*            *              *

 

ბებრები ახურებდნენ კატუშას შვილიშვილი წაუბოზებსო. წაუბოზებდა არა, ჩემი ფეხები, ლამაზად ეცვა და იმიტო ამბობდნენ.  გრძელი თმა ჰქონდა, ბოლოში მწვანე ნავაროტკებით და მუქიტანსაცმელი. ზოგჯერ ტყავის, ზოგჯერ რაღაც სეტკებიანი. ბევრი სამაჯური ეკეთა, ჯეკას და მერლინ მენსონს  რომ კისერზე უკეთიათ ეგეთი.  მგონი მართლა ჭინკა იყო. ოღონდ კეთილთვისებიანი. ხო არიან კეთილი ელფები და ბოროტი ელფები. კეთილები ლურჯები არიან, ფრთებით. ბოროტები წითლები, ეშვებით. ეგეც მასე იყო. რაღაცნაირი ხმა ჰქონდა. მღეროდა ხოლმე სახლში და ვუსმენდი აივნიდან. მაგათ ზალას მაგარი ექო ჰქონდა. შერის სიმღერას მღეროდა ხოლმე. დოვე ლამორე თუ რაღაც. ჯოპლინებიც იცოდა. ნეტა როგორ ახერხებდა შერიც რომ მოსწონდა და ჯოპლინიც?  მგონი ლაპარაკის დროსაც მღეროდა. ეგ ხმა იყო ეგეთი. ლამაზ ჯადოქრებს რომ აქვთ, მონადირეები რომ უყვარდებათ და ტყიდან აღარ უშვებენ.   პირველად რო გამოვიდა ქუჩაში,  მეც იქ ვიყავი. არ მიყურებდა. არ მელაპარაკებოდა. შორს იჯდა სოფლელ გოგოებში და ისინი ჯაჭვებზე ეკონწიალებოდნენ, ეს რაარი, ეს რაარიო… ამას უხაროდა, მემეგობრებიანო. არადა, ნაძვის ხე ეგონათ.  ტელეფონები რომ ჰქონოდათ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ, როგორც სათამაშოსთან.  ნერვები მეშლებოდა. კინაღამ დავადექი და ვუთხარი, სიგარეტს რო გაწევინებ, მაშინ ხო კარგად მელაპარაკები მეთქი. არ მომწონდა, სხვებმაც რო გაიცნეს. მიხაროდა მარტო მე რო ვიცნობდი. მონაპოვარივით იყო. ლამაზი და შავი. კრასკებიანი. რათ უნდოდა სხვების გაცნობა? მე არ ვყოფნიდი? მე ხო მეყოფოდა? სულ აღარ გავიდოდი გარეთ. შორს დიდი ბიჭები ისხდნენ და კბილებგადმოყრილები უყურებდნენ. უცხო გოგო რომ ჩნდებოდა, დოღისთვის იწყებდნენ მზადებას. ოღონდ ნამდვილ ჩალიჩს იშვიათად ბედავდნენ. უფრო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, იმ გოგოების გამო, ვისაც არ იცნობდნენ.   მე ლაწირაკების კოდლაში ვიყავი. ზემოდან უყურებდნენ ლაწირაკებს. ყველაფერი თავისი ეგონათ. ბურთი, მაზიანი, ლიმონათი, გოგოები…  ადრე  სულ ფეხებზე მეკიდა, მაგათ რა ეგონათ და სოფლელი გოგოებიც ფეხებზე მეკიდა. ვინც უნდოდათ ის აეგდოთ. მე არ ვიყავი მაგ თამაშში. კატოს რო შეხედეს, ამეწვა. თითქოს რაღაც მშობლიურზე მეხებოდნენ.  სახლში შემომივარდნენ და ეზოში ბრეიქდანსი იცეკვეს. ლეზგინკაც იცეკვეს. მე რა ვიცი, დედამიწაზე ჩინელზე მეტი დებილური ცეკვა არსებობს.

  • ალექსას მეეწონა ეგ ქალაქელი პატრაგოგო. – თქვა გიორგამ.
  • ხოოო… ეგ იგეთი ჩანს, დაუკატაებს ალექსა. – იცინოდა დათო.
  • დაიჯვით. – ვთქვი მე.
  • გეუნები. წეღან იძახდა ბიჭებში, უნა დევეჩალიჩოო… – თქვა გიორგამ.
  • ვერ დაკერავს ეგ მაგას.
  • რატო?
  • ყლეია და იმიტო. – გაჭედილი მქონდა.
  • პირში ეტყვიიი? – წამოხტა დათო.
  • რატო ვერ ვეტყვი?
  • დიდია და გაგიწეპამს თავს. თან იგრეთაც არ ევასები, ქალაქელი რო ხარ. – ვითომ განმუხტა გიორგამ.
  • ბიჯოოო, დამალ-დახუჭაობანა გინდაააათ? – გოგოების სასტავიდან დაგვიძახა ვიღაცამ.
  • ხოოოო. წამო ვეთამაშოთ ო. – წამოხტა გიორგა.

