წრიპამ წამოიფშვინა; კმაყოფილი, შვებანაგრძნობი სახე ჰქონდა და იქ გაისმა:

  • ცუმპა – ცუმპა! ცუმპა – ცუმპა!

წრიპამ თვალები ჭყიტა, გარემოს ტანჯული მზერა მოატარა და გამჭოლად ამოიგმინა.

ცუმპა – ცუმპა!  – ჟღრიალებდნენ დასაკრავი თეფშები, ბუგა – ბუგა! – ბუბუნებდა დოლი, ვალტორნა ბუკს სცემდა, საყვირი ჭყვიტინებდა, ტრომბონი და საქსოფონი ზუზუნებდნენ და მძიმე გრუხუნით, აშკარად და უშეღავათოდ ურევდა ტუბაში თავშერგული ჩია დაზმირა.

ჩაიარეს, ჩაიხმაურეს.

  • მერის სახელზე პეტიცია უნდა შევადგინოთ, სამუდამოდ აღვკვეთოთ ეს უნიჭო კაკაფონია! –  განაცხადა სახეშეძრულმა წრიპამ, შემდეგ მე მომიტრიალდა, – წერა გეხერხება, პეტიცია შენ დაწერე, ჩვენ ხელს მოვაწერთ!
  • პეტიციის წერა არ ვიცი, – მივუგე წრიპას, – სამადლობელ ტექსტზე ვმუშაობ.
  • და რა არის აქ სამადლობელი?! – აღშფოთდა წრიპა, – სამადლობელი ტექსტის დაწერა თუ გინდა, იქამდე პეტიცია უნდა დაწერო დიომიდეს სახელზე!
  • გეთანხმები, წრიპა! – შემომესმა სუქოს ხმა; აღტყინებული იყო, წრიპას მიუჯდა, ხელი ჩამოართვა და განაგრძო:
  • გულმხურვალედ გეთანხმები, ძმაო!

როგორც ჩანს, ჩვენს ქალაქში რაღაც მართლაც ვერ იყო ჩვეულ რიგზე, სუქო წრიპას გულმხურვალედ ეთანხმებოდა.

  • აღარსასდროს მძინავს, აღარასდროს! – წამოიძახა სუქომ, იქვე დასძინა: – ძირს მოხალისე მუსიკოსთა თარეში ჩვენს ქალაქში!

და გამოჩნდნენ…

ჩოხოსნები. შვიდი ჩოხოსანი ღრმადპატივცემული დიომიდეს ხელმძღვანელობით. ქალაქის მერი დანარჩენებს ორი ნაბიჯით უსწრებდა. მისი ამალის წევრები შავ ჩოხებში გამოწყობილიყვნენ, დიომიდეს შინდისფერი ჩოხა და შავი აზიურები ეცვა. ხელები ხანჯლის ტარზე შემოეწყოთ, ულვაში ლაზათიანად გადაეწკიპათ, მოიწევდნენ დინჯად, პეწიანად და მათი აუჩქარებელი მსვლელობა ჰგავდა იდუმალი სიშორიდან მოღწეულ ექოს.

ექვსი შავჩოხიანი ერთ ჯგუფად შეკრულიყო –  ტანსრული იაკინთე, ჩოფურა ავდიდი, მაღალი ისკანდერი, ტანმორჩილი იაფეტი, კისერჩატეტკილი გეხულია, ლომისფაფარა ანთიმოზი.

ჩვენი ქალაქის მერი მაღალი, ხმელი კაცია. არწივისებური ცხვირი აქვს, მსუყე, ჭაღარა ულვაში ამშვენებს, მაგრამ თმა ერთიანად გასცვენია. დიომიდეს უპეებჩამოსიებულ თვალებში ხან დაღლილობა, ხანაც ქედმაღალი სიამაყე უკრთის, შემჭკნარ, წაწვეტებულ კისერზე კი მოზრდილი, თვალშისაცემი ადამის ვაშლი გამოსჩრია. მიუხედავად დამსახურებული პატივისცემისა, დიომიდესთან შეხვედრისას თვალი ძალაუნებურად გამირბის ხოლმე მისი კისრისკენ და ადამის ვაშლს კისერმოტიტვლებული ქათმის ჩიჩაყვად აღვიქვამ; ჰოდა, რომ მოგვიახლოვდნენ, ფეხზე რომ წამოვუდექით და დიომიდეს ჩიჩაყვისკენ თვალი რომ გამექცა, ჩიჩაყვის ეპიცენტრში მოზრდილი ბუზი შევნიშნე.

დიომიდემ კისერთან ხელი აიქნია. ბუზი აფრინდა, წაწვრილებულ კისერს შემოუფრინა, მაგრამ შორს არ გაფრენილა, დიომიდეს ჩიჩაყვთან გააბა ბზრიალი , თანაც უჩვეულოდ ხმამაღლა ბზუოდა. ქალაქის  მერის უპეებჩამოსიებულ თვალებში ნაღველი შევნიშნე, ამ ნაღვლიანი, ჩახრილი მზერით აბეზარი ბუზის ბზრიალს თვალს ადევნებდა, მერე ისევ აიქნია ხელი, ბუზი გაირიდა, თავი გამოიყოჩაღა და ომახიანად მოგვმართა:

  • აბა, ყმაწვილებო, ხომ მხნედ ბრძანდებით?!

რაღა დროს ჩვენი ყმაწვილკაცობაა, მაგრამ დიომიდესთვის ჩოხოსნების გარდა ყველა ყმაწვილია.

