/გაგრძელება/

. . .

ცუმპა – ცუმპა, ცუმპა-ცუმპა!

ისევ?

ცუმპა – ცუმპა, ცუმპა -ცუმპა!

არა, არა!!!

ცუმპა – ცუმპა, ცუმპა – ცუმპა!  – დასაკრავი თეფშების მჭახე ჟღრიალი.

თვალი გავახილე. ნინო ფანჯარასთან იჯდა. ადრიანი დილის ბინდში მისი სილუეტი სევდიანად, მარტოსულად გამოიცქირებოდა, ქუჩიდან კი კვლავინდებურად ისმოდა:

ცუმპა – ცუმპა, ცუმპა – ცუმპა!

წამოვდექი, ნინოს მივუახლოვდი, ფანჯრიდან გავიხედე.

თეთრი პიჯაკითა და თეთრი, შავკანტიანი შარვლით შემოსილი მოხალისე მუსიკოსები მწყობრად მიაბიჯებდნენ, დასაკრავი თეფშების რიტმულ ჟღრიალს ფეხს აყოლებდნენ; ცუმპა – მარცხენა, ცუმპა – მარჯვენა.

შვიდნი იყვნენ: დასაკრავი თეფშები, დოლი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი, საქსოფონი და ტუბა.

ტუბაში თავამორგულმა ჩია დაზმირამ საკრავს ჩაბერა, ერთობ როყიო ბგერა გაახმიანა და ამით დაკმაყოფილდა, მეტად აღარ ჩაუბერავს; სხვებიც არ უკრავდნენ, მხოლოდ მოფლაშულლოყება ჟღალი ვალტერა, რომელიც მუდამ სტაფილოსფერ მარმელადს მაგონებს ხოლმე, აი, ის ვალტერა არ ცხრებოდა, თეფშზე თეფშს ყოჩაღად სცემდა და სასულე ორკესტრის სააღლუმოდ გამოწყობილ წევრებს დაცარიელებულ ჩვენს ქუჩაზე ცუმპა – ცუმპით მიიყოლიებდა.

  • როდემდე? – ვთქვი მე.

ნინომ ამომხედა, უცხო მზერა ჰქონდა.

  • რა, როდემდე? – მკითხა ნინომ.
  • ეს გაუთავებელი ცუმპა – ცუმპა! ადრე ნუციკო მაღვიძებდა, ახლა ჟღალი ვალტერა მაღვიძებს. ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვი არ დააფრთხონ, – ვუთხარი ნინოს.
  • ვინ ბავშვი? – მკითხა ნინომ.

ჩავაცქერდი. ისიც მიცქერდა. შევშფოთდი.

  • ნუციკო, – მივუგე ცოტა ხნის შემდეგ.

გული მომეწურა, იმდენად გაუსუსურებული, რაღაცის ფუჭად მძებნელი მზერა ჰქონდა.

  • ნუციკო? – ჩაილაპარაკა ნინომ, მტკივნეულად დიდხანს იფიქრა, უეცრად გონს მოეგო და ეს ბავშვურად გაუხარდა: – ააა, ჰო, ნუციკო! რა თქმა უნდა, ჩვენი ნუციკო, – თქვა ნინომ, დაცარიელებულ ქუჩას გახედა და მერე თქვა: – გავიხსენე ჩემი სიზმარი; სველი, შემპალი ყვავილებისა და თაიგულების სუნში ვიწექი, – ამომხედა, თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა,  – შეიძლება, სუნი დაგესიზმროს? მე დამესიზმრა…  – თქვა ნინომ.

დავიხარე, მეუღლეს შუბლზე ვეამბორე; ამან მეტად აუჩუყა გული, ღაწვზე ცრემლი ჩამოუცდა:

  • ვეღარ ვისვენებ, – თქვა ნინომ, – დაწოლის მეშინია; ასე მგონია, რომ წამოვწვე, იმავე სუნში ჩავიძირები, – თქვა ნინომ და ხელები შემომხვია, ჩამეკრა.

სკამს მივწვდი, მის გვერდით ჩამოვჯექი, ნინოს თავი მხარზე მივიდე. გავირინდეთ.

