აივანზე ვიჯექი. ოღონდ სკამზე არა,ბეტონზე. მეუბნებიან ხოლმე, გაცივდებიო, მაგრამ ტუფტა ლაპარაკია. მე სულ  ძირს ვგდივარ და მაინც არ ვცივდები. ძაღლებს ვუსმენდი და პაპიროზს ვეწეოდი ჩუმად. მაგრად ასწორებს სოფლებში ძაღლები ლაყუჩებს რომ იხევენ. ახლოს არ ვარგა. შორიდან რომ მოდის მაგათი ხმები ეგ მიყვარს. მერე ბევრ ძაღლს ვიყიდი. გავუშვებ, ირბენენ და წაიღებენ ყურებს ყეფით. მაგარი იქნება. თან სოფლელ ტიპებს გამოეკიდებიან და გავერთობი. ეგენი ბირჟაობდნენ ზევით, ტყის პირას და თავიდან მეც ავდიოდი ხოლმე. მერე აღარ მომწონდა მაგათთან და სახლში დავჯექი. დებილური ხუმრობები იცოდნენ. ზოგს ვერც ვიგებდი და ამაყობდნენ, ვათოხლეთო.  საღამოობით მარტო ყოფნა უფრო კარგი იყო. კავკასიონი დღისით ყველამ იცის, ღამე უნდა დააკვირდე და რამეს თუ დაინახავ, ეგაა მაგია. იმათ არ უყვარდათ ეგეთი ლაპარაკი. სუ ფეხებზე ეკიდათ კავკასიონი. მთელი ცხოვრება მაგას რო უყურებენ ალბათ მაგიტო.  მოსწონდათ, ნერვებს რო მიშლიდნენ.  ვერ ვიტან თეთრი ყვავი რო ვარ სასტავში და კიდე იმას ვერ ვიტან, მართალი რო ვარ, რო იციან, მართალი რო ვარ და მაინც მეუბნებიან, არ ხარო და თან გონებაჩლუნგებივით იცინიან.  მე სოფელში იმიტო მიშვებდნენ ხოლმე, ზაფხულში დროს არ გამაზავ და წიგნებს წაიკითხავო.  ესენი სულ აქ იყვნენ და არაფერს კითხულობდნენ. მოკლედ,  მე საყეფად გავუშვებ ჩემს ძაღლებს, მაგრამ იმათაც თუ დაურხევენ, ეგ იქნება ტორტზე მარწყვი თუ რაღაცა. რაც ადევს ხოლმე ტორტს.  ძაან ბედნიერი ვიყავი ჩემი მარტოობით. ეს ის მარტოობა არ იყო, რო გამოგაგდეს და გარიყული ხარ და დაგჩაგრეს. ეს იყო ის, რო თქვენი თავი არ მაქ და არც მინდა თქვენთან ერთად, თქვე ქაჯებო.  მერე ახლოს მოვიდნენ ძაღლები.ახლოს რო ყეფენ, ტვინი მტკივდება. მთვარიანი ღამე იყო. ათ მეტრში ყველაფერი ჩანდა და კენჭებს ვესროდი  აივნის დირკებს. თუ გაძვრებოდა, ვითომ გოლი შევაგდე. ზოგჯერ შტანგას  ხვდებოდა. მერე გადავაკეთე. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რო თუ გაძვრება ფლეისთეიშენ ორს მიყიდიან. ან, თუ გაძვრება პერუში წავალ სამოგზაუროდ. ეგ პერუ ატლასში ვნახე. ორი ძაან დიდი მთა იყო და შუაში ქვები ელაგა.  მეთქი, ეს არი სამოთხე. მერე დედაჩემმა მითხრა, ყაზბეგშიც ეგრეაო. არაა ეგრე.  პერუში მწვანე მთებია. ყაზბეგშიცაა მწვანე მთები, მაგრამ დაბლებია ეგენი. მოკლედ ვისვრი ამ კენჭებს და ვიღაცა უშტვენს. აქ ვიღაცა სულ უშტვენს. გავაგრძელე სროლა. მერე კიდე დაუშტვინა ვიღაცამ. კიდე ვისროლე კენჭი და ამ დროს,  მეც მომხვდა კენჭი. შემეშინდა. ვიღაცამ მითხრა,  სოფლებში ჭინკები იჩითებიან და ტიპებს ეგრე რაღაცეებს ესვრიანო. კენჭები ფეხებზე მკიდია,  ჭინკის და მონაზვნის ნასროლი ერთნაირად გტკივა, უბრალოდ ტიპის შემეშინდა. მურტალია ჭინკა. მახინჯი იქნება. რო დავინახავ გული გამისკდება და მოვკვდები.  დღისით მაინც მოსულიყო.

