – მითხრა ნინომ.
  • დედამ ბუშტი მაჩუქა, – შევღიმე მეუღლეს.
  • ჰო, წავიდეთ, ლამაზი ბუშტია, – თქვა ნინომ და წავედით.

მესამე და მეოთხე თაობის ქუჩების კვეთაზე მეც გამინივთდა სიზმარი, მომქონდა ბუშტი, მომყვებოდა ნინო.

სევდაც მომყვებოდა.

 

 

 

 

 

1 2 3