*            *              *

 

მერე ცირკი ჩამოვიდა. კამბოჯელი ვეფხვები ვართო, აფიშებზე დააწერეს. წვიმა რომ მოვიდა და გაკრასკული სახეები ჩამორეცხა, ხალხმა ატმების სროლა დაიწყო, აქაურები ხართ, ვის ატყუებდითო. თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონოდა პირში ცეცხლიან პეროს აქაური ჩაიდებდა თუ კამბოჯელი. მოზრდილი ბავშვები ჯოგებად მიდიოდნენ ცირკის სანახავად. ზოგს სემიჩკის ფულიც ჰქონდა. ვისაც არ ჰქონდა, სემიჩკიანების გვერდით დგებოდა, პარკში რომ ხელი ჩაეყო. მე ნერვები აღარ მეშლებოდა კატოც რომ მიდიოდა. ახლა ვიცოდი, რომ ფეხებზე არ ვეკიდე. მომწონდა კიდეც, რომ მიდიოდა. მომწონდა, საღამოს ჩემთან რომ დასცინებდა დანარჩენებს.  წავიდოდა, უყურებდა, მოისმენდა და  მერე მე მომიყვებოდა. მეც მომინდა წასვლა. ცირკი დახუჭობანა არ არის, მის გამო თავი რომ არ შემეწუხებინა. ცირკი ჯადოსნურია. სოფლის ცენტრში უფრო ჯადოსნურია ცირკი. ცირკს სოფლის ცენტრში არაფერი ესაქმება და იმიტომ. რასაც არაფერი ესაქმება და მაინც ხდება, ჯადოსნურიც ზუსტად ისაა. მე მარტო წავედი. ცოტა რო მოვეფარე სიგარეტიც მოვწიე. წრეზე ხალხი იდგა. შუაში ვიღაცა ტიპი ბურთებს ისროდა და თავს უშვერდა. მაშინ ის ტიპი ჯერ ისევ კამბოჯელი ეგონათ. თანაც ვეფხვი. ფიქრობდნენ, კამბოჯაში ადამიანს ვეფხვის ფორმა აქვს, ვეფხვს კიდე ადამიანისო. კატო ვერ მხედავდა. მე ვხედავდი. კამბოჯელებს ჩირაღდნები ჰქონდათ ანთებული, ლამპიონების შუქი მისტიკური არ არიო. არც იყო ბევრი ლამპიონები. მარტო ერთი ინთებოდა. დანარჩენებს ათი წლის ბავშვები კისტის თოფებს ესროდნენ, ჩიტები რომ ჩამოეყარათ. კატო ცეცხლის შუქზე ჰგავდა კვაზიმოდოს შეყვარებულს. ხანდახან მეტირებოდა რომ ვუყურებდი. მაშინაც ამეტირა, მაგრამ ხალხში ტირილის შემრცხვა და თვალებს ვხუჭავდი. სიბნელიდან ვოლგა მოვარდა. ვიღაცამ ხალხის წრე გაარღვია და კატოს მაჯაზე მოქაჩა. დებილმა ალექსამ იფიქრა, კატოს მოვიტაცებო. მანქანისკენ მიათრევდა. ეს კი ყვიროდა, მაგრამ სოფელში ეგეთი წესი იყო, ბიჭებს დაოჯახებაში ხელს არ უშლიდნენ. მოტაცება თუ ხდება, გოგოსაც უეჭველი უნდა და სხვის საქმეში ჩარევა არ შეიძლებაო. ჩემ ფეხებს მოიტაცებდა ალექსა კატოს. დიდი და მრგვალი ქვა ვიპოვე. გავუქანე. წარბში მოხვდა. მოკვლა მინდოდა, მაგრამ ცოტა აქეთ მომივიდა. მერე გამიხარდა რო არ მოკვდა. ბიჭებმა მითხრეს, ბავშვების ციხეც არსებობსო.  ალექსამ კატოს ხელი გაუშვა და სახეზე იფარებდა.  წვიმა დაიწყო და სანამ ჩირაღდნებს ჩააქრობდა, ჯერ კამბოჯელების ტანები და სიფათები ჩამორეცხა. ტალპა ცირკისკენ მიტრიალდა და გინება დაიწყო. აღარ აინტერესებდათ, კატოს რომ იტაცებდნენ. სახლისკენ გამოვიქეცით. ხანდახან ხელს ვკიდებდით ერთმანეთს. წვიმის გამო გვისრიალებდა,  ვუშვებდით და თავიდან ვკიდებდით. კატოს სველი თმა სახეზე ეწებებოდა. კანი დაურბილდა და ნამდვილს აღარ ჰგავდა. მგონი დნებოდა, მაგრამ უხდებოდა.  მაგრად აფრენდა. გაუხარდა ესე რომ დაგვერხა. ეშინოდა, მაგრამ მოსწონდა კიდეც, ზღაპარში რო ამოყო თავი. სადღაც ვხვდებოდი, ამასთან ერთად სულ რომ სირბილი მომიწევდა, მაგრამ სამაგიეროდ აღუა ბავშვებს და ფარდებს არ ეფერებოდა. არ მაინტერესებდა ის გოგოები, ყველა რომ საყვარელს ეძახდა.   რობინ ჰუდი ვარ კატო. ყაჩაღებისგან დაგიხსენი. გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მეც მიხაროდა, ბანძი რომ არ ვიყავი და სხვას რო უნდა ეეჭვიანა.  კატო სახლში შევიდა. მამამისმა შემაგინა.