  • ე, ბიჭო… – ჩუმად თქვა ვიღაცამ საიდანღაც.
  • გააჯვი, არ მეშინია, გადაგიმტვრევ მუხლზე. – ვეუბნები.
  • რას გადამიმტვრევ, გაუბერე?
  • ვინ ხარ, ტო?
  • სად იყურები, ქვემოთ ვარ.

ქვემოთ ჩავიხედე. ღობიდან მელაპარაკებოდა ვიღაცა გაწეწილი სინიორინა. ეგრევე ვისქესე გოგო რო იყო და გამიხარდა. სოფელში ბიჭებს გრძელი თმა არ აქვთ. ისე, გოგო როა, ისედაც ხო გიხარია და თან ჭინკაც რო ყოფილიყო, გოგო ჭინკას უეჭველი მოვერეოდი.

  • რა გინდა? – ვეკითხები.
  • რა გქვია?
  • შენ რა გქვია?
  • კატო.
  • ვა, რა კაი როჟა ხარ კატო.
  • რატო ვარ?
  • რო არ მითხარი ჯერ მე გკითხეო და ეგრევე მითხარი სახელი.
  • და რა გქვია?
  • ვაჩე.
  • მხედავ?
  • ხო. ოღონდ ლამაზი ხარ თუ მახინჯი ვერ ვხვდები. მთვარის შუქი ეგრეც ვერ ქაჩავს.
  • ლამაზი ვარ.
  • ეგ დებილური ბაზარია. ყველა გოგო იძახის ლამაზი ვარო.
  • აქაური ხარ?
  • აქაური ბებიაშენია.
  • ხო ბებიაჩემი აქაურია.
  • კატუშა ბაბოს შვილიშვილი ხარ…
  • ხო. შენ ვისი შვილიშვილი ხარ?
  • გულნარასი.
  • მომე რა სიგარეტი.
  • რა სიგარეტი?
  • ფანჯრიდან დაგინახე რო ეწეოდი. მომე რა.
  • კატუშამ იცის რო ეწევი?
  • რო იცოდეს, ვიყიდდი ხოლმე, შენ კიარ გეტყოდი.
  • რო იყიდო, რაა რო?
  • ვერ დავმალავ სახლში.
  • აქედან რო ვისროლო ჩემ ეზოში დავარდება.
  • ჩამომიტანე და მომე ჩუმად.
  • ოუფ. მეშინია.
  • რისი?
  • იქნებ ჭინკა ხარ.
  • ოოოოო….
  • შპილკას მოვაბამ, მოიც.
  • მიდი.

 

ოთახში შევედი და შპილკა დავითრიე. თავზე მოვუჭირე სიგარეტს, რო არ გეტეხილიყო.

  • აჰა. ოღონდ რამდენი წლის ხარ?
  • თხუთმეტის.
  • რა დროს შენი ეგეთებია მერე?
  • შენ რამდენის ხარ?
  • თოთხმეტის.
  • მეკაიფები?
  • კაი ხო. აიღე აჰა… ოღონდ მეორედ არ მომადგე. გალიაკი მაქ ისედაც. კატუშას ვეტყვი იცოდე. – სიგარეტი ღობის იქით ვისროლე.
  • ნუ ბლატაობ. მასე მეც ვეტყვი გულნარას. – გაიცინა.
  • იცის გულნარამ.
  • არც გაატრაკო. – მითხრა და მოხია.

 

 

 

 

1 2 3 4