ჩაგვეძინა; თუმცა, დროდადრო მაინც მესმოდა; – ცუმპა – ცუმპა! ცუმპა -ცუმპა! მერე თეფშების ჟღარუნი მიწყდა და დაცარიელებულ ქუჩაში აღმოვჩნდი. უწინდელი სიზმრისგან განსხვავებით, ახლა ზუსტად ვიცოდი, სადაც ამოვყავი თავი. მესამე და მეოთხე თაობის ქუჩების კვეთაზე ფოთოლცვენა იყო. ქვაფენილზე ფოთლები ეფინა და მაღალი ხეებიდან სანთლის ნაღვენთის ჩუმი რონინით მოფარფატებდნენ სხვა ფოთლები – ზოგს მოწითალო ფერიც დაჰკრავდა, მაგრამ ყვითელი სჭარბობდა წითელს და მაღლა, მაღლა, მაღალ ხეებზე უფრო მაღლა, ანთებული სანთლის ციმციმს მოჰქონდა შუქი – ფოთოლცვენის მშვიდ ბარდნაში მაღლიდან შუქი –  ნელთბილი მზის თბილი სევდის შუქი ფოთლებში, ხოლო ჰაერში მოლოდინი, რაც ადგილზე მბორკავდა, ფოთოლცვენით თვალმონუსხულს ახალი ფერის, ახალი შტრიხის, მოულოდნელის სიახლოვის განცდას მიჩენდა.

სამთვლიან ველოსიპედზე შემომჯდარი ცისფერკაბიანი, ჩალისფერთმიანი გოგონა დავინახე. მას ოდნავ აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, ცისფერი, თეთრბაფთიანი ქუდი ეხურა და მეცნო, რომელიღაც ფოტოდან მისი სათუთი ნაკვთები მეცნო და  – დედა, დედა, დედაჩემი!…

ბინაში გაგვიწვიმდა.

  • ვიყოთ ასე, – ჩაიჩურჩულა თვალმილულულმა ნინომ, – ადრე თუ გვიან ხომ გადაიღებს…

დამენანა ჩემი სიზმარი, ისიც ვიფიქრე, იქნებ გამიგრძელდეს-მეთქი ნეტარი ხილვა. წვიმამ მართლაც გადაიღო, ბინა გამზეურდა; ფანჯარასთან ვისხედით, ნინოს ჩემს მხარზე თავი მიედო, ერთმანეთის სიახლოვით ნუგეშისცემას ვგრძნობდით და ისევ ჩავთვლიმეთ.

აღარაფერი დამსიზმრებია. ვალტორნას ხმამ გაგვაღვიძა. მზიანი დღე იყო. თვალები მოვიფშვნიტე, ქუჩას გადავხედე. მუსიკოსებს ფიჭვნარში, სკამებზე ეძინათ, თხაწვერა მიტოს კი ვალტორნა ცისკენ მიეპყრო და ბუკს სცემდა. თანდათან წამოიშალნენ, სახე – ტანიდან ძილბურანი ჩამოიფერთხეს, თავის ინსტრუმენტებს მისწვდნენ,  – ჟღალმა ვალტერამ თეფშებს შემოსცხო, – ცუმპ! მესაყვირე სიმონიკამ საყვირი გააჭყიპინა; დაზმირამ ტუბაში თავი შეიძვრინა, მძიმედ ჩააგრუხუნა საკრავი; შავგვრემანმა, წარბებგადანასკვულმა გელოდიმ საქსოფონი გააზუზუნა; უაღრესად აწოწილმა, მხრებში მოხრილმა კოლიამ დოლი მხარზე გადაიკიდა და ჯოხი შემოჰკრა –  ბუგ! ტრომბონისტმა გარიმ ჯერ გულიანად დაამთქნარა, მერე ტუჩები შეიმზადა, ტრომბონის ყელი ბაგესთან მიიბჯინა და როცა საკრავს ჩაბერა, თვალები დაუფოლაქდა. ამის შემდეგ გაყუჩდნენ, ჟღალი ვალტერას ნიშანს დაელოდნენ და თეფშების გაწკარუნებისთანავე მარში დასცხეს: ცუმპა – ცუმპა! ცუმპა – ცუმპა!

მიდიოდნენ არცთუ ფეხშეწყობილად; როგორც ჩანს, ძილბურანიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყვნენ, ტრომბონისტი გარი და აწოწილი მედოლე კოლია ფეხს ურევდნენ;  რაც შეეხება დაკვრას – აშკარად ურევდა ტუბით დამძიმებული ტუბისტი დაზმირა.