 

 

*             *            *

 

წლის მეორასე დღეს, როცა ჩრდილოეთის მდინარე თითქმის სრულიად ქრება და ონავარ ბავშვებს მხოლოდ ქუსლების ჩაბანაღა შეუძლიათ, აღმოსავლეთის  მინდვრები ყვითლდება და  მხოლოდ ცეცხლის სუნი ასდის. თანაც  არა ჩვეულებრივი ცეცხლის, არამედ ცეცხლების ღმერთის. ეს ის დროა, როცა ცეცხლების ღმერთი მდინარის გარშემო მიმობნეულ გადაყვითლებულს სტეპებს სიყვარულის ნიშნად საკუთარ შვილებს უგზავნის. სულელი გლეხები კი ვედროებით დარბიან, ხანძარიაო და ღმერთის შვილებს კლავენ. ამ დროს, მდინარის გარშემო ვერავინ დაიძინებს ღრმად, რადგან ძალიან აქტიურობს მთვარე და ყველა ჩაძინებულს ცხვირში ურტყამს, ადექით და თქვენც უყურეთო. მთვარეს  აინტერესებს, როგორ კვდებიან მისი ნათესავის შვილები.  როცა იქ მოხვდები, აუცილებლად უყურე ბროწეულის ფოთლებს, რომლებიც ანათებენ, როგორც პაწაწინა ლურჯი ჩირაღდნები. შეუძლებელია ასეთ მხარეში ქარი რომ იყოს. თუმცა მაინც დაფრინავს ფერუმარილი. ფერუმარილს ზაგემის ტყის ამორძალები აბნევენ და თავადვე აძლევენ ჯადოსნურ უნარს, რომ  ქარის გარეშე იფრინოს.

 

 

*              *             *

 