და ისევ გაისმა :  –  ბზზ – ბზზ, და ისევ გამოჩნდა დიომიდეს ჩიჩაყვთან ბუზი და მომეჩვენა, ჩვენი მერის წაწვრილებულ კისერთან ბუზი თავის კონცერტს მართავდა. დიომიდეს მზერა დაუბეცდა, მაგრამ თავის ჩიჩაყვამდე თვალი ვერ იწვდინა, იქ, ჩიჩაყვთან კი ბუზი ბზუოდა ბუზისპირულს და როცა დიომიდემ ნერწყვი ჩაიცდინა, ჩაეზნიქა ადამის ვაშლი და ჩაყვა ბუზი ადამის ვაშლს, შემდეგ – ამოყვა, შემოუფრინა, შემოუბზუილა დიომიდეს კისერს და დაჩემებულ ადგილას, ქალაქის მერის ჩიჩაყვზე ჩამოისვენა. დიომიდე, როგორც ჩანს, ბუზის აბეზარ მოცემულობას შეეგუა, ერთხელაც მოყოჩაღდა და კვლავ დაგვეკითხა:

  • ხომ მხნედ, ყმაწვილებო, ხომ მხნედ?!
  • ბატონო დიომიდე, სასულე ორკესტრი არ გვაძინებს! – თქვა წრიპამ.
  • არც მე მაძინებს, – თქვა დიომიდემ და როცა ეს თქვა, ჩიჩაყვი ბუზთან ერთად ქვემოთ ჩაუცდა, მერე ამოუცდა, ლამის ნიკაპამდე ამოეზნიქა; ბუზიც იქ იყო, ჩიჩაყვის ცენტრში, ბუზი გაფრენას არც ფიქრობდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩიჩაყვთან ერთად ბუზმაც დაივანა დიომიდეს შემჭკნარი ყელის შუაწელში.
  • ჰოდა, აღვკვეთოთ! – იმედიანად შესძახა წრიპამ.
  • არა! – მოჭრილად განაცხადა დიომიდემ.
  • რატომ, ბატონო? – გაოცდა ჩალხია.
  • სიმშვიდისთვის! – განმარტა დიომიდემ, მერე ჩოხოსნებს მიუბრუნდა, – ასე არაა? – მიმართა მათ.

უხმოდ, თავის ქნევით დაუდასტურეს.

  • რომელი სიმშვიდისთვის, ესაა სიმშვიდე?! – აღშფოთდა სუქო.

სუქოს გულმხურვალე აღშფოთებამ ბუზი შეაკრთო;  აფრინდა ბუზი, თუმცაღა, შორს არ გაფრენილა, დიომიდეს კისერთან გააბა ბზუილი. დიომიდეს მზერა გაექცა ბუზისკენ, ერთხანს ნაღველჩამდგარი, უპეებჩამოსიებული თვალებით უცქირა, მერე თქვა:

  • ყველაფერი შედარებითია, ყმაწვილებო! ჩემი ვარაუდით, შფოთიანი სიზმრები გადამდები ავადმყოფობაა! როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ეპიდემიას ვებრძოლო. თუ საჭირო გახდა, ჩვენი ქალაქის სიმშვიდისათვის ისეთ ხმაურს გამოვიწვევ, ძილს საერთოდ რომ დაგავიწყებს! ასე არაა? – ჩოხოსნებს ისევ გადახედა.

ჩოხოსნებმა თავი დაუკრეს, ამჯერადაც დასტური მისცეს.

ბუზი ბზუოდა ბუზისპირულს, ბზზ -ბზზ, ბუზისპირულს ბზუოდა ბუზი; ბუზს ვუცქერდი, სუქოს გაცეცხელბული ხმა რომ შემომესმა:

  • და როდემდე, როდემდე უნდა გავიტანჯოთ ამ სიმშვიდისთვის? სიმშვიდეში ძილი დავკარგეთ, აღარასოდეს დავიძინოთ?!
  • ეჰ, ყმაწვილო, ყმაწვილო, – გულდათუთქულად, თავის ქანდურით ჩაილაპარაკა დიომიდემ, – ბევრი რამ არ იცი, ამიტომაც ყმაწვილურად სჯი, – დიომიდემ მოზუზუნე ბუზს მზერა მიადევნა, შემდეგ მიმართა სუქოს, – როგორ ფიქრობ, ეს რა არის?
  • რა? – დაიბნა სუქო.
  • ეს? – თვალით მიანიშნა დიომიდემ.
  • ბუზია, – თქვა სუქომ.

ჩოხოსნებმა სუქოს თავის დაკვრით დაუდასტურეს, რომ ბუზი ბუზია.

  • მერე საიდან არის ბუზი? – მორიგი კითხვა დასვა დიომიდემ.
  • მე რა ვიცი, ბუზი საიდან არის? – მეტისმეტად დაიბნა სუქო.
  • ჩემი სიზმრიდან გამომყვა ბუზი, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დიომიდემ, ბუზს მიაცქერდა და თქვა – სიზმარი გამინივთდა, ყმაწვილებო, რაც უკიდურესად სახიფათოა, – ერთხანს იყუჩა, ისევ მოიყოჩაღა თავი და ომახიანად შეგვიძახა, – მაგრამ ჩვენ მხნედ უნდა ვიყოთ, ყმაწვილებო, მხნედ გავუმკლავდეთ გადამდებ სიზმრებს, ერთად ვიფხიზლოთ! – და ეს რომ თქვა, უპეები მეტად ჩამოუსივდა.

 

 

 

 

1 2 3