ეგ წიგნები პაპაჩემმა იყიდა. მგონი კითხულობდა ხოლმე. მოფიქრება ხო უნდა? ადგე და ამდენი წიგნები იყიდო. ზოგი სამოციანებში იყო ნაყიდი, ზოგი ცოტა  მერე. ყველას პაპაჩემის სახელი ეწერა. რამდენიმეს პაპაჩემის მამის. ბეჭედი ჰქონდათ თავისი. სადღაც კიდე გდია ეგ ბეჭედი. მივახატებდი რაღაცეებს პაპაჩემის სახელს, მაგრამ კრასკა აღარ არი. მე ბავშვობიდან შეგდებული ვარ მაგ ბიბლიოთეკაში. ზოგს ძალით მაკითხებდნენ, ზოგი მართლა მევასებოდა. დონ კიხოტი ძალით წამაკითხეს. მგლის ბილიკი არ მევასა.  ის იყო ძაან მაგარი, ტრინიდად კუევას. მექსიკელ სოფლელებზე იყო. ომობდნენ რაღაცას. სუ რო გავიხე, რო მაგარი ნაკითხი ვარ, კატოს მოსვლამდე ეგ წიგნები მასე არ გამომდგომია არაფერში.  დაამუღამე, სახლში ვარ მარტო და მოვიდა კატო. როგორი ამბავია? ჩემ წიგნებს თითებს რომ უსვამს. მაგ წიგნებში რაც ნაშებია, ყველას შენსავით ვუყურებდი კატო. დასავით არა. არც ბოზივით. რაღაცა სხვანაირად. მე სხვანაირი ვარ.  წარმოიდგინე, სკამზე ვიჯექი და არსად გარბოდა. წიგნებს თირავდა და შემეძლო რამდენი ხანიც მინდოდა მეყურებინა. ცხვირი ჰქონდა პატარა, ნამდვილი ბელარუსიელივით და ის სუნი ასდიოდა. ქაშმირის. რა არი ქაშმირი? არც მე ვიცი. მარა ასდიოდა. მერე სულ ვეძებდი მაგ სუნს ძვირიანი სავაჭრო ცენტრების დიორებში, მაგრამ არ იყო. რო ყოფილიყო ვიშოვიდი ფულს. ჯერ უნდა მენახა. ისე რა აზრი ჰქონდა ფულის შოვნას. გოიმი კი არ ვარ.

  • კატო, ისე ვაბშე არ ხარ ბელარუსიელი. – ვუთხარი.
  • რატო არ ვარ?
  • შავი თმა გაქ.
  • შავი არაა, ყავისფერია.
  • მაინც არ ხარ ბელარუსიელი.
  • რა თქმა უნდა, არ ვარ.
  • კატუშა ბებოსთან ადრე ბიჭი მოდიოდა ხოლმე. კაკო ერქვა.
  • ჩემი ბიძაშვილია.
  • კაკოს ბიძაშვილი ხარ?
  • ხო, რა იყო?
  • ვძმაკაცობდით…
  • მერე რა? არ შეილება ძმაკაცის ბიძაშვილთან ერთად მოწევა? – დამცინა.
  • შეილება. შეყვარებულები ხო არ ვართ…
  • რო ვიყოთ რა?
  • არაფერი, ეგეც მკიდია.
  • ვიყოთ?
  • ესე ადვილად?
  • ხო. დიდები ხომ არ ვართ… შენ რომელი წიგნი მოგწონს?
  • აი, მანდ მაინ რიდებს ხო ხედავ? ყველაზე მუქი გამოიღე.
  • კვარტერონი. რა არი კვარტერონი?
  • ქალია ვიღაცა. არა, კვარტერონი სასტავია, როგორც ქართველები და ის ქალია კვარტერონი.
  • მათხოვებ?
  • შენი იყოს. ოღონდ ჩუმად იმასქენი. ბებიაჩემი თუ მოსულია, გამიხურებს.
  • რატო?
  • ეგ არ გაჩუქებდა და იმიტო.

 

 

   *            *              *

 