მივედით. არ მიყვარს სოფლელი გოგოები. სულ ისე გიყურებენ, თითქოს რამეს აშავებ და ჩაშვებაზე ფიქრობენ. თან არც გიშვებენ და ირონიით გაშანტაჟებენ. მაგათ კიდე ყველაფერი დაშავება ჰგონიათ. პანაშვიდზე გაგეცინა?  ვსო, მკვლელი ხარ. სხვადასხვა ნასკი გაცვიაა?  უპატრონო ხარ. ისე,  არც იმათ არ ვუყვარდი. მეც გველურად ვიცი ლაპარაკი. ეგრევე გაგაშავებ. ვოლგაც არ მყავდა, მაგათი სახლების გარშემო რო მერბინა, მოწონების დასამტკიცებლად. გოგოებს კიდე არ უყვართ ის ბიჭები, ვინც ფლირტს არ ხლართავს. რომც მეხლართა, ვერ მიხვდებოდნენ. მე და ეგენი სხვადასხვანაირად ვიგებდით მაგ სიტყვას.  კატომ თვალი ჩამიკრა. მე არ მივესალმე. მეც ვერ ვარ ცოტა. რა ამის ბრალი იყო,  ალექსას რო მოსწონდა? მარა ეგრე მოვმართე ტვინი, რო  იმას მოსწონს და ესეც ახვარკაა და მოღალატეა. ან რა მოღალატე, ვინ ჩემი ფეხები ვიყავი? ერთხელ მივეცი სიგარეტი და თან სულ ჭინკა ვეძახე.  აზრზე მოსულ გოგოებში შეიძლება ვაბშემც ვერ შემემჩნია, მაგრამ ამათ ფონზე ისეთი  კარგი იყო, რომ მუცელში ბაწარი გამიბეს და ზედ ახტუნავებდნენ ფრანგ ვირთხებს, რაღაცა ძველი მულტფილმიდან.

  • ადე, გავითვალოთ აბაა… – წამოხტა ერთი გოგო, რომელსაც ერქვა მზია და იყო ჭორიკანა.
  • მე გავთვლი, დაიცა. ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს, შვიდ, რვა, ცხრა, ათ, თერთმეტიიი, ყველა გადის შეეენ მეეეე ტიიიი!!! – გაითვალა გიორგამ.
  • კატოო, შენ იხუჭები ოქრი. – უთხრა მზიამ.
  • მე დავიხუჭები. წადი დაიმალე კატო. – ვთქვი მე.
  • რატომ? – თვალები დაქაჩა კატომ.
  • ეგრე მინდა და იმიტომ.
  • მე არ მინდა ეგრე! – დამიძაბა.
  • წავედი მე რა… – ვთქვი.
  • სად წახვედი ო? დაიცა ვითამაშოთ. – მომაძახა დათომ.

დაახვიეთ მეთქი, ვფიქრობდი. თქვე ქაჯებო. კატო, შე ქაჯო. მგონი, სუნთქვასაც ვერ ვპატიობდი კატოს. მაგარი ეგოისტი ვარ.  აივანზე ავედი და თუფაქი ჩავრთე. მერე გამახსენდა რეპერებს რო ვერ ვიტან და ისევ ძაღლებს ვუსმენდი.

 

   *            *              *

 

დილაობით სოფელში მიყვარს შემწვარი კვერცხის სუნი. ბებიაჩემი თუ წვავს, ხო დავფრინავ, მარა სხვისი კვერცხის სუნიც მაგარია. ისე კარტოფილისაც წავა, მაგრამ კვერცხი თუა, უნდა დაიკიდო კარტოფილი. მაშინ ვინ წვავდა არ ვიცი, მარა ვსუნავდი, თვალები მქონდა დახუჭული და ვითომ  ბრაზილიაში ვიყავი. ეგეთი უკუღმართი ვარ. თუ მაგარი ხარ და გოგრაში ყველაფერი დალაგებული გაქ,  ბრაზილიაზე ყავის სუნმა უნდა გაგწიოს, მარა მე კვერცხის სუნი მაგდებდა. გინდა ბრაზილია ყოფილიყო და გინდა ბასკონია. მარტინა მინტეგი ბილბაო – მაია ბასკონია. ბებიაჩემი ვიღაცა დაქალთან იყო, პეტრუშკას აწერდა ბოსტნიდან. მაგიტო იყო სხვისი კვერცხი. ბებიაჩემი სხვისი ბოსტნიდან ჩვენ ტაფაზე კვერცხს ვერ შეწვავდა. ეგეთი მაგარი ბებიაც არ მყავს. ისე მაგარია. ლენინგრადშია ნამყოფი სქელი ნასკებით, მაგრამ ეგეთი მაგარიც არა.