სულ ტყუილად მაწვებოდა ბებიაჩემი,  კაცები არ ტირიანო. თვითონ მაინც არ ჰქონოდა მოყოლილი, რომ პაპაჩემი ჯარისკაცის მამაზე ტიროდა ხოლმე. ეგეც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვიტირებდი და ცრემლები კიდე ყველას ერთნაირად მოსდის და ვერავინ ვერ დაიჭერს, ვერც კაცი, ვერც ქალი და ვერც აქლემი. მინდოდა და შანსი არ იყო, რომ შემეკავებინა. ბავშვობაში ყველას ერთნაირად აქვს ტირილის უფლება. მერე არ ვიცი, თქვენ გაარკვიეთ.  ბებიაჩემი აზრზეც არ იყო რატო ვტიროდი. მგონი ეგონა, რომ დედა მენატრებოდა. დაურეკა კიდეც, ჩამოდიო, მოენატრეო, წაიყვანეო, ისაო, ესაო… დედაჩემი ბებიაჩემის შვილი იყო. მამაჩემი რომ ყოფილიყო ბებიაჩემის შვილი, იფიქრებდა, რომ მამა მომენატრა და იმას დაურეკავდა.   მერე ეგონა, რომ გავგიჟდი და ოთახიდან აღარ მიშვებდა. ქუჩისკენ მივრბოდი ხოლმე, ხალხი უნდა დავხოცო მეთქი.რისი თავი მქონდა? შევაგინებდი და გამოვიქცეოდი.  მაგრად მინდოდა რამე დამეშვებინა ბებრებისთვის. ბებრები ახურებდნენ, ხომ ვამბობდით კატუშას შვილიშვილი წაუბოზებსო და კმაყოფილები იცინოდნენ. თავები ჭკვიანები ეგონათ. ალბათ ყველას ეცინება, როცა ჰგონია, რომ რაიმე მაგარი გამოიცნო.  ბებრები იმასაც ამბობდნენ, ვითომ არ უნდოდა, ალექსას რო წაეყვანაო. ბიჭს ალბათ ტრაკს უქნევდა, გააგიჟა და მერე მოუნდა პატიოსანი გოგოს თამაშიო. ბოზისთვის რა მნიშვნელობა აქ ვინ წაიყვანს, მთავარია გასაღდესო. ბოზი თუ არ იყო, წესიერად რატო არ იცმევდაო?  მე ვერაფერი დავუშავე ბებრებს. სახლში ჩამკეტეს და იმიტომ. ჩემთვის ვუშავებდი.  სიზმარში ყველას ვამათრახებდი. მერე ვტიროდი. ფარდები დავჭერი და ფანჯრიდან გადავყარე.  ახალგაზრდები ამბობდნენ, ვაჩეს საგიჟეთში წაიყვანენო. ქალაქელებს ყველას ეგრე ასხიათო. ახალგაზრდებს გაუხარდათ ლოთმა მამამ კატო რომ წაიყვანა. ბელარუსია საშინელი ქვეყანაა. კარტოფილი საშინელი საჭმელია. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო. კატოს მამამ დაინახა ვაჩემ რო მიაცილა და მაგიტომ წაიყვანაო. ალექსასთვის ქვა რო არ ესროლა, კატო საერთოდაც ვეღარასდროს წავიდოდა აქედანო. მე ბოლო  სიგარეტის პაჩკიდან ყველა ღერი ამოვიღე და ბალიშის ქვეშ შევყარე. პაჩკა შევინახე. ლაქი სტრაიკი იყო, ოღონდ ლურჯი.  მამაჩემიც ვერ მეტყოდა ვერასდროს, ეგ სიგარეტის პაჩკა გადააგდეო.   ცოტათი მაგასაც ასდიოდა ქაშმირის სუნი. რა არი ქაშმირი? არ ვიცი რა არი, მაგრამ ასდიოდა. იმასაც ეჭირა ხოლმე და იმიტომ. მერე ყველას მოვატყუე, რომ დავმშვიდდი. როგორ უნდა დავმშვიდებულიყავი? ვეღარასდროს ვეღარ დავმშვიდდებოდი. რომ მოვიტყუე, გარეთ გამიშვეს. ალექსა ვოლგას ეყუდებოდა. ეამაყებოდა, მანქანის ტარება რომ იცოდა. მეც მეამაყებოდა, ქვების სროლა რომ ვიცოდი. მივედი და ვუთხარი, რომ ამ პაჩკას ცხოვრებაში არ მოგცემ მეთქი. თავიდან აზრზე ვერ მოვიდა. ვერც მერე მოტვინა რამე, მაგრამ ნაგლად რომ ვუთხარი, გამოიწია. მეთქი არა, ბოზო, არ მოგცემ. მაიტაო, იწევდა და მეჭიდავებოდა. მერეოდა ის ჩემისა. ოთხი წლით იყო დიდი. თან ეგ ვენახებში დადიოდა, მე მუსიკაზე, ისიც სამი თვე, მერე გამომაგდეს.  ხოდა კიდე ქვა ვხიე. მეორე წარბში. სანამ მივადგებოდი მანამდე ავიღე ეგ ქვა. სპეციალურად დავდგი ეგ ამბები. ვითომ ისევ კატოს იტაცებდა და ისევ თავი გავუტეხე. ვითომ კატო ისევ იქ იყო. ცოტახანი მიხაროდა, ისევ იქ რო მეგონა. ბებიაჩემი მაგრად ატირეს მეზობლებმა. შენი გიჟი შვილიშვილიო, ეუბნებოდნენ. წაათრიეთ, სანამ დაგვიხოცა ბავშვებიო. ბოზის შეყვარებულიო. ბოზის არ მომწონდა, მაგრამ შეყვარებულზე მიფეთქავდა საფეთქლები. სექტემბერში თბილისში წამიყვანეს. იცი რას გავდნენ ჩემი კლასელები?

 

 

 

 

 

1 2 3 4