კატოს მამა რო ჩამოვიდა მაგრად ამერია მონასტერი. ეს ჩემთან ვეღარ გადმოდიოდა. ბიჭთან მარტო რომ მნახოს, არ შეიძლებაო. არადა, მაგრად ვერთობოდით ხოლმე. ვერ იყო თავის მატორზე. მომღერალი კი არა,  დიზაინერი ვარო, მეუბნებოდა. ერთხელ რაღაცა კაბა ჩაიცვა. მეფეების საყვარლებს რომ ეცვათ საფრანგეთში, ეგეთი. მე შავები ჩამაცვა. შავის მაიკა, შავი საროჩკა და შავი ელასტიკი. დედამიწაზე ვერავინ ჩამაცმევდა ელასტიკს კატოს გარდა. ბოლოს თავისი გამოჭრილი შავი მასკა გამიკეთა. მაქმანი იყო. ალბათ ძველი ტრუსიკიდან გამოჭრა. მგონი ლამაზები ვიყავით. ზორო და კეტრინზეტა ჯონსი. ის საღამოს გადავარჩნეთ ათასობით კალიფორნიელი.  ზოგჯერ ოთხი საათი ვიდექით დიდი სარკის წინ და სასაცილო სიფათებს ვკერავდით. შეიძლება, ძალიან სერიოზულიც იყო ჩვენი სიფათები, მაგრამ ვინმე რომ არ ხარ და იმის სახეს იღებ, მე მაინც სასაცილო მგონია. კატო პირველი ადამიანი იყო, ვინც მოვიდა და ჩემსავით მოახერხა წარბის ძალიან მაღლა აწევა.  იმ ზმანით ქუჩაში რო გავსულიყავით, ქვების სროლას დაგვიწყებდნენ. მარა ვახურებ. კატოს როგორც უნდოდა ისე გადიოდა ქუჩაში. მე ვიყავი მანდრაჟიკო. მამამისი მგონი ლოთობდა. სულ იგინებოდა. აგვისტო იყო, ოღონდ ბოლო დღეები. რუსები აღარ გვიშენდნენ. მაგ დროს დიდი მთვარეებია. მე სულ ვიცი როდისაა დიდი მთვარეები. ვუყურებ ხოლმე და იმიტო. სხვა მუღამი აქ მთვარის ყურებას. ტყეებიც ლამაზია, მთებიც და ზღვაც, მაგრამ მთვარე ტყესავით ლამაზი არაა. ტყე აქ როა, იცი. მთვარე იქ როა და აზრზე არ ხარ რა არი და ცხოვრებაში რომ ვერ მიხვალ, მაგიტო იმსახურებს ჩემს მოწიწებას. ჩემს მოწიწებას იმსახურებს გამჭვირვალე ღობეებიც, რომლებიც სინამდვილეში სულაც არაა ღობეები და არის სეტკები, როგორც სიმბოლური ბარიერები ეზოებს შორის. პაროლები გვქონდა მე და კატოს. მე უნდა დამეძახა „მერლინი“, იმას „მილანეზე“. ამეებს რომ ვიძახდით, მერე ღობესთან მივდიოდით. მამამისი აზრზე არ იყო. ჩვენ ღამე ვიძახდით ამეებს. მამას ეძინა ღამე.   არ ვიცი საიდან მოიგონა კატომ ეგ პაროლი. მე ადნაკლასნიკში რაც მეყენა, კატოსთანაც ეგ დავაყენე.

  • პლაკატი გაგიძრე. – ვუთხარი.
  • რა პლაკატი?
  • შენ რო გევასება. შერი. მაგის პლაკატია.
  • საიდან მოიტანე, რო შერი მევასება?
  • სულ მაგის სიმღერებს მღერი.
  • გეშლება. შერის არ ვმღერი!
  • კაი, აღარ მოგცემ პლაკატს. – გავბრაზდი.
  • ოოოო, მომე.
  • აბა რას გაიგიჟე თავი?
  • მომე, მომე. ვაუ, რა ლამაზია…
  • რა დაინახე? ღამეა.
  • დავინახე! მადლობა, დებილო. სეტკა რო არ იყოს ჩაგეხუტებოდი.
  • მოდი და ვითომ ჩამეხუტე. – ტუჩი გავდე სეტკაში.
  • მომინდომა…
  • მადლობის თქმა რო გინდა.. თორე, განა რამე…
  • კაი…

უცებ მაკოცა. ვერც გავიგე წესიერად. პროსტა მომადო ტუჩი. მარა მაინც დამერხა. პირველად სუ გერხევა ყველაფერზე. მესამე, მეოთხე და მერვე გიტრუხდება.

  • ეხლა თუ უნა შეგრცხვეს და აღარ მნახო, ეგრე არ მინდოდა… –  თავის მართლება დავიწყე.
  • არა, გნახავ ხოლმე.
  • იქ რას იყურები? აქ ვარ.
  • მთვარეს ვუყურებ.
  • მე რო წავალ მერე უყურე.
  • შენ რატო არ უყურებ?
  • ნანახი მაქ.
  • ეს მუსიკა იცი?
  • არაფერი არ ჩართო, გაიღვიძებენ შენები.
  • წყნარი მუსიკაა და ხმასაც ჩავუწევ. აბა მოუსმინე. იცი?
  • ვინ გადმოგიწერა?
  • კომპიდან გადმოვიწერე, მინსკში.
  • ბენგ-ბენგ რა არი?
  • შეყვარებულს უმღერის. თუ გამაბრაზებ, თავში ბენგ-ბენგო.
  • კაი, თქო. ეგ არაა შერი ხო?
  • ნწ. ნენსი სინატრაა. მოგეწონა?
  • კი.
  • ტყუილად არ მითხრა.
  • არა, კაია. მე ბანძობებზე ეგრევე ვამბობ.
  • აუ მამაჩემმა ბელარუსიიდან რაღაც შოკოლადი ჩამოიტანა. მოგიტან რა.
  • არ მინდა. აქ იყავი.
  • არა. გინდა. უნა მოგიტანო.

სახლში შევარდა და შუქი აანთო, შოკოლადი რო ეპოვა. შუქზე მამამისმა გაიღვიძა. ვეღარ გამოვიდოდა. აღარ ვიყვირე პაროლი.

 

 

 

1 2 3 4