  • ე, ვაჩე… – ჭინკას ხმა გავიგე.

გავიხედე და კატო მეძახის ღობიდან. თეთრი მაიკა ეცვა, ოღონდ კაბასავით და სხვა არაფერი. იმ მაიკაზე ეხატა კასპერი. დიდთავა ბავშვის ტრუპზე რომ იყო რაღაც მულტფილმი, ეგ კასპერი. მე მაგრად მიყვარს გოგოებს რო დიდი მაიკები აცვიათ და სამაჯურები უკეთიათ. სპეციალურად არ იზამდა, მაგრამ გაუმართლა. ალბათ ძალიან იღბლიანი გოგო იყო.

  • რა გინდა? – ვკითხე.
  • ერთიც მომე რა.
  • გადი და ისინი მოგცემენ პრიმას. თან ბევრს.
  • ვინ ისინი?
  • მესტნები.
  • ოოოო, კაი რა…
  • საკაიფო ტრუსიკია ისე.
  • რა ტრუსიკი?
  • ტრუსიკიანი დგახარ.
  • არ ვდგავარ ტრუსიკიანი.
  • თეორიულად ეგრეა.
  • ნაწყენი ხარ?
  • ნაწყენი რანაირად უნდა ვიყო, არ გიცნობ.
  • როგორ არ მიცნობ…
  • გადმო კაი. აქ მოგაწევიებ.
  • არა, მანდ ვერა.
  • არაა ბებიაჩემი სახლში, გადმო.
  • დაიფიცე.
  • ოოოო, კაი ნუ გადმოხვალ.
  • კაი ხო, მოვდივარ.
  • მაგ სეტკას ბოლომდე გაუყევი და დირკაა.
  • კაი.
  • ამო ეგრევე აივანზე.

ცალკე მხოლოდ იმ ღამეს მყავდა ნანახი. ასე ახლოსაც არასდროს მოსულა. მე ისევ ძირს ვეგდე და თავზე წამადგა. მზეზე მეფარებოდა, მაგრამ მეკიდა მზე. არ იყო მაღალი, მაგრამ ქვემოდან მაღალი ჩანდა. არც დაბალი იყო, მაგრამ ფეხზე რომ ავდექი დაბალი ჩანდა. ძალიან მაგარი სუნამო ესხა. კვერცხის სუნი დავივიწყე და ვცდილობდი შორს არ დამდგარიყო, სუნი რო არ წაერთმია.  შეიძლება არც იყო სუნამო. ზოგს თავისი სუნი აქვს. სულ თან დაჰყვება და ცხოვრებას უნგრევს. არ აქვს მნიშვნელობა ვარდის სურნელი აგდის თუ გოგირდის, მაინც ცხოვრებას გინგრევს. ყურადღებას გაქცევენ და იმიტომ. ბევრ ყურადღებას. ან დაგცინიან და შორს დგებიან, ან ისე ახლოს მოდიან, რო მაგიდის ქვეშ გინდა შეძვრომა. მაგრამ აღარ გიშვებენ და მერე ყველას მასე უნდა რომ მოგეკრას. ბოლოს იგუდები. სხვა რა არი ცხოვრების დანგრევა? გაგუდვა ხო არი? მე რო გავიგუდო, ჩათვალე, რო მორჩა ჩემი კინო.

  • დროზე მომეცი, თორე მოვა შენი ბებო. – მითხრა.
  • შენ რა გითხარი არ გახსოვს? გალიაკი მაქ. ნუ გამიხურე საქმე.
  • იყიდე მერე კიდე.
  • თოთხმეტის ვარ, ოე… რა ჩემი ფეხებით ვიყიდო? ერთ პაჩკას ვიზოგავ ერთი კვირა.
  • თოთხმეტის რო ხარ, საერთოდ რატო იმასშვები?
  • ფეხბურთზე არ დავდივარ და იმიტო.
  • მე მოგცემ ფულს, იყიდე, ოღონდ მეც მომაწევიე ხოლმე. ღამე შპილკებით მესროლე. ბებიაშენი რო არ იქნება ამოვალ.
  • საიდან მომცემ?
  • დასასვენებლად ვარ იდიოტო. გამომატანეს მინსკიდან.
  • საინდააან?
  • ბელარუსიაში ვცხოვრობთ ჩვენ.
  • ხო, მეც დასასვენებლად ვარ. მეც გამომატანეს თბილისიდან და ბებიაჩემს დაურეკეს, გამოართვიო.
  • შევალ რა იქ… – ოთახისკენ წავიდა.
  • რა გინდა იქ?
  • წიგნები დავინახე.
  • შედი ჰა.

 

 

 

1 2 3 4