მაგნოლიასთან წრიპა იდგა, სასულე ორკესტრს ამოღამებული თვალებით, უნუგეშო მზერით მიაცილებდა. ჩალხიაც შევნიშნე, ხელის მტევნებს ატრიალებდა, ეს რა დღეში ჩავცვივდითო, – ფიქრობდა ალბათ.

წრიპამ ამომხედა:

  • რაც უფრო მამხნევებენ, უფრო ვშფოთავ, შენ – არა?! – გამომძახა წრიპამ.
  • სუქო სად არის? – ვკითხე მეგობარს.

წრიპამ მხრები აიჩეჩა, ჩალხიას მიუახლოვდა, საუბარი გააბა, საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრილა, მოხალისე მუსიკოსებს თუ ლანძღავდა. გულმა მათკენ გამიწია, ეს ნინომ იგრძნო:

  • არ დამტოვო, გთხოვ, – მითხრა ნინომ.
  • ერთად გავისეირნოთ, – შევთავაზე მეუღლეს.
  • ჰა? – ნინო ჩაფიქრდა, – კარგი, – დამეთანხმა შემდეგ, მოულოდნელად გახალისდა, გეგონება, საშველი გაუჩინა თავსო, გეგონება, გამოსავალი აღმოაჩინაო, – ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, გავისეირნოთ, სეირნობა კარგია! – თქვა ნინომ და უცხოდ გაიცინა.

. . .

სასულე ორკესტრის ხმა ტბასთან არ ისმოდა; იქ ჩამოვსხედით, წრიპა ფრინველებს მიაცქერდა:

  • მდაა, – სიტყვა გაწელა წრიპამ, – ფრინველებმაც მოიწყინეს…

ტბაზე ფერადი იხვები დაცურავდნენ,  – არც მათ, არც ყანჩებს, გედებსა და ფლამინგოებს ხასიათის ცვლილება არ ემჩნეოდათ, იყვნენ ისე, როგორც აქამდე ყოფილან, უბრალოდ, თავად წრიპა იყო უხასიათოდ.

  • ფრინველების რა მოგახსენო, მაგრამ რაღაც ნამდვილად ვერაა რიგიანად, – თქვა ჩალხიამ, ერთხანს იყუჩა და განაგრძო, – ლილინო პირბადეს ატარებს, მე – ჰაერი არ მყოფნის ბინაში; აქეთ ეს სასულე ორკესტრი არ მაძინებს, იქით – უჰაერობა, სად წავეთრიო, რა ვქნა ამ მარტოხელა კაცმა. ვეტერანთა კლუბიც დაცარიელდა… – ჩალხია ხელებს ჩააცქერდა და მივხვდი, იქ მივხვდი, ამ გულკეთილ კაცს ღიმილს რა უსევდიანებდა.
  • პირბადეს ნიკაც ატარებს, – თქვა წრიპამ, ჩაფიქრდა და ისევ თქვა: – პირბადეებით დადიან, რა ხდება იქით?
  • ვიცი, რაც ხდება, – თქვა ნინომ, – შემპალი ყვავილების სუნისგან თავს იზღვევენ.
  • შემპალი ყვავილების სუნი… საიდან მახსოვს? ჰო, თითქოს მახსოვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, საიდან, – თქვა წრიპამ, სკამის საზურგეს მიეყრდნო, – უძილობის ბრალია, თქვენთან ბოდიში, უკაცრავად, ცოტას წავთვლემ, – თქვა შემდეგ და თვალები მილულა.
  • შემპალი ყვავილების სუნი მარტოობის სუნია, – თქვა ჩალხიამ, – ვიცი ეს სუნი… გაბურძგნული კაცის გამოჩენის შემდეგ რაღაც აირია…
  • კავშირი, – ვთქვი მე, – ორ სამყაროს შორის კავშირი.
  • ჰო, იქნებ ასეცაა, – თქვა ხელებს ჩაცქერილმა ჩალხიამ, მერე გამომხედა და მკითხა: – სიზმრებით გვამზადებენ?
  • არ ვიცი, – ვთქვი მე, – დილაუთენია დედაჩემი დამესიზმრა და ეს კარგი სიზმარი იყო.
  • არ მეთმობა ჩემი ლილინოს ნუშის თვალებში ცხოვრება, – თქვა ჩალხიამ, – სიმართლე გითხრათ, ვეტერანთა კლუბში დომინოს ჭახუნიც არ მეთმობა. იქ უჰაერობაა, აქ – ცუდის მოლოდინი…

 

 

 

1 2 3